მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით

მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

- გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს.

ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშობლის ნება, მათი კეთილი განკარგულება. მათ ხანდაზმულობას ყოველნაირად გავუწევდით ანგარიშს, უდრტვინველად, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით მათ უძლურების ჟამს, ვილოცებდით მათი დღეგრძელობისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერებდით ლოცვას მათი ამ ქვეყნიდან გასვლისას.

აი, ასე უნდა ვეპყრობოდეთ მშობლებს. ჩვენ კი როგორ ვასრულებთ ამ მცნებას უფლისას? განა პატივსა ვცემთ მშობლებს? ჩვენს დროში „მოდაში აღარ არის“ მშობლების პატივისცემა. ახალგაზრდებს რცხვენიათ თანატოლების წრეში დედისა და მამის მოხსენიება მშობელბად და მათ უწოდებენ შეურაცხმყოფელ, მოსასმენად საძაგელ სიტყვებს: „წინაპრები“, „ბებრები“. თუ რომელიმე თქვენგანს, ვინც დღეს აღსარებისთვის მოსულა, ასეთი სიტყვა უწოდებია თავისი მშობელბისათვის, უფალს შესთხოვოს პატიება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ვისაც თავად ჰყავს ოჯახი, განა ის კი ცდილობს თავისი მშობლების უზრუნველყოფას? თუ თვლის, რომ მშობლებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა უზრუნველყონ თავიანთი შვილები?! ჩვენ კი არ ვითხოვთ, არამედ მოვითხოვთ მათგან, მართონ ჩვენი ოჯახური საქმენი, მოუარონ ჩვენს ბავშვებს, და ჩვენს პრეტენზიებს იმით ვამართლებთ, რომ „ჩვენ ვმუშაობთ, ისინი კი შინ სხედან“. ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა უარი თქვა იყოს ჩვენი მონა, ან მოგვემსახურა პირფერობის გარეშე, აღშფოთებასა და მრისხანებას დავანთხევთ თავზე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ მოხუცებული დედა ან მამა ავად გახდება, დიდი წუხილი და სასოწარკვეთილება გვეუფლება, მაგრამ არა მათი თანაგრძნობის გამო, არამედ საკუთარი თავის სიბრალულით. თუ ახლა ჩვენი მშობლები შინ სხედან, ეს ხომ მათი დამსახურებული დასვენებაა. მათ უკან მოიტოვეს ცხოვრების გრძელი გზა: თქვენი აღზრდა, ავადმყოფობა, შრომა, მძიმე დანაკარგები... თუ ახლა თავიანთი მშობლიური სიყვარულის გამო ხელს წაგვაშველებენ რამეში, ფეხები უნდა ვუკოცნოთ მათ. ჩვენ კი, ავსიტყვაობითა და წვრილმანი მითითებებით თავხედურად ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, გვაღიზიანებს მათი უძლურებანი, ხოლო თუ შენიშვნა მოგვცეს, ისე ვუპასუხებთ, რომ წყენითა და მწუხარებით ხშირად ტირილს იწყებენ.

უფალო, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ სრულიად დაგვიკარგავს შიში შენს წინაშე, უბრალო ადამიანური განსჯის საზომითაც კი გონდაკარგულნი ვართ. იქნებ ჩვენი დაუდევრობის გამო ისიც კი არ ვიცით, რომ შენ იმდენად გძაგს მშობლების უპატივცემულობის ცოდვა, რომ ძველ აღთქმაში ბრძანე, ქვით ჩაექოლათ ჩვენი მსგავსი უკეთურნი: „წყეულიც იყოს ყოველი, ვინც პატივს არ მიაგებს მამასა თვისსა და დედასა თვისსა“ (სჯულთა 27,16), ხოლო შემდეგ გვიკვირს, რატომ არ აეწყო მშვიდად და ბედნიერად ჩვენი ცხოვრება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მშობლების უპატივცემულობა განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის: უხეშად შევეპასუხებით მშობლებს, მივახლით საშინელ სიტყვებს და გავემართებით ეკლესიისაკენ ისე, რომ კარსაც კი გავიჯახუნებთ. რისთვის წავიდით ტაძარში? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას და მიიღებს ჩვენს შესაწირს? ნუ ვიტყუებთ თავს! ჩვენნაირებისგან ღმერთი არაფერს შეიწირავს. ერთ მაგალითს გიამბობთ ღირსი მამა ალექსანდრე სვირელის ცხოვრებიდან: წმ. სამების სახელობის ტაძრის კურთხევისას ღირსი მამა პარაკლისის შემდეგ მლოცველთაგან შესაწირს კრებდა ტაძრისათვის. ერთი გლეხი, სახელად გრიგორი, ცდილობდა შეეწირა რაიმე, მაგრამ ღირსმა მამამ არ მიიღო შესაწირავი. ორჯერ და სამჯერ სცადა გრიგორიმ შესაწირის ჩადება ეპიტრაქილში, მაგრამ გამჭრიახმა მღვდელმა ჯერ უსიტყვოდ მოიცილა მისი ხელი, შემდეგ უთხრა: „ხელი გიყარს. მაგ ხელით დედა გიცემია და ღმრთის რისხვა მოგიწევია შენს თავზე“ „რაღა ვქნა ახლა?“ - ჰკითხა გრიგორიმ. „წადი, გამოსთხოვე პატიება დედაშენს და აწი აღარ გაბედო მისი შეურაცხყოფა“.

