პირველი ნეტარება: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ამით იწყება ნეტარების, ანუ ჭეშმარიტი ბედნიერების მცნებანი, არა მიწიერი, წამიერი, მოჩვენებითი ბედნიერებისა, რომელსაც ჩვენ მთელი სიცოცხლის მანძილზე უშედეგოდ დავდევთ, არამედ ჭეშმარიტი, სრული, მარადიული ნეტარებისა, რომლის დასაწყისი თავად უფალმა აუხსნა ყველა ქრისტიანს ელეონის მთაზე ქადაგებისას.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ - რას ნიშნავს სულით სიგლახაკე? ეს ნიშნავს „...სიმდაბლით ფიქრობდე საკუთარ სულიერ ღირსებაზე, დაიმდაბლო თავი და მიიჩნიო ცოდვილად. ეს ნიშნავს, გქონდეს სიამაყის, ამპრატავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თვისებები. რატომ ეკუთვნით მათ - სულით გლახაკებს სასუფეველი ცათა? იმიტომ, რომ მდაბალი სულითა ხედავს რა თავის უღირსებას, სავსებით მიეცემა უფლის ნებას ისე, რომ საკუთარ სულიერ ძალებს არ დაეყრდნობა და ამ მადლით მიეახლება კიდეც სასუფეველს“ (არქიმანდრიტ მიხეილის განმარტება მათეს სახარებისა).
მაშ რატომღა უგულებელვყოფთ გზას, რომელსაც სრულყოფილ სიხარულამდე მივყავართ?
ვიდრე უფლის მცნებათა წინაშე ჩადენილ შეცოდებათა ჩამოთვლას შევუდგებოდეთ, მინდა ერთხელ კიდევ აგიხსნათ, რომ „ადამიანს ბუნებით დაჰყვება მისწრაფება - თავის თავში აღმოაჩინოს და სრულყოს სულიერი ძალები, გაუთანაბრდეს სხვას, მოიპოვოს კარგი სახელი, პატივი, ქება, კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, როდესაც უბიძგებს ადამიანს გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფისაკენ. როდესაც ეს სურვილი მოიპოვება პატიოსანი გზით, მოიხმარება მართებულად, მაშინ კეთილი სახელიც სასარგებლოა საკუთრივ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სრულყოფისა და ბედნიერებისათვის. მაგრამ პირველქმნილი ცოდვით შერყვნილი ჩვენი ბუნება და თავმოყვარეობა ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას და საკუთარი პიროვნების გადამეტებული სიყვარულისა და პატივისცემის გამო იბადება სიამაყე, რომელიც სხვადასხვა სახით გამოვლინდება“ (ეპისკოპოსი პეტრე, მითითება ცხონების გზისკენ).
აი, ახლა თქვენ ყურადღებით ისმენთ ამ სიტყვებს და ფიქრობთ - ჩვენ ხომ ვთვლით თავს ცოდვილებად, ჩვენ ხომ თითქოს არაფერი გვაქვს საამაყო... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა მხოლოდ. სინამდვილეში თქვენ ისევე სცოდავდით გონებით ამპარტავნებით, როდესაც ღმერთს არა თვლიდით უზენაეს მეუფედ და ყველა სიკეთის წყაროდ. თქვენი კადნიერება და უგუნურება ღმერთის, სახარების, საეკლესიო საიდუმლოთა უარყოფამდეც კი მიდის. სცოდავდით, რადგან უფალს არ მიაგებდით სათანადო პატივს, ღმრთისმიერად არ აღიარებდით ყველა სიკეთეს, რაც კი ცხოვრებაში მიგიღიათ, არ მადლობდით უფალს თქვენდამი დიდი მოწყალებისათვის. სცოდავდით, როცა არ თვლიდით, რომ სავსებით მასზე ხართ დამოკიდებული, უწინარეს ყოვლისა, მას არ შესთხოვდით შველასა და შემწეობას, არამედ საკუთარ ძალებს ეყრდნობოდით, ხსნას ეძებდით კაცთა შორის და, შესაძლოა, გონებადაბინდული მიმართავდით მისნებსა და მკითხავებს.
