სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის

წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი

(გაგრძელება - 3)

ფილოფეი სინაელი

1. მოღვაწეს შეჰფერის რათა თავის მიზანს მთელი გონებით შეუდგეს. როგორც მარგალიტი ანუ ძვირფასი ქვა, ასევე დაიუნჯოს გულში ღვთის ხსოვნა. ამისთვის საჭიროა საკუთარი სხეულის უარყოფა, და ჭვრეტა ნამდვილი ცხოვრებისა, რომ მხოლოდ ღვთისათვის იყოს ადგილი მის გულში.

2. დილიდანვე ვაჟკაცურად და სიფხიზლით ვიდგეთ გულის კარებთან, მტკიცე ღვთის ხსოვნით და უწყვეტი იესო ქრისტეს ლოცვით სულში და ასე გონებრივი თავდაცვით გავანადგუროთ ყოველი მიწიერი ცოდვანი, ე.ი. მტკიცე, გაძლიერებული და აღტაცებული ღვთის ხსოვნით და უწყვეტი იესო ქრისტეს ლოცვით სულში, განვგმიროთ ძლიერთა თავები და ჩვენზე აღმდგარი აზრების ბრძოლები ღვთის გულისათვის.

3. სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი აგრეთვე იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განწმედს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებს უვნებოდ. ის კიდევ ჰგავს ნათელ სარკმელს, რომლიდანაც ღმერთი გვეცხადება ჩვენ.

4. სადაც სიმდაბლეა, ღვთის ხსოვნა სიფხიზლით და ყურადღებით და ხშირი ლოცვა მტრის წინააღმდეგ მიმართული, იქ არის ღმერთი ანუ გულისხმიერი ცა, რომელშიც მტრის ძალებს არ შეუძლიათ შესვლა, რადგან იქ ღმერთი განისვენებს.

5. პირველი კარები, რომელსაც ახალ იერუსალიმში შევყავართ, გონების ყურადღებაა და ბაგეების მოთმინებით მდუმარება, როცა გონება ჯერ კიდევ არ არის დამშვიდებული. მეორე, ზომიერი თავშეკავება, ჭამა-სმასა და ძილში. მესამე გონებისა და სხეულის განმწმენდელი, უწყვეტი ხსოვნა და ფიქრი სიკვდილზე. მეოთხე ღვთის ხსოვნის სიტკბო. გულისმიერი ზიზღი (ყოველივე ცოდვისმიერისადმი) ყოველთვის ანადგურებს ყოველგვარ მასზე აღმდგარ აზრებს, სხვადასხვაგვარ შთაგონებებს, სიტყვასა და ოცნებას, გამოსახულებებს და ყველაფერს, რითაც იარაღდება ყოვლის მომსვრელი მტერი, რომელიც დასაღუპავად ეძებს ჩვენს სულებს. იესო, რომელსაც ჩენ მოვუწოდებთ, მათ ადვილად ფერფლავს და ანადგურებს, რამეთუ სხვაში არავისში არ გვაქვს ჩვენ შველა გარდა იესო ქრისტესა. სწორედ ეს გვითხრა მაცხოვარმა მეტყველმა: „ჩემს გარეშე არ შეგიძლიათ ქმნა არც ერთი“.

6. ყოველ დროს, ყოველ წამს დაიცავი გული აზრებისაგან, რომელნიც არიან სულიერი სარკის დამლაქავებელნი, რაზედაც მხოლოდ იესო ქრისტე უნდა გამოისახებოდეს, რომელიც არის სიბრძნე მამა ღმერთისა მუდამ უნდა ვეძებოთ ჩვენში ცათა სასუფეველი და აუცილებლად მოვიპოვებთ მას საიდუმლოდ გონების თვალების განნმენდით. ამისათვის თქვა უფალმა: „ცათა სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“, გულისხმობდა რა გულში ღვთაების არსებობას.

