მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეშვიდე ნეტარება: ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, ანუ, უპირველეს ყოვლისა, უნდა სცადონ დარღვეული მშვიდობის აღდგენა, მომხდარი უთანხმოების შეწყვეტა. სხვისთვის მშიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში დაამაყარა მშვიდობა. სწორედ ამიტომ გვმართებს ქრისტიანებს ყოველი ძალით სულიერი მშვიდობის შენარჩუნება. რითი ირღვევა მშვიდობა გულისა? - ვნებებით! მათ შორის უპირველესია მრისხანება და სიკაპასე. მათ შესახებ ადრე უკვე ითქვა, და ახლაც გავიმეორებთ: სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად ვალდებულნი ვართ თავი იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ ვერაფერმა შეგვიშფოთოს სული. თუ ქრისტესმიერი ცხონების გზით სიარული გვსურს, ყოველგვარი მწუხარების, გინების, ცილისწამების, იწროების მიმართ გვმართებს ვიყოთ ყრუ, ბრმა და უგრძნობელი. ხოლო, თუ შეუძლებელია აუღელვებლად დათმენა განსაცდელისა, მაშინ ენას უნდა ამოვდოთ ლაგამი, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მიეწიფნეს საჴუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე“ (ფს. 76,5). სულის მშვიდობა რომ შეინარჩუნო, უნდა განდევნო დარდი და შეეცადო გქონდეს სული მხიარული. ზირაქის ბრძენი ვაჟი ამბობს: „მრავალი არს მოწყლული დარდისაგან, მაგრამ სარგებელი მათი არა რაჲ არს“ (ზირაქ. 30,25).

სულიერი მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველი ღონე იხმარო, რათა თავი აარიდო სხვის განკითხვას. მდუმარებითა და დათმობით მოიპოვებ სულიერ მშვიდობას. იქნებ რომელიმე თქვენგანს მოეჩვენოს, რომ ასეთი განწყობილება გულგრილობას ჰგავს. არა! გულგრილობა არის სიცივე გონებისა და გულისა, არის უკიდურესი ეგოიზმის გამოხატულება, არის ცოდვა მოყვასის სიყვარულის მცნების წინააღმდეგ, ხოლო ჭეშმარიტი მადლმოსილი მშვიდობა და გულის სიმშვიდე არის შედეგი ცეცხლოვანი და წმინდა სიყვარულისა, გვირგვინი ყოველგვარი ღვაწლისა და ვნებებთან ბრძოლისა! ვინც ჭეშმარიტ სულიერ მშვიდობას მოიხვეჭს, გულისტკივილს აპატიებს, მიუტევებს არა გულგრილობის გამო, არამედ ქრისტეს სახელით, იგი არ აღშფოთდება, დაითმენს ცილისწამებას და გინებას იმიტომ, რომ მოიხვეჭა ჭეშმარიტი სიმდაბლე, ვინაიდან სხვა კარიბჭე გულის სიმშვიდის მიღწევეისათვის არ არსებობს. „ძმანო, უკეთუ შეიყვარეთ მშვიდობა გულისა, სცადეთ შეაღწიოთ იქ სიმდაბლის კარიბჭით, სხვა კარი მას არა აქვს“ (ღირსი მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი).

იმავე მამა ნიკოდიმოსს აღწერილი აქვს კეთილზნეობათა მთელი სისტემა შინაგანი მშვიდობის მოსახვეჭად: სიმდაბლე, სინდისიერება, ვნებათა ალაგმვა, სიყვარულით დათმენა და სხვ. ახლა კი რისი თქმა შეგვიძლია უფლისათვის? განა ვცდილობდით, ყველა ეს კეთილზნეობა გაგვეძლიერებინა და დაგვეცვა ჩვენს გულში? არა! ჩვენ არც კი გვიფიქრია ამის შესახებ და ვცხოვრობთ ისე, როგორც მიედინება ჩვენი ცხოვრების მდინარე - აულაგმავი ვნებების კარნახით, ავი ძალის მცნებათა მიხედვით და თავსაც ვიმართლებთ, რომ ჩვენ ასეთი ხასიათი, ასეთი ტემპერამენტი გვაქვს, სხვანაირად არ შეგვიძლია და რა ვქნათ. წუთითაც კი არ ვფიქრობთ ჩვენს სავალალო ხვედრზე, ყურადღებას არ ვაქცევთ წმინდა მოციქულის სიტყვებს: „თჳნიერ მშჳდობისა ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12,14). ჩვენთვის, ვინც უწესრიგო ცხოვრებას ეწევა, ეს ხომ საშინელი სიტყვებია. წმინდა მამები თავიანთ ცხოვრებას ცხონებისკენ მიმართავდნენ მოყვასის დიდი სიყვარულის სახელით და ამ სიყვარულით ცდილობდნენ ცხონების გზის გავლას. მათ გვიანდერძეს მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტლად ვიშრომოთ გულის მშვიდობის დაცვისათვის. უფალო, ჩვენ ისე გულგრილნი და უდარდელნი ვართ საკუთარი სულის ცხონების საქმეში! მოგვიტევე ჩვენ, შეგვეწიე, რათა დავუდოთ სათავე სულიერ ცხოვრებას! რა საშინელია ამ სიტყვების გაგონება, როცა ცხოვრების გზა დასასრულს უახლოვდება და ამდენი ძვირფასი დროა უდარდელად გაფლანგული! მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, უფალო, რომელნიც მეათერთმეტე ჟამს მოვსულვართ შენს წინაშე არმომხვეჭელნი განვლილი წლების კეთილთა ნაყოფთა, ვისაც შესაწირავად ოდენ მონანიება მოუტანია!

საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის აღდგენის გარეშე, ღმერთთან შერიგების გარეშე, ცხონება შეუძლებელია. პავლე მოციქული ამის შესახებ ამბობს: „რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინ“ (კოლას. 1,19-20).

ჩვენს ეპოქას განსაკუთრებით ახასიათებს ადამიანთა შორის გაუცხოება, გულითადი კავშირების გაწყვეტა, უერთიერთნდობისა და გულწრფელი, კეთილგანწყობილი ლტოლვის დაკარგვა. თვით ოჯახის წევრებს შორისაც კი შეიმჩნევა განცალკევების, გამიჯვნის, საკუთარი კუთხის ქონების სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ოჯახის თითოეულ წევრს არ მოეპოვება შინაგანი ჰარმონია, რათა ამ შინაგანი მშვიდობის საფუძველზე ეძიოს და აშენოს სამყარო თავის ახლობლებთან და საერთოდ, სხვა ადამაინებთან ერთად. მხოლოდ მაშინ აღდგება ადამიანის გულში შინაგანი მშვიდობა, როდესაც ადამიანები იესო ქრსიტეში გაერთიანდებიან. ეს კავშირი გამოიხატება სიტყვის, სულისა და აზრის ერთობაში: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაჲ, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორინ. 1,10).

რითი ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდა. ნამცეციც კი არ მოგვეპოვება თავმდაბლობისა, მოკრძალებისა. სხვისი თითქმის ყველაფერი გვშურს: სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება და ამიტომაც ვცდილობთ მათი დამსახურების ჩრდილის მიყენებას, ცილისწამებას. ეს რაღა მშვიდობისყოფაა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

თანხმობისა და მშვიდობის რღვევის შემდეგი მიზეზია ძალაუფლების, სხვისი დამოძღვრის სურვილი. რომელი ჩვენგანია თავისუფალი ამ ცოდვისაგან? და რაოდენ გაღიზიანებას იწვევს ხოლმე ჩვენს მიმართ ყოველივე ეს! ახალ არავის უნდა სხვისი მორჩილება, დათმობა, ყურისგდება. ეს შვილებსაც ეხება მშობლების მიმართ და სამსახურში ხელმძღვანელობასაც. ჩვენ ყველგან საგანგებოდ ჭირვეულნი და ამპარტავანნი ვჩნდებით.

მშვიდობის კიდევ ერთი მტერია ანგარება, ანუ საკუთარი გამორჩენისთვის ზრუნვა. რომელი ჩვენგანი იტყვის, რომ მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ძმური სიყვარულის სახელით შეუძლია უარი თქვას საკუთარ კეთილდღეობასა და სარგებლობაზე? ჩვენ ხომ მზადა ვართ ყელი გამოვღადროთ ყველას, ვინც ჩვენს საკუთრებას რამენაირად ხელყოფს.

