ბევრნი იძლევიან კითხვას: რისთვის ცხოვრობს ადამიანი? ამ კითხვის ახსნისათვის შორს სიარული საჭირო არ არის. თუ გვინდა სისწორით განვსაზღვროთ მიზანი კაცის ცხოვრებისა, უნდა ჩავიხედოთ მის შინაგან სულიერ სამყაროში, მისი აზრების, სურვილების, გრძნობების სამყაროში; და თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმის სულის მოძრაობათა, დავინახავთ, რომ მიზანს მისი არსებობისას შეადგენს თვით ცხოვრება. ყველას სურს, იცხოვროს; ყველა ცდილობს. თავი დაიფაროს ყოველივე იმისგან, რაც მის ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს და ელტვის მას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მის ცხოვრებას. უმაღლეს სულიერ ლტოლვილებათა ნამდვილ მიზანსაც სიცოცხლის დაცვა შეადგენს; ყველას უნდა, რომ ხედვიდეს ამ ქვეყნის სულიერ და ხორციელ სიამეთა, გრძნობდეს თვის მყოფობასა. მართალია, არიან ისეთი პირები, რომელთაც ეს სოფელი და აქაური ცხოვრება სძაგთ და მზად არიას, გულდაუწყვეტლად გამოესალმონ მას, მაგრამ ათეულთა, თუ გინდ, ასეულთა მაგალითი საზოგადო კანონს, საერთო მოვლენას ვერ შეცვლის. უდიდეს უმრავლესობას სწყურია სიცოცხლე. დიახ, მიზანი კაცის ცხოვრებისა მდგომარეობს თვით მის ცხოვრებაში. იგი ცხოვრობს მისთვის, რომ იცხოვროს. ხოლო რაში უნდა მდგომარეობდეს შინაარსი კაცის ცხოვრებისა, როგორ უნდა ცხოვრობდეს იგი, რა უნდა ქმნას მან? ცხოვრება არის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. სხეულს, როგორიც უნდა იყოს იგი, შეუძლია იცხოვროს მაშინ, თუ მისი მოთხოვნილებანი კმაყოფილდება. მცენარისათვის საჭიროა ნაყოფიერი ნიადაგი, სისოვლე, მზის სხივები და სხვა; თუ ის ყოველივე ამით გარემოცულია, მაშინ იგი ხარობს, იზრდება, ყვავის. პირუტყვი თხოულობს წყალს, სასმელს, სუფთა ჰაერს და სხვას; თუ ესენი მას აქვს, მაშის იგი ცხოვრობს. ასევე ადამიანიც ცხოვრობს მაშინ, როცა იმის ბუნების მოთხოვნილებანი კმაყოფილდება. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ცხოვრობს მაშინ, როცა მისი მოთხოვნილებანი კმაყოფილდება, ამით ჯერ არ იჩვენება სისწორით, თუ როდის შეუძლია კაცს, იცხოვროს ნამდვილი ნორმალური ცხოვრებით. ადამიანში არის ბევრი ისეთი მოთხოვნილებანი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, მიდრეკილებანი, რომელთაც მთელი კაცობრიობის ცნობიერება სამარცხვინოდ, დამღუპველად თვლის. ამის გამო სისწორით უნდა განისაზღვროს, თუ რომელი მოთხოვნილებათა, ანუ მიდრეკილებათა დაკმაყოფილებით იწარმოების, შესრულდების წესიერად ადამიანის ცხოვრება. ავიღოთ ჯერ ერთი მხარე ადამიანის ბუნებისა - ხორციელი. კაცისთვის საჭიროა საზრდო, სასმელი, სამოსელი, თავშესაფარი, დასვენება, ძილი და სხვა; თუ მისი ხორციელი მოთხოვნილებანი დაკმაყოფილებულია, მაშინ იგი საღად და მხნედაა, მაშინ იგი ცხოვრობს; და თუ არ არის, მაშინ იგი სუსტდება და ვერ ცხოვრობს. მაგრამ ადამიანის ხორციელ არსებაში იმ მოთხოვნილებებთან ერთად, რომელთა დაკმაყოფილება საჭიროა სიცოცხლის დაცვისათვის, არის კიდევ სხვა მოთხოვნილებანი: მას აქვს სურვილი ხშირად, მომეტებულად და ძლიერ ტკბილად ჭამოს და სვას. დიდხნობით მიეცეს ძილსა და მოსვენებას. ხშირად და უფრო საგრძნობელად დააკმაყოფილოს სხვადასხვა მოთხოვნილებანი სხეულისა. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, როგორც ყოველდღიური დაკვირვება და გამოცდილება გვიმტკიცებს, სხეულის კეთილ მდგომარეობას ხელს არ უწყობს. არამედ, პირიქით, ავნებს მას; ხანგრძლივი შესვენება და ძილი კაცს ანებიერებს, უძლურყოფს მას შრომისათვის; სასმელისა და საჭმლის უზომოდ მიღება გამოიწვევს საჭმლის მოსანელებელი ორგანოების მოშლილობას; ავხორცობისაგან ნერვები სუსტდება და სხვა. ამნაირად, კაცი თავის ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში უნდა მისდევდეს შემდეგ კანონს: მან უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, რომელნიც