7. შინაგანი ბრძოლის დროს ასე მოიქეცი: სიფხიზლით ილოცე და სიფხიზლე გააძლიერებს ლოცვას და ლოცვა სიფხიზლეს. სიფხიზლე, რომელიც შეუწყვეტლად დაჰყურებს ყველაფერს ჩვენში, ხედავს მტრებს, რომლებიც შიგ შემოსვლას ცდილობენ და გზას უღობავს მათ თავისი ძალით და თან მოუწოდებს საშველად უფალ იესო ქრისტეს, რათა მან განდევნოს ეს მზაკვარი მომხდურნი. ამავე დროს ყურადღება ახშობს შესასვლელს წინააღდგომით, ხოლო მოწოდებული იესო განდევნის დემონებს თავიანთი ოცნებებითურთ.

8. ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინ აღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი მე შენთან ვარ რათა მოგეშველო, მაგრამ შენ, მას შემდეგ როცა ლოცვით დაამდაბლებ მტრებს, ისევ გააგრძელე გონების დაცვა და აი ისევ ახალი ტალღები წინანდელზე უფრო ბევრი, ერთი მეორეზე მომავალი ისე, რომ თითქოს სული უკვე იძირება და სადაცაა დაიღუპება. მაგრამ იესო, რომელიც მოწაფეებმა გააღვიძეს, როგორც ღმერთი შეჰრისხავს ბოროტ ქარებს და ისინი წყნარდებიან. შენ კი მტრების თავდასხმისაგან გადარჩენილმა ადიდე შენი მშველელი და ჩაღრმავდი სიკვდილზე ფიქრში.

9. მთელი გულითადი ყურადღებით, სულიერი გრძნობით იარე ლოცვის გზაზე და მუდმივი ასეთი საქმიანობით გადაიქცევა ის ცეცხლოვან ბორბლად, რომელსაც ცაში აჰყავს მისი მოქმედი. მას, რომელიც განმტკიცდა სიფხიზლეში, სუფთა გული გადაექცევა სულიერ ცად თავისი მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ასეთი გადაიქცევა დაუტევნელი ღმრთის დამტევნელად, მის საიდუმლოთა მხედველად და აღმტაცებლად.

თეოლიპტე მიტროპოლიტი

1. მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.

2. თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას - სახლს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.

3. თოვლზე აღბეჭდილი ნაფეხური ან მზისაგან დადნება ან წყალი შეუდგება და გაქრება. ასევე ნადგურდება ჩვენს გულში ხსოვნა წარსული ხორცის დამატკბობელი საქმეებისა, ჩვენში გაბრწყინებული ქრისტეს მადლით და სინანულის ცრემლთა წვიმით.

4. გონივრულად შესრულებული ხშირი მხურვალე ლოცვები გვავიწყებს წარსულ საქმეებს. სულის განათლება ღვთის ხსოვნით და შემუსვრილი გულით ანადგურებს უკეთურ ხსოვნებს.

5. გარეგნულად განმარტოებულმა შეეცადე შეაღწიო შენს შინაგან ციხესიმაგრეში, რომელიც არის ქრისტეს სახლი, სადაც მუდამ მშვიდობა, მხიარულება და სიწყნარეა. სულიერი მზე - ქრისტე სხვადასხვა ნიჭებს, როგორც სხივებს, ჩვენსკენ აგზავნის, აწვდის სულს, რომელიც მას რწმენითა და სათნოებით ღებულობს.

6. ღვთის ხსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომელიც მიიზიდავს ხედვასა და გონების სურვილს. ღვთისაკენ მიქცეული გონება, მას შემდეგ რაც წარმოუდგება მას ყოველგეარი წარმოსახვები არსებული სხეულებისა, ჭვრეტს ღმერთს უჩინრად.