თუ მშვიდობა როგორღაც დარღვეულია, მაშინ ძმური სიყვარული მოითხოვს უთანხმოების ნაპერწკლის სასწრაფოდ ჩაქრობას. თუ ჩვენ მივეცით მიზეზი ვისმეს შეურაცხყოფისათვის, სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ ჩვენი განზრახვა და საქციელის მოტივი, რომელიც მას თურმე მცდარად ჰქონია გაგებული, ხოლო თუ ვინმე მართლაც დაზარალდა, ან შეურაცხყოფილია, მაშინ მდაბლად უნდა შევთხოვოთ პატიება და ავუნაზღაუროთ ზარალი. თუ კი ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს მაწუხებელს მივცეთ შერიგების შესაძლებლობა. როცა მაწუხებელი ჩვენი შერიგებას გვთხოვს, სასწრაფოდ უნდა დავეთანხმოთ და მივუტევოთ. ზოგჯერ ორმხრივი კეთილდღეობისათვის უფრო სასარგებლოც კი იქნება, რომ დაზარალებულმა მხარემ ითხოვოს შერიგება, რამეთუ შეურაცხმყოფელი, თავისი სასტიკი ხასიათის გამო, არ ზრუნავს ამაზე. განა ასე ვიქცევით ახლობლებთნ ურთიერთობისას? არა! ჩვენ განუწყვეტლივ ვიღაცას ვაწყენინებთ, შემდეგ კი თვითონვე ვიბუტებით, ვჯავრობთ, არ ვურიგდებით. ერთი შეხედეთ თქვენს თავს, როგორები ხართ - მუდმივად მოჩხუბრები, უნდობელნი. განა თქვენი პორტრეტი არ დახატა წმინდა მამა გრიგოლ ნოსელმა: „ისინი ერთმანეთს წარბშეკრულნი ხვდებიან, არ კადრულობენ, ბაგენი მათნი უტყვია, მზერა - არიდებული, ერთის ყურთასემან დახშულია მეორის სიტყვების შესასმენად. ყოველივე, რაც ერთს ეამება, საძულველია მეორისათვის და პირიქით, - რაც ერთს ეჯავრება, მოსწონს მეორეს“.

სამარცხვინოა საკუთარი თავის დანახვა უცხოს თვალით. იმასაც კი ვეღარ ვგრძნობთ, რომ მუდმივ უთანხმოებასა და ჩხუბში ყოფნამ თანდათანობით უფრო უგრძნობელი, ცივი, ავი, ველური და მძვინვარე გაგვხადა, არაფერი ქრისტიანული არ დატოვა ჩვენში. აი, სწორედ ჩვენს შესახებ უთქვამს პავლე მოციქულს: „რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისთჳს და სულსა ხორცთათჳს და ესენი მჴდომ არიან ურთიერთას, რაჲთა არა, რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ“ (გალატ. 5,17). როდესმე წინ დაგვხვდება ნაყოფი ჩვენი მიწიერი მტრობისა და შევძრწუნდებით! უფალს მშვიდობისმყოფელნი ვუნდივართ, ხოლო ჩვენ ვჩხუბობთ. უფალს ქვეყნის მაშენებელი, ჩვენ კი მას ვანგრევთ, იქაც კი, სადაც მისი სამკვიდროა, ბოროტი ჭორებითა და სიცრუით ვანადგურებთ ყოველივე ამას.

„უფალი მთლიანად აღმოფხვრის და ანადგურებს ყოველივეს, რაც არაბუნებრივია და სიკეთის მტერი. იმასვე უქადაგებს იგი თითოეულს, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩააქროს საკუთარ თავში სიძულვილის კოცონი, შეტყვიტოს მტრობა, სამაგიეროს მიგება, უნდა მოსპოს ჩხუბი, განდევნოს პირფერობა და სანაცვლოდ დაიმკვიდროს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მადლმოსილება, დიდსულოვნება... სიკეთეთა მთელი კრებული!

უფალი იმიტომაც უწოდებს მშვიდობისმყოფელს ძეს ღვთისას, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის ასეთი სიმშვიდის მომტანი ხდება ჭეშმარიტი ღმერთის მიმბაძველი“ (გრიგოლ ნოსელი).

თუკი გაბოროტება და შფოთი ვლინდება ქრისტეს მორწმუნეთა შორის, თუ ისინი სასტიკად ექცევიან ერთიმეორეს, წარმოიდგინეთ რამხელა შეურაცხყოფას ვაყენებთ ქრისტეს სახელს. ხშირად გსმენიათ ალბათ, ურწმუნოთაგან თქმული: ერთი შეხედეთ, ღმერთი სწამთ, მარხვას ინახავენ, ეკლესიიდან არ გამოდიან და მაინც როგორ ცხოვრობენ - ჩხუბობენ, განიკითხავენ, მტრობენ ერთმანეთს, ხოლო ჩვენ ადამიანებადაც კი არ გვთვლიან!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, დაგვიმშვიდე ცხოვრება, მოგვანიჭე სიყვარული, რომელიც დასძლევს ყოველ წინააღმდეგობას. დაე, ამ სიტყვების მორჩილება - ეძიე მშვიდობა და ისწრაფე მისკენ - იმარჯვებდეს ყოველგვარ განხეთქილებაზე, რომელიც გვიშხამავს ცხოვრებასა და გულს. „ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშჳდობისაჲ იყავნ თქვენ თანა“ (2 კორინ. 13,11).

გაგრძელება