მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეოთხე ნეტარება: ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარადიული წყარო კი - უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობისას ადამიანმა არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგანაც უხვად ჰქონდა ეს საზრდო. მისი ნაკლებობა კაცმა მაშინ იგრძნო, როდესაც ცოდვის გამო დაკარგა სიმართლე და მოსწყდა მის წყაროს - ღმერთს, რომელშიც ჰპოვებდა მარადიულ დაპურებას. სულმა, რომელმაც ცოდვის გამო დაკარგა მისთვის ჩვეული მდგომარეობა - სიმართლე, საზრდომოკლებულმა იგრძნო დანაკარგი და დაეუფლა შიმშილი, წყურვილი, მწუხარება, იწროობა.

ვინ არის ჩვენს შორის მართალი და ვინ არ განიცდის სულიერ შიმშილს?! მართალია შიმშილის განვიცდით, მაგრამ დანაყრებას არა ვჩქარობთ რადგან ეს გრძნობა ისევე დაგვეკარგა, როგორც ხორციელი შიმშილის შეგრძნება - სნეულებს. ჩვენ მძიმედ ვართ დასნეულებული ცოდვებით, დაბრმავებულნი ცრუ სიბრძნით, განუწყვეტელი ტკბობისმოყვარეობით, თავაშვებულობითა და ანგარებიანი ცხოვრებით. მუდმივად ვძალადობდით და საბოლოოდ, სავსებით ჩავახშეთ ჩვენში სინდისი. ასე უგრძნობელი მდგომარეობა სულისა არის ცოდვისმიერი სიკვდილი ადამიანისა, რომელიც დროებითიდან შეიძლება მარადიულში გადავიდეს.

ჩვენ სიმართლისათვის მკვდრები ვართ და საუბედუროდ, ვცოცხლობთ სიბნელისათვის! გულცივნი ვართ საკუთარი სულის საცხოენებელი საქმისათვის, რწმენის გაძლიერებისათვის. მაცხოვრის მცნება კი მოგვიწოდებს გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლე, ანუ გვქონდეს ძლიერი სურვილი - ვიყოთ მართალნი ღვთის წინაშე იმის რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გამომსყიდველი ამა ქვეყნისა. გვაქვს თუ არა ჩვენ სურვილი უმანკო ცხოვრებისა? განა მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისაკენ წარმართვას?

ჩვენი სულები მძიმედ, სასიკვდილოდ არის ავად, მაგრამ არ ვეძებთ საკურნებელ საშუალებას. იმასაც კი არ ვიღებთ, რასაც გვთავაზობს შვილების მოყვარული დედა ეკლესია, რომელსაც სურს, შეგვასვას საკურნებელი მადლი ღმრთისა!

როგორ ვზრუნავთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის! სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, ან რაიმე რეცეპტი გავიგეთ, სასწრაფოდ ამოვიწერთ, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის.

რამდენ თქვენგანს მიუმართავს მოძღვრისათვის რჩევის მისაღებად, თუ როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები! თქვენ იტყვით, რომ ახლა ნაკლებობაა სასულიერო ლიტერატურისა და აღარც გამოცდილი სულიერი მამები არიან, მაგრამ შინ ხომ ყოველ თქვენგანს აქვს მთავარი წიგნი - სახარება (ვისაც არა გაქვთ, ეს ხომ თქვენივე დაუდევრობის ნიშანია, ვინაიდან ახლა ურწმუნონიც კი ცდილობენ, შინ იქონიონ ბიბლია). ეს წიგნი ამომწურავ პასუხს შეიცავს ყველა კითხვაზე. განა ხშირად კითხულობთ მას? ჩვენ ხომ წმინდა წერილს მთელი წლის მანძილზე ხელს არ ვახლებთ. ეკლესიაში ყოველი წირვის დროს გთავაზობენ საცხონებელ საკითხავს, უსმენთ განა სასოებითა და ყურადღებით? არა! ჩვენ ამ მომენტს ლოცვაში ერთგვარ შესვენებად ვთვლით და დროს ვატარებთ საუბარში, რითაც ხელს ვუშლით იმათ, ვინც ყურს უგდებს ამ საკითხავს. ვისწრაფვით გავასწოროთ სანთლები, ანდა სულაც გარეგნულად სათნოებაშემოსილი ვდგავართ, მაგრამ ჩვენი ფიქრი, ვინც იცის, სად დაჰქრის.

ვინც თავისი სხეულის სილამაზეზე ზრუნავს და დღეს მოდადქცეული სპორტული ვარჯიშებით აღწევს სასურველ შედეგს, დააკვირდით მათ, როგორ არ იშურებენ ძალასა და დროს, უზღუდავენ თავს საკვებს. მკურანლობისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების ახალი ხერხიც კი მოიგონეს - ხანგრძლივი შიმშილი. ყოველივე ამას აკეთებენ ხორციელი, ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ანუ ხანმოკლე მიწიერი ცხოვრებისათვის.

ჩვენ კი, ქრისტიანები, გამოსყიდულნი მარადიული სიკვდილისაგან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ტანჯვით, არ ვზრუნავთ საკუთარი სულის ჯანმრთელობაზე, რომელმაც მარადიულად უნდა იცოცხლოს ან ღმერთთან - სამოთხეში, ან სატანასთან - ჯოჯოხეთში.

ღმრთისკენ მიმავალი გზა ლოცვაა. თუ სული ცოდვისაგან განიკურნება, იგი მიილტვის ლოცვისაკენ, ცდილობს ლოცვით შეუერთდეს ღმერთს. ჩვენ თითქმის არ ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, სახლში ლოცვაც კი უსიამოვნო ტვირთად გვაწევს. ყველაფრისთვის გვაქვს დრო, გარდა ლოცვისა. ეკლესია სულიერი გაჯანსაღებისათვის მაცხონებელ მარხვებს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვეძნელება მარხვის დაცვა და ვარღვევთ მას გემოთმოყვარეობისა და თავშეუკავებლობის გამო. რა მიზეზს აღარ ვიგონებთ, რომ დავარღვიოთ მარხვა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი კი ამბობდა, რომ „პურსა და წყალს, ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი“, მისგან არავინ მომკვდარა, ჩვენ კი, ათასნაირ ხრიკს ვიგონებთ, რათა თავიდან ავირიდოთ საკვების შეზღუდვა.

დღეს ვისღა ახსოვს სულიერი მარხვა, რაც ვნებათა ალაგმვას, თავდადების გაძლიერებას დ კეთილ საქმეთა გამრავლებას გულისხმობს. არაფერი ამის მსგავსი დღეს ჩვენ არა გვაქვს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ და გვიწყალობე შიმშილი და წყურვილი სიმართლისა აქ, მიწიერ ცხოვრებაში, რათა გულწრფელი მონანიებით განვაგდოთ ყოველგვარი სიცრუე და თავიდან ავიცილოთ საშინელი და სამართლიანი სამსაჯავრო შენი, რამეთუ „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“.

გაგრძელება