7. ლოცვა არის გონებრივი საუბარი ღმერთთან ლოცვითი სიტყვების გამოთქმითა და თანადროული სწრაფვით გონებით ღვთისაკენ. როცა აზრი ხშირად გამოთქვამს უფლის სახელს და გონება ცხადად უყურებს (აყურადებს) ღვთის სახელის მოწოდებას, მაშინ ღვთაებრივი ნათელი, როგორც მბრწყინავი ღრუბელი, ანათებს მთელს სულს.

8. მერწმუნე, ჭეშმარიტად გეუბნები, თუკი შენ ყოველგვარი საქმიანობისას გექნება მოუკლებელი ლოცვა, რომელიც არის დედა ყოველგვარი სათნოებისა, ის არ შეგარცხვენს და გაგიხსნის ბჭეს სასახლეში შემავალს და მოგცემს გამოუთქმელ დიდებას და მხიარულებას ის გადალახავს ყოველგვარ წინააღმდეგობას სათნოებების შეძენის გზაზე და გახდის მას სასურველად მძებნელისათვის.

9. გონებრივი გზით მავალმა იკითხე ლოცვითი სიტყვები და ისაუბრე უფალთან მთელი გულით მღაღადებელი, მოუკლებლად მლოცველი მოურიდებელი ქვრივის მსგავსად, რომელიც ევედრებოდა გულქვა მოსამართლეს. მაშინ შენ სულიერად დადიხარ და ხორცის შფოთვას ყურადღებას არ აქცევ, ქვეყნიური აზრებით არ ჰკვეთ ლოცვის უწყვეტობას და იქცევი ღვთის ტაძრად, სადაც წყნარად უგალობენ უფალს. ასევე გონებრივი ლოცვით დაეჩვევი ღვთის უწყვეტ ხსენებას, შეხვალ შეუღწეველ გონების საგანძურში, საიდუმლო ხილვებით განჭვრეტ უხილავს, მხოლოდ ღვთისთვის მსახურებით და მხოლოდ შენთვის ცნობილი უსაზღვრო სიყვარულის განცდით.

ბარსანოფი და იოანე

1. ღვთის სახელის მოწოდებით მტრები სუსტდებიან, ხოლო ამის მცოდნენი არ დავსცხრებით, რათა მივიღოთ შეწევნა ღვთისაგან. ეს არის ლოცვა. წმიდა წერილი კი ამბობს: „მოუკლებლად ილოცვიდეთ“.

2. გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: „დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად“. მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებს დახურავს და ლოცულობს ღმერთზე თავის გულში, ის აღასრულებს აღნიშნულ მცნებას.

3. შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ევედრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.

4. უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე შემოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ეს როგორ ხდება, ასევე ჩვენგან მოწოდებული უფლის სახელი მოაკვდინებს ვნებებს, თუმცა კი არ ვიცით ყოველივე როგორ ხდება.

5. უფალმა თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. ევედრე ყოვლად კეთილ უფალს და გამოგიგზავნის შენ სულიწმიდას მანუგეშებლად და როცა ის მოვა, გასწავლის ყველაფერს და გადაგიშლის ყველა საიდუმლოებებს. ის იყოლიე შენ მეგზურად და არ დაუშვებს გულში ხიბლსა და გონებაგაფანტულობას, არ შეუშვებს გონებაში მოწყინებას, სიზარმაცესა და თვლემას; თვალებს დაგიწმენდს, გულს გაგიმაგრებს, გონებას აღგიმაღლებს. მას ერწმუნე, მას მიეკარი, მხოლოდ ის შეიყვარე.

6. როცა ხედავ, რომ მტრის ეშმაკობა გიშლის ლოცვას, არ შეეწინააღმდეგო სხვაგვარად, შეეცადე მოუწოდო უფალს, ის შეგეწევა და გაანადგურებს მტრის მზაკვრობას.

7. სრულყოფილი ლოცვა არის საუბარი ღმერთთან გონების გაუფანტავად ყველა აზრისა და გონების მოკრებით. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში შედის, როცა მოკვდება ყველასათვის, ამ ქვეყნისათვის და ყველაფრისათვის, რაც მათში იმყოფება. ასეთი ლოცვის დროს არაფერი აქვს გონებაში გარდა იმისა, რომ ის დგას ღვთის წინაშე და მას ესაუბრება.