ეს რჩევა გამოსადეგია ყველა შვილისთვის, რომლებმაც უხეში და მოურიდებელი საქციელით შეურაცხვეს თავიანთი მშობლები. გესმით? მშობლების შეურაცხყოფა არის უდიდესი უბედურება ჩვენთვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ვლოცულობთ კი გულმოდგინედ მათთვის, გავცემთ მოწყალებას მათ სახელზე, მოვიხსენიებთ მათ ეკლესიისგან დადგენილ დღეებში, დავდივართ საფლავებზე, ვუვლით მათ? არის თუ არა ჯვარი მათ საფლავებზე? შეინანეთ უფლის წინაშე, ვისაც გავიწყდებათ ამის გაკეთება, ან თავს იმართლებთ მოუცლელობით. არა, ეს დაკავებულობა კი არ არის, არამედ თავის შეუწუხებლობა გარდაცვლილ მშობლებზე ზრუნვით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

უფლის მეხუთე მცნების წინაშე ჩვენ ვცოდავთ ნათესავებთან გულგრილი დამოკიდებულებით. ქრისტიანთა შორის ხშირად გაიგონებთ ხოლმე ასეთ სიტყვებს: „რა არის ჩემთვის და, ან ძმა? იგი უცხოზე უფრო უარესია“. ჩვენ კი მშობლებზე ზრუნვის შემდგომ, უპირველეს ყოვლისა, ნათესავებზე ზრუნვა გვევალება. ეს ჩვენი სისხლისმიერი მოვალეობაა. ხშირად გამიგონია: „მათ ღმერთი არ სწამთ და მათთან საერთო არაფერი მინდა რომ მქონდეს“. მითუმეტეს გვმართებს მათთვის ზრუნვა, რათა ჩვენი მაგალითით, სიყვარულით, სიკეთით, კეთილგანწყობით აღვუძრათ მათ ინტერესი ქრისტიანობის მიმართ. ჩვენ კი, პირიქით, თავს ვიზღუდავთ მათგან და გავურბივართ, როგორც კეთროვნებს. აი, როგორი ქრისტიანები ვართ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ სახლში რძალი ან სიძე შემოგვივიდა, ჩვენ, ქრისტიანები, ვალდებულნი ვართ ჩვენი ოჯახის ახალ წევრებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით დავანახოთ, რას ნიშნავს ქრისტიანობა და რწმენა უფლისა. ზოგიერთი თავისი გიჟური ეჭვიანობით ახლად შექმნილ ოჯახში თესავს განხეთქილებას, რის გამოც, ღმერთმა დაგიფაროთ და, ინგრევა ოჯახები. შეინანეთ, ვინც ამაში ცოდვილნი ხართ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თუ ჩვენ თვითონ ვართ მშობლები, საკუთარ შვილთა მიმართ უყურადღებობის გამო ვცოდავთ უფლის მეხუთე მცნების წინაშე.