საშინელი ცოდვაა უფლის დიდებულების შეურაცხყოფა - რაც ეშმაკისაკენ უშუალო პირის მიქცევაა. თუ თქვენს შორის ასეთები არიან, შეინანონ ეს ცოდვა მოძღვრის წინაშე.
სცოდავდით, როდესაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდით იმ მადლსა და კეთილდღეობას, რასაც უფლისაგან იღებდით, და უფალიც პირს მიიქცევდა თქვენი ამპარტავნებისაგან, რამეთუ სძაგს ყოველი ამპარტავანი (შდრ. იგავთა 16,50).
ღირსი მაკარი მეგვიპტელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „საკუთარი არარაობის შეგნების გამო სულით გლახაკი მარადჟამს იმყოფება უაღრესი სიმდაბლისა და გულის შემუსვრილობის მდგომარეობაში, საიდანაც სულიერი მზერით მარად ჭვრეტს თავის შინაგან წყლულებს“.
მაშინაც კი, როცა ცოდვილს ვუწოდებთ ჩვენს თავს და სინამდვილეშიც ასე ვფიქრობთ, ეს გრძნობა მაინც მეტად შორსაა თავმდაბლობისაგან, რადგანაც, ღირსი მამის - იოანე კიბისაღმწერლის თქმით, „გული მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვანი შეურაცხგყოფენ“. რომელი თქვენგანი დაიდებს გულზე ხელს და იტყვის, რომ სიხარულით მიიღო ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა? რის გამო ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს, წონასწორობას, ვვარდებით სასოწარკვეთილებაში და ისეთ მოშლილობამდე მივდივართ, რომ ავადაც კი ვხდებით? იმიტომ, რომ წმიდა თეოფანე განმანათლებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ამპარტავნება თითის დაკარებისთანავე გაჰკივის - „ტყავს მაძრობენ“-ო. ამიტომაც ვართ ასე წყენიები. კარგად რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ამგვარი ბუტიაობა პატივმოყვარეობისაგან მომდინარეობს. აი, თურმე სად ყოფილა ბოროტების ფესვი! ჩვენ, უფალო, პატივმოყვარენი ვართ, გვიყვარს მხოლოდ ქება, უკიდურეს შემთხვევაში კი უსიტყვო აღიარება ჩვენი მოჩვენებითი ღირსებებისა და მცირე შენიშვნასაც კი ვერ ვიტანთ თვით სულიერი მოძღვრისაგან (ან სამსახურში, უფროსისაგან). სახლში მშობლები ვერ აგვიტანია. არადა ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რომ ადამიანების პირით ჩვენს მანკიერებაზე მიგვითითებს.
ველით ქებასა და მოწონებას და როცა ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, ვკარგავთ სიმშვიდეს, ქედმაღლობის სენით შეპყრობილნი ვერ ვითმენთ სხვისი სრულყოფილების ხილვას. არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქედან მომდინარეობს უმძიმესი ცოდვა, ჩვენი სულის საშინელი კეთრი - განკითხვა.
უფალო, ჩვენ ყველანი ვართ ჩაფლულნი იმ ჭაობში, რასაც განკითხვა ჰქვია. ვინ და რისთვის აღარ განგვიკითხავს და ამით მიგვითვისებია შენი ძალაუფლება, დაგვივიწყებია შენგან ნაბრძანები: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მათე 7,1). ჩვენ ყველანი მოვითხოვთ განდიდებას, აღიარებას. როდესაც უფალმა თავის ერთ-ერთ მოწაფეს ეს სურვილი შეატყო, თქვა: „რომელსა უნებს თქუენ შორის დიდყოფაჲ, იყავნ თქვენდა მსახურ“ (მათე 20,26). გიფიქრიათ კი უფლის ამ სიტყვების შესახებ? გქონიათ კი სურვილი მსახურად დასდგომოდით თქვენს მოყვასს? უფალო, მოგვიტევე გარდამეტებული სიყვარული ჩვენი თავისა! ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნებოდა თქვენი ცხოვრება, თუ ამიერიდან წესად გაიხდიდით - თანაგეგრძნოთ მოყვასისთვის და შეძლებისდაგვარად დახმარებოდით მას, როგორც უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს.
გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და შეეცადეთ დღეიდან იცხოვროთ ისე, რომ თავი დაიმდაბლოთ მონის მდგომარეობამდე. როგორც უფალი ამბობს: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა“ (მთ. 20,27). თუკი ასე მოიქცევით სულის კარნახით, წმინდა გულით, უეჭველად იგრძნობთ სიმდაბლის სიხარულსა და ნეტარებას. აქამდე კი, უფალო, ჩვენ ვიშხამავდით ცხოვრებას ამპარტავნებითა და ბილწი ზრახვებით, რითაც განვეშორებოდით შენგან, კარს ვუხშობდით ჩვენი სულისკენ მოდენილ ღმრთიურ მადლს. ამიტომაც არ გვქონდა სიხარული, ბედნიერება, ნეტარება. იმავე სიამაყის წყალობით, ისე მძიმედ ვართ დაავადებული თავდაჯერებულობით, რომ ლოცვისას შენს კურთხევასაც კი არ ვითხოვთ მთელი დღის სწორად წარმართვისა და ღამის მშვიდობით გათენებისათვის. ვბედავთ ისეთი საქმის წამოწყებას, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება, შემდეგ კი ვკვნესით მისი სიმძიმის გამო.
თითქმის ყველა დასნეულებული ვართ ცნობისმოყვარეობით, სიახლისკენ სწრაფვით, პირფერობით, სიჯიუტით, კამათის სიყვარულით, დაუმორჩილებლობით, შურით, ეჭვით, ავსიტყვაობითა და უმადურობით.
ჩვენი ლოცვა და სხვა სულიერი ღვაწლიც კი სავსეა სიამაყით. ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: „თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთისთვის“. მაგალითად, ახლა მარხვაა. იქნებ ზოგიერთი თქვენგანი უფრო ხშირად დადის ტაძარში და შინაც მეტს ლოცულობს, იქნებ კეთილი საქმეც აღასრულა მოყვასისათვის, მაგრამ ერთხელ მაინც თუ მოსვლია აზრად, რომ ეს საქციელი დამსახურებაა ღმრთის წინაშე, ყველაფერი დაღუპულია, რამეთუ დანახვა და თვითშეფასება სულიერი ღვაწლისა არის გულისმიერი სიცრუე, სიბრმავე, ამპარტავნება. ეს თვითშეფასება ამცირებს ჩვენს სასოებას და ღმრთის წყალობის მოლოდინს. თითქოს ღმერთს ვეუბნებით: „მე გავისარჯე, ამიტომაც შემიწყალე“.
ღმერთს ყველაზე მეტად ეამება ჩვენგან შემდეგი - „უფალო, ვერ ვბედავ თავის აწევას, შემიწყალე დიდითა წყალობითა შენითა“. და წყალობა მით უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტია შემუსვრილება გულისა და სასოება ღმრთისა (ეპისკოპოსი გერმანე).
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივმოყვარეობა მოითხოვს ქებას და დიდებას ადამიანთაგან.
უფალმა გვიბრძანა საგულდაგულოდ დავფაროთ კეთილი საქმეები ადამიანთა თვალთაგან. თვით მოყვასის სიყვარულიც კი მსხვერპლად შევწიროთ ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანი სხვის დასანახად ირჯება, მაშინ ამ კეთილ საქმეს პატივმოყვარეობის იარაღად აქცევს და მკრეხელივით მოიწევს თავზე უფლის რისხვას, რამეთუ საქმე, რომელსაც კაცი უფლის სიყვარულით და მის სადიდებლად უნდა აღასრულებდეს, აღესრულება თვითგანდიდების მიზნით, რაც შეურაცხყოფს უფალს: გამოდის, რომ უფლის სამსახურს ვამჯობინეთ კაცის გულის მოგება, ხოლო ამქვეყნიური დიდება - უფლის დიდებას.
პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ-მეგობრებისა და ნათესავების წინაშე გამოფინო ნაირგვარი უსარგებლო ფუფუნების საგნები. თურმე რა შორს ვყოფილვართ სულიერი სიმდაბლისაგან!
თვალის ერთი გადავლებით ამდენი ცოდვა აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში, ახლა კი ნეტარების მეორე მცნებაზე გადავიდეთ.