აბბა ფილიმონი

1. ამბობდნენ აბბა ფილიმონ განშორებულზე, რომ შეიმწყვდია თავი ერთ გამოქვაბულში, რომელიც არც ისე შორს იყო მონასტრიდან, რომელსაც ეწოდებოდა რომიევ და მიეცა მოღვაწეობრიე ბრძოლას. გონებაში იმეორებდა იგივეს, რასაც როგორც გადმოგვცემენ, ეუბნებოდა საკუთარ თავს არსენი დიდი - ფილიმონ, რატომ მოდი შენ. აქ საკმაოდ დიდხანს დაჰყო გამოქვაბულში. საქმედ ჰქონდა თოკი საგრეხად და კალათების წვნა, რომელსაც ის ეკონომოსს გადასცემდა, ხოლო მისგან ღებულობდა ცოტაოდენ პურს, რომლითაც იკვებებოდა ის არაფერს ჭამდა პურისა და მარილის გარდა, ისიც არა ყოველდღე. სხეულზე არავითარი ზრუნვა არ ჰქონდა, ხოლო ჭვრეტაში მყოფი იყო ღვთაებრივ ნათელში და ღებულობდა მისგან საიდუმლოთა ხილვას და იმყოფებოდა სულიერ ზრდაში. შაბათ-კვირას ის ეკლესიაში მიდიოდა მარტო, თავის თავში ჩაღრმავებული და არავის იკარებდა ახლოს, რათა გონება არ მოცდენილიყო თავისი საქმიანობისაგან, ხოლო ეკლესიაში, კუთხეში მდგარი, მიეყრდნობოდა სახით სვეტს და ცრემლებს ღვრიდა, ხოლო გონებაში ჰქონდა მუდმივი გულისმიერი ხსოვნა და სახე წმ. მამებისა, განსაკუთრებით არსენი დიდისა, რომლის ნაკვალევზე სვლასაც ცდილობდა.

2. როცა ალექსანდრიაში და მის შემოგარენში გამოჩნდა მწვალებლობა, ის განეშორა აქედან და წავიდა ნიკანორის ლავრაში. ის მიიღო ღვთისმოყვარე პავლინმა და დაუთმო მას თავისი განმარტოებული ადგილი, მოუწყო მას სრული მყუდროება მთელი წლის განმავლობაში არავის არ უშვებდა მასთან და თავადაც ხშირად არ აწუხებდა, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა პური მიჰქონდა. როდესაც ქრისტეს წმიდა კვირიაკე დადგა, მათ მოუხდათ საუბარი და სიტყვა შეეხო მეუდაბნოე ცხოვრებას. მაშინ მიხვდა ფილიმონი, რომ ეს ღვთისმოყვარე ძმაც ასევე ემზადებოდა დაყუდებისათვის და მდიდრად დასთესა მოღვაწეობრივი სიტყვები, დაწერილი, თუ დაუნერელი. ყოველგვარად აჩვენებდა, რომ სრული განმარტოების გარეშე შეუძლებელია სათნო ყოფა ღვთისა, როგორც ბრძნულად მეტყველებს მოსე: „მდუმარება შობს გმირობას, გმირობა შობს ტირილს, ტირილი - შიშს, შიში - სიმდაბლეს, სიმდაბლე - გონიერებას, გონიერება - სიყვარულს, ხოლო სიყვარული - სულს გამოაჯანმრთელებს და ხდის უვნებელს და მაშინ ხედავს ადამიანი, რომ შორს არ არის ღვთისაგან.