იმდენად თავკერძები გავხდით, რომ შვილის ყოლაც კი აღარ გვინდა, რათა თავი არ შევიწუხოთ მისი აღზრდით. ბევრი დედა შვილის აღზრდას სამსახურს ამჯობინებს და ივიწყებს მოციქულთა სიტყვას, რომ დედაკაცი ცხონდება შვილების აღზრდით. ჩვენ კი ავი საქციელით შვილებს ვასწავლით სიცრუეს, თვალთმაქცობას, სიზარმაცეს, უფროსის უპატივცემულობას და საშინელ სიტყვებს; ვაღიზიანებთ მათ უსამართლო შენიშვნებით და გარშემო მყოფთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით - ბავშვებს ხომ ასე გაფაქიზებული აქვთ სიმართლისა და სამართლიანობის გრძნობა. შემდეგ კი თვითონვე გვიკვირს, რატომ არ გაიზარდნენ ჩვენი შვილები ისეთები, როგორიც ჩვენ გვინდოდა.

გვეზარება შვილებისათვის ლოცვა, გვეზარება მათი ხშირი ტარება ტაძარში, ვწუწუნებთ, რომ ჩვენს უღმერთო საუკუნეში ძნელია ქრისტიანის აღზრდა. თუ ეს არ მოგწონთ, რატომ არ მიმართავთ მთავარს? აზიარეთ ბავშვი რაც შეიძლება ხშირად და გჯეროდეთ, რომ მისი სული ვერ დაივიწყებს უფალთან ხშირად მიახლებას.

მაგრამ აქაც შეიძლება წინააღმდეგობაში ჩავარდნა და სიკეთის ნაცვლად ზიანის მოტანა: როდესაც ბავშვი საზიარებლად მიგყავთ, უნდა შეაჩვიოთ კიდეც იგი ზიარების სიხარულითა და მოწიწებით მიღებას. არ შეიძლება ბავშვს უთხრა ასეთი მკერეხელური სიტყვები: „წამოდი, მღვდელი შენ გემრიელ რამეს მოგცემს“, არამედ უნდა უთხრათ: „წავიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს“. ჩააცვით ლამაზად, ამითაც შეუქმენით განსაკუთრებული განწყობილება. თუ შესაძლებელია, ბავშვი მარხული მიიყვანეთ ზიარებაზე. ყოველივე ამას თქვენი პატარა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ.

იმის გამო, რომ არ გვინდა როგორმე მოვთოკოთ ჩვენი ეგოიზმი, რასაც უგუნურად მშობლიურ სიყვარულს ვუწოდებთ, ხშირად ისევ ვანებივრებთ ბავშვებს, რომ მათგან ნამდვილ ეგოისტებს ვზრდით, ნამდვილ მომხმარებლებს, რომლებსაც არავითარი სურვილი არა აქვთ არც შრომისა, რათა თავი ირჩინონ და არც სწავლისა, რათა შეიშინონ სპეციალობა. უანგარიშოდ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია, რაც მოგვეპოვება, ხოლო შემდეგ, ხანდაზმულობისას, ისინი სახლიდან თუ გვერეკებიან, ბედს ვუჩივით. რატომ? ისინი ხომ თქვენ თვითონვე აღზარდეთ ეგოისტებად? მაშ, დაითმინეთ და შესთხოვეთ უფალს პატიება საკუთარი შვილების სულების აღზრდით დამახინჯებისათვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

იქნებ ზოგიერთმა თქვენგანმა მრისხანების მომენტში კიდევაც დაწყევლა თავისი შვილები? მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალოს ღმრთის გულისმოწყალების ძალით და არა ევნოს რა შვილებს.

თუ სულიერი მშობლები ვართ ვინმესი, ანუ ნათლობის საიდუმლოს თანაზიარნი, განა ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ნათლულის მიმართ? თუ მხოლოდ მონათლულის მშობლებთან უფრო მჭიდრო მეგობრული კავშირის დასამყარებლად ჩავიდინეთ ეს? ვეხმარებით თუ არა მშობლებს მათი შვილის აღზრდაში? ჩვენ ხომ ემბაზთან ფიცით უარვყავით, და განვაგდეთ ეშმაკი და განვუდექით ყოველთა საქმეთა მისთა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ საქმის ვითარება არ გვაძლევს უფლებას, მივიღოთ უშუალო მონაწილეობა ჩვენი ნათლულის აღზრდაში, ვალდებულები ვართ, ვილოცოთ მათთვის. მაგრამ ჩვენ არც ვლოცულობთ სათანადოდ და თუ ისინი ღმრთის გმობაში გაიზრდებიან, ან თუნდაც ურწმუნონი, ამაში მშობლებთან ერთად ჩვენც ვიქნებით დამნაშავენი.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

