მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეორე ნეტარება: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

ძალიან ძნელია ერისკაცისთვის ამ ნეტარების გაგება. იოანე ოქროპირის თქმით, იგი ეწინააღმდეგება მთელი კაცობრიობის თვალსაზრისს, რადგანაც ნეტარად ითვლება მხიარული, ხოლო მწუხარე და მოტირალი - უბედურად. უფალი კი სწორედ მათ უწოდებს ნეტარებს.

კაცი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ტიროდეს. ნეტარად ის კი არ ითვლება, ვინც მიწიერი სატკივრის გამო ტირის, ცრემლების მოგვრა უძლურ ბოღმასაც შეუძლია. განა იშვიათად დაღვრილა ამაოდ ცრემლები? ასეთი ცრემლი მავნებელია მოტირალისათვის, რადგანაც მოაქვს სულიერი და ხორციელი სიკვდილი. პავლე მოციქულის თქმით, „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7,10). ამქვეყნიურ საწუხარს ხშირად მივყავართ მომაკვდინებელ ცოდვამდე, სასოწარკვეთილებამდე - ნეტარება და ნუგეში მაშინ ეძლევა მგლოვიარეს, თუ იმის გამო ტირის, რომ არასრულყოფილად და უღირსად ემსახურება უფალს, იმსახურებს მის რისხვას.

მოდით, შევამოწმოთ საკუთარი გული და სინდისი:

1. ვტირით თუ არა იმის გამო, რომ განუწყვეტლივ შეურცხვყოფთ საკუთარ თავში უფლის ხატებას, რომ ყოველდღიურად ტალახით ვსვრით მას ჩვენი მიწიერი ვნებებით, ურწმუნოებით, სიამაყით, სიძულვილით, შურით, თავშეუკავებლობით, ლოთობით, რითაც უკიდურესაც განვარისხებთ შემოქმედს და ვაღიზიანებთ მის დიდ მოთმინებას.

2. ვიგლოვთ განა იმას, რომ ნათლისღების შემდეგ ვატარებთ მხოლოდ სახელს ქრისტიანისას და არ ვიცავთ მცნებებს, ვცხოვრობთ, როგორც მიწას მიჯაჭვული ურწმუნონი და არ ვფიქრობთ ზეცაზე, მომავალ ცხოვრებაზე (რომელსაც არა აქვს დასასრული), სიკვდილზე და იმაზე, რომ არა ვართ მზად უკანასკნელ და სამართლიან სამსაჯავროზე წარსადგომად პასუხისგებისათვის.

ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი ცხონების საქმეში, საერთოდ არ ვფიქრობთ ამის შესახებ.

3. ვტირით თუ არა იმაზე, რომ ჩვენი გული უფლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს? რამდენს ვლოცულობთ, ვინანიებთ, ვკითხულობთ, ვგალობთ, ვეზიარებით, ყოველივე ამას ხომ ქვის გულიც ცვილივით უნდა დაედნო, ჩვენ კი, უდებობის გამო უცვლელნი დავრჩით. განა ვტირით იმ მიზეზით, რომ არ შევწირავთ ღმერთს რწმენისა და სიყვარულის, სათნოებისა და სიმშვიდის, თავშეკავების, სიწმინდისა და უბიწოების, გულმოწყალების ნაყოფს?..

4. განა ვტირით, როდესაც ბიწიერი ზრახვები მოგვეძალება, ან შეგვიპყრობს სიამაყე, ბოღმა, შური, სიხარბე, სიძუნწე? ან როცა მტრისადმი ვგრძნობთ სიძულვილს, როცა გაგვიტაცებს ვნება ლოთობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და მომხვეჭელობისა, როცა გვიჩნდება წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა მშობლებისა და უფროსობის მიმართ?

არა გვაქვს, უფალო, მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო. მხოლოდ აღსარების ჟამს, როდესაც მოძღვარი ჩამოთვლის ცოდვებს, მცირეოდენი თუ გაგვახსენდება ჩვენი ბიწიერებიდან. დროსაც ვერ ვპოულობთ, რომ აღსარებისა და წმინდა ზიარებისათვის საგანგებოდ მოვემზადოთ, ვიფიქროთ იმაზე, რითი განვარისხეთ უფალი. იმის იმედად ვართ, რომ ცოდვებს ჩამოგვითვლის მოძღვარი, ჩვენ კი შევძახებთ: „ვცოდე!“ პირად მონანიებას კი ვერ ვახერხებთ.

სადღა არის მუდმივი გლოვა ცოდვათა გამო, როცა ზიარებისწინა ლოცვის წაკითხვაც კი გვეზარება, რათა სიტყვით მაინც შეეხოს ჩვენს გაქვავებულს გულს სინანულის ლოცვა, თქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარ ცოდვათა გამო უფლის წინაშე ცრემლის ღვრა. ეს რომ გაგვეკეთებინა, იქნებ გაღვიძებულიყო ჩვენი მთვლემარე სინდისი და განწყობილიყო გული მონანიებისათვის (აღარაფერს ვამბობ აღსარებისა და ზიარების წინ მარხვის დაცვის აუცილებლობაზე), მაგრამ არა, ყოველივე ეს ჩვენ მეტისმეტად ძნელი განსახორციელებელი გვგონია! თვით დავით წინასწარმეტყველი ასე იგლოვდა თავის ცოდვებს: „დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“ (ფს. 6,6).

5. არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამოც არ შეგვიძლია, არ გვინდა ტირილი. იმიტომ, რომ ცხონების მიმართ გულცივობა გვიბიძგებს ვეძიოთ არა ჭეშმარიტი, სრულყოფილი სიხარული, არმაედ ფუჭი გართობა. ვერთობით ბანქოს თამაშით, ტელევიზორით, კინოთი და თეატრით, უსარგებლო და გულისთქმის აღმძვრელი წიგნების კითხვით, თავშესაქცევი ამბებით, როკვით და ათასი სხვა სულის დამამცირებელი მხიარულებით. აი, როგორ შორსა ვართ ზნეობრივი სრულყოფის ამ მეორე საფეხურისაგან! სრულიად გვავიწყდება, რომ ვიმყოფებით „უფლის მრისხანე თვალთა წინაშე“, დავიარებით სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე, სადაც ყოველი მხრიდან თავს გვესხმის მაცდუნებელი ცოდვა, რითაც ბოროტი დაუნდობლად ღუპავს ძე-ღმრთისას სისხლით გამოსყიდულ სულებს, ყოველ წუთს გვემუქრება გეენის ცეცხლში მიტაცებით (ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი).

განა გვაქვს ახლა ჩვენ, ქრისტიანებს, დრო მხიარულებისა და სიცილისა? „სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც დადგება ჟამი ცოდვებზე გამარჯვებისა“ - ამბობს ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი.

გაგრძელება