3. ფილიმონი ეუბნებოდა მას: შენ გჭირდება, რათა დაყუდებით მთლიანად განიწმინდო გონება და მისცე მას მოუკლებელი სულიერი საქმე. როგორც თვალი რაიმე ხილულისაკენ მიმართული ჭვრეტს მას, ასევე სუფთა გონება აზრობრივად მიმართული აღტაცბულია სულიერი ჭვრეტით ისე, რომ ვერაფრით მოსწყვეტ მისგან და რამდენადაც სიმყუდროვით განიწმინდება ვნებებისაგან, იმდენად მატულობს სულიერი ხილვები, ხოლო სრულყოფილი გონება ხდება მაშინ, როცა იგემებს არსებულ ხილვებს და შეუერთდება ღმერთს. მაშინ მას მეფური ღირსება უჩნდება და აღარ გრძნობს სიგლახაკეს და არ მიიქცევა ახირებული სურვილებისაკენ, თუნდაც რომ შეპირდეს მას მთელ სამეფოს. მაშინ, თუკი გინდა მიაღწიო ასეთ სიკეთეს, გაიქეცი ამ ქვეყნიდან და მთელი გულით დაადექი წმიდათა გზას, დაუტევე ზრუნვა შენს გარეგნულ შესახედაობაზე. ჩასაცმელად გქონდეს გლახაკური მდაბალი შესამოსი. უბრალო ქცევა დაიჭირე, უმზაკვრო ხასიათი გქონდეს, მოქმედება სიამაყის გარეშე, ნუ გექნება ქლესა ხმა. შეიყვარე მოკრძალებული და ყველაფრისაგან დაცული ცხოვრება ყველაზე მეტად შეეცადე გონების დაცვასა და სიფხიზლეს. იყავ მომთმენი ყოველგვარ გაჭირვებაში და ყველანაირად შეეცადე შეინარჩუნო სულიერი სათნოებები. უყურე საკუთარ თავს და არ მიიღო რაიმე ფარული სიტკბოება, რადგან როგორც დაყუდება წყვეტს სულიერ ვნებებს, თუ მივცემთ მათ საშუალებას განხურდნენ და გაძლიერდნენ, მაშინ ისინი ჩვეულებრივზე მეტად მიგვიზიდავენ ჩვენ ცოდვებისაკენ. ისევე როგორც ჭრილობა ძალით გაღრმავებული, რომლის შეხორცება უკვე ძნელია. ერთ სიტყვასაც კი შეუძლია, რომ ადამიანი ღმერთს დააცილოს, როცა ბოროტი სულები აიძულებენ მას ცოდვას და გრძნობა უთმობს. დიდი გმირობაა სულის დაცვა ე.ი. შენ მოგიწევს ამ ქვეყნიდან მთლიანად გასვლა და სულის სხეულისადმი ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე დარჩენა. უნდა გახდე უსახლკარო, უქონელი, უვეცხლო, უფათერაკო, და მოცილებული ყოველგვარ ადამიანთა საქმიანობისაგან. მდაბალი, თანამგრძნობი, კეთილი, წყნარი, ჩაკეტილი, მზადმყოფი, რათა მიიღო შენს გულზე ღვთისაგან დაბეჭდილი მცნებები. ასეთი იყო წმინდანთა გზა, რომელნიც მთლიანად ცდილობდნენ ამქვეყნიურ ჩვეულებებს და იცავდნენ თავის თავში შეურყვნელად ზეციურ სიბრძნეს, ნათლდებოდნენ ღვთაებრივი კანონებით და ბრწყინავდნენ კეთილი საქმეებითა და სიტყვებით, ვნებების ქვეყანაზე თავშეკავებით მომკვდინებელნი, ღვთის შიშით და სიყვარულით, რადგან მოუკლებელი ლოცვითა და ღვთის წერილის ცოდნით ნათდება გონება და უცქერის ძალთა უფალს და მოდის უსაზღვრო სიხარული და ძლიერი სულიერი აღნთება ღვთაებრივი სურვილისა, რომლის დროსაც სხეულიც თანაუგრძნობს სულიწმიდის მოქმედებით. ადამიანი ხდება მთლად სულიერი. აი რას აღწევენ ნეტარ მყუდროებაში მოღვაწენი, რომელთაც თავს იდვეს ჩამწყვდეული მოღვაწეობრივი ცხოვრება, ყოველივე ადამიანურისაგან განშორებულნი უფალთან საუბრობენ ზეცაში შეუწყვეტლად.