სამარის კარამდე კიდევ არის იმედი გამოსწორებისა. თუ დღესვე დავიწყებთ ფიქრს მთელი მონდომებით, რწმენით ვილოცებთ ჩვენი ნათლულებისათვის, ვინაიდან ჯერ კიდევ ვხედავთ მათ ლტოლვას ნეტარი მარადიულობისაკენ, მაშინ გვაპატიებს უფალი ჩვენს ადრინდელ ცოდვებს და დაუდევრობას.

ჩვენ ვცოდავთ უფლის მცნების წინაშე ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო. ამაში ყველანი ვართ დამნაშავე. უფროსობა ძალიან ძნელია. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენმა ხელმძღვანელმა „არაფრის კეთებისათვის“ მიიღო დიდი ხელფასი. სადაც არ უნდა იყოს უფროსი - მონასტერში, ციხეში თუ სახელმწიფო სამსახურში, ყველგან აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა არა მარტო მინდობილ საქმეებზე, არამედ თავისი თანამშრომლების მიმართაც. რა უფლება გვაქვს განვსაჯოთ მისი მოქცევა, როცა არაფერი ვიცით მისი საქმიანობის შესახებ?

მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება - ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც.

თუ ჩვენ ვკამათობთ, ვაღიზიანებთ უფროსებს ჩვენი ურჩობით და მით ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე, უფალმა მოგვიტევოს ჩვენ, რომელთაც არა გვსურს არავის მორჩილება ჩვენი უზომო ამპარტავნების, თვითნებობისა და ჭირვეულობის გამო. განა რომელიმე თქვეგანი, ვინც ახლა ღმრთისმსახურებაში მონაწილეობს - გალობს ან ფსალმუნს კითხულობს, არ სცოდავთ წინამძღვრის, ან მწირველი მღვდლის წინაშე? განა არ მიგიციათ უსარგებლო, ან უადგილო შენიშვნა წირვის დროს ვინმესთვის და ამით დაგირღვევიათ ტაძარში მყოფთათვის ლოცვის სიმყუდროვე, ან სულაც წირვის მსვლელობა? არ გაღიზიანებულხართ განა წინამძღვრის, რეგენტის, ან მოწესეს სამართლიან შენიშვნაზე? არ შეგიძლიათ განა ხელი კითხვისა, ან გალობისათვის? იქნებ რომელიმე თქვენგანი მართლაც გააჩუმეს მგალობლებს აყოლილი და ამით დიდად ატკინეს გული, ანდა პირიქით - ჯიუტად არ ემორჩილებოდით და ამით არღვევდით გალობისა და კითხვის მსვლელობას.

ვინც მორჩილებით და სიყვარულით მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, მუდამ უნდა ახსოვდეს ერთი რამ - თუ გინდა რაიმე სარგებლობა მიიღო და არ მოიწიო შენს თავზე უფლის რისხვა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა, დისციპლინის მკაცრად დაცვა, უფროსების უსიტყვო მორჩილება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღმრთისმსახურების მსვლელობის დარღვევა. საჭიროა მდაბლად შევუერთოთ ჩვენი დიდება და გალობა ღმრთისა ანგელოზთა ზეციურ გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია საერთოდ არ გავეკაროთ იმ ადგილს, სადაც კითხულობენ დავითნს. უმჯობესია სადმე კუთხეში მიყუჟულნი ვლოცულობდეთ. შეინანეთ, ვისაც თქვენი საქციელით დაგირღვევიათ ღმრთისმსახურების მსვლელობა.

6. თუ უფალმა რომელიმე ჩვენგანი დაადგინა უფროსად, ხომ არ სცოდავს დაუდევრობით, ან პირიქით - ზედმეტად მკაცრი შეფასებით? იქნებ ვალდებულებების გამო დაავიწყდა, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცეულია ცოცხალი ადამიანები ცოცხალი სულეთბი და რომ ჩვენთვის არავის მოუხსნია ვალდებულება იმისა, რომ ადამიანურად მოვექცეთ მათ. ეს კი განსაკუთრებით მოგვეთხოვება ჩვენ, ქრისტიანებს. ხომ არ აწყენინე რომელიმეს, ხომ არ გაიჩინე რჩეულნი, რომლებსაც ყველაფერს პატიობ, სხვებს კი არა. ხომ არ დებდით შარს რომელიმე თანამშრომელს?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

7. ჩვენ ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე იმით, რომ სათანადო პატივით არ ვექცევით ხანდაზმულებს: ჯან-ღონით აღსავსენი ვავიწროვებთ და ვჩაგრავთ უღონო მოხუცებს, თითქოს ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები იყვნენ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდ ქალაქებში. ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი სიცოცხლე შრომაში გაატარეს, საკუთარ ზურგზე გადაიტანეს სამამულო ომის ყველაზე დიდი და მძიმე საშინელებანი, შიმშილი, ნგრევა და სიბერეში სახელმწიფოსგან მიიღეს დამსახურებული შეღავათები, თურმე „ხელს უშლიან“ უფრო ახალგაზრდებს. „ეს რა ცხოვრებაა?!“ - ისმის დრტვინვა მაღაზიის რიგებში, „გააჭირეს საქმე ამ პენსიონრებმა, ვერ დაეტევიან სახლში? რას დაიარებიან მაღაზიებში და პოლიკლინიკებში“. თუ რომელიმე ჩვენგანს გაუბედავს და ამგვარი რამ უთქვამს ხმამაღლა, ხანდაზმულთა გასაგონად, თუ თქვენ ასეთი სასტიკი ცოდვა ჩაგიდენიათ, ჩაუფიქრდით იმას, რომ თქვენი ახალგაზრდობის წლები სწრაფად გაირბენენ, დაგიდგებათ სიბერე და უკვე თქვენ გეტყვით სხვა: - ხელს ნუ გვიშლი ცხოვრებაში!.. ასე რომ, შეინანეთ საკუთარი უგუნურება და სისასტიკე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

8. ჩვენ, განსაკუთრებით მონაზვნები, მონასტრებში ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე იმით, რომ კეთილისმყოფელთა მიმართ მადლიერნი არა ვართ. ახლა თითქმის ყველა მონასტერი ცხოვრობს კეთილი ნებით შემოწირულობების წყალობით. როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მათ, როგორ უნდა ვლოცულობდეთ მათთვის, ვისი შემონაწირნიც ჩვენი არსებობის ძირითადი წყაროა? რა ძალა ეწევა მათ მონასტრისკენ? რა, და ყოველდღიური ამაოებისაგან, უხეშობისაგან, სისასტიკისაგან თავის დაცვის, დასვენების, ლოცვაში გონების მოკრების, ტიპიკონით დადგენილი ლიტურგიის მოსმენის სურვილი. თუკი რომელიმე ჩვენი მწყალობელი ვერ იღებს სასურველ სიმშვიდეს, ეს ხომ ჩვენი ბარლია და მაშინ ვაი ჩვენ!

9. ჩვენ ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე იმითაც, რომ სათანადო პატივს არ მივაგებთ ჩვენი ეკლესიის მოძღვრებს და საკუთარ სულიერ მამებს. ამ მხრივ ისეთი თავისუფლება მივეცით ჩვენს ბოროტ ენებს, რომ არავის აღარ ვინდობთ, არც ყრმას, არც მოხუცს. იქნებ კურთხევასაც კი ვარიდებთ თავს და ზიარების მიღებას იმ მოძღვართა ხელიდან, რომლებიც ჩვენს უბადრუკ გონებას უღირსად ეჩვენება. არ ვასრულებთ სულიერი მოძღვრის რჩევებსა და დარიგებებს, ვაწამებთ მას ჩვენი შურით, ეჭვით და სხვა უკეთურებით. შეამოწმეთ თავი - ხომ არ ჩამოეფარა თქვენი საყვარელი სულიერი მოძღვრის გამოსახულება იესო ქრისტეს ხატს, ხომ არ დაგემართათ ასეთი უბედურება. შეინანეთ ასეთი დამოკიდებულება სულიერ მამასთან, ვიდრე თქვენი მდგომარეობა არ გადაზრდილა მძიმე სულიერ ავადმყოფობაში - ხიბლში.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

გაგრძელება...