4. ამის მსმენელი ეს ღვთისმოყვარე ძმა სულში წარმოქმნილი სიყვარულით სტოვებს თავის ადგილს და ფილიმონთან ერთად მიდის სკიტეში, სადაც ამ დიდმა მამებმა განვლეს ღვთის სათნო გზა საცხოვრებლად. ისინი დასახლდნენ იოანე კოლოვის ლავრაში და გააფრთხილეს ეკონომოსი, რომ უნდოდათ დაყუდებით ყოფნა. იმყოფებოდნენ იქ ღვთის წყალობით სრულ მყუდროებაში. მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდნენ ლოცვისათვის ეკლესიაში, ხოლო სხვა დროს იყვნენ შინ და თვითეული ცალ-ცალკე ასრულებდა ლოცვასა და მსახურებას.

5. წმ. ბერს (ფილიმონს) ჰქონდა მსახურების ახალი წესი. ღამით ის გალობდა მთლიანად ფსალმუნებსა და საგალობლებს, აუჩქარებლად კითხულობდა სახარების ერთ ნაწილს, შემდეგ კი დაჯდებოდა და მთელი ყურადღებით დიდხანს ამბობდა თავისთვის: „უფალო შემიწყალე“ და ბოლოს აძლევდა თავს ჩაძინების უფლებას. დილით გამთენიისას გალობდა პირველ ჟამნს და მჯდომარე სახით აღმოსავლეთისაკენ მონაცვლეობით ხან გალობდა ფსალმუნებს, ხან კითხულღბდა სახარებასა და სამოციქულოს. ასე ატარებდა მთელ დღეს შეუწყვეტელი გალობით, ლოცვითა და ზეციურის ჭვრეტის ნეტარებით. მისი გონება ხშირად ისე იყო გატაცებული ჭვრეტისაგან, რომ არ იცოდა ნამდვილად მიწაზე იმყოფებოდა თუ არა.

6. ძმამ, რომელიც ხედავდა, რომ მთელი გულით იყო ჩაძირული ლოცვით მსახურებაში და ხანდახან სრულიად იცვლებოდა იგი ღვთაებრივი აზრებისაგან, უთხრა მას: გიჭირს მამაო ასეთ ასაკში ასე საკუთარი სხეულის მოკვდინება? მან უპასუხა: „დამიჯერე ღმერთმა ისეთი გულისხმიერება და სიყვარული მომმადლა ლოცვისა, რომ მე ძალა არ მყოფნის, მთლიანად დავიკმაყოფილო ის, სხეულის უძლურებას ძლევს ღვთის სიყვარული და სასოება მომავალი სიკეთეებისა“. მისი სურვილი იყო გონებრივად ფრთაგაშლილი ყოფილიყო ზეცად და ეს არა მხოლოდ ლოცვისას, არამედ ტრაპეზის დროსაც კი.

7. ერთხელ ჰკითხა მასთან მყოფმა ძმამ: როგორია ჭვრეტის საიდუმლოებები? და როცა მან დაინახა ძმა არ ეშვებოდა და ნამდვილად მთელი გულით ეძიებდა პასუხს, უთხრა მას, გეუბნები შენ ყრმაო, მას ვინც გონება მთლიანად განიწმიდა, ღმერთი უხსნის ძალთა, მსახურთა და წესთა ხედვას (ანგელოზთა).

8. მან შემდეგაც ჰკითხა: მამაო წმ. წერილიდან რატომ მაინცდამაინც ფსალმუნებით ტკბები და გალობის დროს რატომ იქცევი ისე, თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდე? ამაზე უპასუხა: ღმერთმა ისე დაჰბეჭდა ჩემ გულში ფსალმუნთა ძალა, როგორც თვით წინასწარმეტყველ დავითში და მე არ შემიძლია გავეშორო იმ ნეტარებას, რომელიც ჭვრეტით სხვადასხვაგვარად იხილვება, რამეთუ ისინი მოიცავენ მთელ საღვთო წერილს. ეს გადასცა მან იმ ძმას, რათა მოსულიყო სიმდაბლით სარგებლისთვის.

9. ერთი ძმა, სახელად იოანე, ზღვისპირეთიდან მოსული მოეხვია ფეხებზე ბერს და უთხრა: რა უნდა ვქმნა რათა ვცხონდე? რამეთუ ჩემი გონება დაჰქრის აქეთ-იქით სადაც საჭირო არაა. მან ცოტა ხნის მდუმარების შემდეგ უთხრა: ეს სულის ავადყოფობა მათ აქვთ, ვინც გარეგნულად ამაოებაშია ჩაფლული და შენც გაქვს ეს იმიტომ, რომ არ მომწიფებულა სრული სიყვარული ღვთისა შენში, ჯერ კიდევ არ მოსულა შენთან სიყვარულის სითბო და მისი შეცნობა. უთხრა მას ძმამ: „და რა ვქმნა მე მამაო?“ მან უთხრა: წადი, მოიძიე შენს გულში ჩამალული სწავლება და ის განგიწმედს გონებას. ძმამ, რომელიც ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს სიტყვები, უთხრა ბერს: და რა დამალული სწავლებაა ეს მამაო? მან უთხრა: წადი, იფხიზლე შენს გულში და გონებაში, და შიშით გამოთქვი: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ასევე ჰმოძღვრის ახალდამწყებებს ნეტარი დიოდოხი.

10. ძმა წავიდა ღვთის წყალობით და ბერის ლოცვით დამშვიდებული, ტკბებოდა ცოტა ხნით ასეთი სწავლით, მაგრამ შემდეგ ეს სიტკბოება განეშორა მისგან და აღარ შეეძლო სიფხიზლით ლოცვა, ამიტომ ის ისევ დაბრუნდა ბერთან და უთხრა მას მომხდარის შესახებ. ბერი ეუბნება მას: შენ უკვე შეიცანი დაყუდებისა და გონებრივი საქმიანობის გზა და გემო იხილე მათი სიტკბოებისა, გქონდეს ეს გულში ყოველთვის - ჭამ თუ სვამ, თუ ვინმესთან საუბრობ, გზაში ხარ თუ შენს სენაკში ზიხარ, შეუწყვეტლად იფხიზლე გონებით და გაუფანტავი აზრით ილოცე ასეთი ლოცვით. გალობ თუ ლოცვებს გამოთქვამ, თუ ფსალმუნებ, თუნდაც ყველაზე აუცილებელ საჭირო საქმეს აკეთებდე, არ მისცე გონებას, რომ უქმად იყოს, არამედ აიძულე ის, საიდმულოდ ლოცვა ისწაელოს. ასე შენ შეგიძლია ჩაწვდე საღვთო წერილს და მის იდუმალ ძალას და მისცე გონებას მუდმივი საქმე, ამით შეასრულებ მოციქულის ნამცნებ სიტყვას: „მოუკლებლად ილოცვიდეთ“. ყურადღებით ადევნე თვალყური შენს თავს და დაიცავი გული ცუდი აზრების მიღებისაგან. როცა გძინავს და როცა დგები, როცა ჭამ, ან სვამ, ან როცა საუბრობ, დაე შენი გული მიეჩვიოს ფსალმუნებას და ლოცვას: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემინყალე მე! ასევე როცა გალობ ფსალმუნებს ენით, ყურადღება მიაქციე რათა არა მხოლოდ ბაგეებით წარმოთქვამდე, არამდ გონებით აღავლენდე.

გაგრძელება...