სიცოცხლეს იცავენ, და დაჟინებით უარი უნდა უთხრას იმ მოთხოვნილებათ, რომელნიც ორგანიზმზე ცუდად მოქმედებენ, არღვევენ, რყვნიან მის ბუნებას. ახლა ავიღოთ მეორე მხარე ადამიანის ბუნებისა - სულიერი. კაცს აქვს სურვილი, დააკვირდეს და შენიშნოს საგნებისა და მოვლენათა თვისებები და მოქმედება, გაიგოს, რა არის და რა ხდება მიწაზე, მის სიღრმეში და მის მაღლა, მსოფლიოს სივრცეში, შეიტყოს, თუ რა იყო წარსულ დროებაში; მას სურს, შეეწეოდეს სხვებსა და აგრეთვე, რომ მასაც პასუხს აძლევდნენ სიყვარულითა და დახმარებით; მას უნდა, როგორც თვით იგი, ისე სხვებიც იყენვნ აღვსილნი სიხარულითა და რომ ეს სიხარული უცვლელი და სამუდამო იყოს; ის ისწრაფვის, შეუერთდეს უფალსა და სხვა. თუ ეს მოთხოვნილებანი დაკმაყოფილებულია, მაშინ ადამიანის სულის მოქმედება ჯეროვნად სრულდება და იგი ცხოვრობს. და თუ ისინი დაკმაყოფილებულნი არ არიან, მაშინ სულის მოქმედება კრთდება და მას ბოლო ეღება; მაგრამ ზემოხსენებულ მოთხოვნილებათა ანუ მიდრეკილებებთან ერთად ადამიანს აქვს კიდევ სხვა მიდრეკილებანი: ის ცდილობს, გამოვიდეს ღვთის მორჩილებიდან და სახელმძღვანელო დასაბამად თავისი ცხოვრებისა დადოს თავისი „მე“. თავისი აღვირწახსნილი ნება; ის ფიცხობს, შურით ივსება, სხვას აწუხებს, სხვის ბედნიერებას სპობს და სხვა; ამისთანა სურვილების აღსრულებას დიდი მავნებელი შედეგი მოსდევს ადამიანისათვის. იგი აღავსებს მის სულს სამწუხარო გრძნობებითა, ბადებს მასში შინაგან უთანხმოებას, არეულობას, უკმაყოფილკბას თავისი თავით და გარემომცველი წრით, ამხედრებს მის წინააღმდეგ მის გარშემო მყოფთ პირთა და აძლევს მათ მიზეზს, ავნონ მას, მოუწამლონ მას სიცოცხლე. აშორებს მის ყურადღებას და სულის ძალთა მისი პირდაპირის დანიშნულებისაგან, ხელს უშლის მის წესიერ მოქმედებას, განვითარებას, ქმნის ნერვების აშლილობას, რის გამო მისი სული უფრო სუსტდება. მაშასადამე იმ კითხვაშიც, თუ რომელნი სულიერნი მოთხოგნილებანი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ცხოვრება სულისა წესიერად წარმოებდეს, კაცმა უნდა იხელმძღვანელოს იმავე კანონითა, რომელიც ნაჩვენებია ფიზიკურ მოთხოვნილებათათვის, სახელდობრ, იმით, რომ კაცმა უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილება სულისათვის სასიკეთოა, რომელიც მასში ჰარმონიას ამეფებს და სიცხოველით აღავსებს.
ამნაირად ზემონათქვამიდან ცხადად ჩანს, თუ როგორი კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი თავის ცხოვრებაში. მან უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ის მოთხოვნილებანი, სულიერნი და ხორციელნი, რომელთა დაკმაყოფილება მის სულისა და ხორცის მდგომარეობაზე კეთილად მოქმედებს, და უარი უნდა უთხრას იმ მოთხოვნილებათა, რომელთა დაკმაყოფილება მისთვისაც და სხვებისთვისაც საზარალოა, ანუ სხვანაირად რომ ითქვას, მან დნდა ქმნას კეთილი და მოერიდოს ბოროტებას; კეთილად უნდა იწოდოს კაცისათვის სასიკეთო მოთხოვნილებანი, ხოლო ბოროტებად - დამღუპველი მოთხოვნილებანი. ეს კანონი შეადგენს დედააზრს სინიდისისას, და ამ კანონისავე გამომხატველნი, შემცველნი არიან იესო ქრისტეს მცნებანი, რომელნიც გვიბრძანებენ, კეთილი შევისისხლხორცოთ და ბოროტებას განვეშოროთ. თუ პირუთვნელად და გულდასმით დავუკვირდებით კაცის ცცხოვრების ცხადყოფათა, მოვალენათა, დავინახავთ, რომ რასაც სინიდისი და სახარება გვიკრძალავს, ის ადამიანისათვის დამღუპველია, ანუ ყოველ შემთხვევაში, იგი ხელს უშლის მისი ცხოვრების აყვაევბასა; ხოლო ის, რისიც ქმნას სინიდისი და სახარება გვირჩევს, სასარგებლოა, ავითარებს სულს. ამნაირად, ადამიანი ცხოვრობს მაშინ, როცა ის კეთილს იქმს, ე.ი. როცა ის აკმაყოფილებს თავის ბუნებისათვის სასიკეთო და სინიდისისა და სახარების მიერ ნებადართულ მოთხოვნილებათა, მისწრაფებათა და სურვილთა; და მისი ცხოვრება მით უფრო სრულია, რამდენადაც იგი უფრო ბევრ კანონიერ კეთილმოთხოვნილებათა აკმაყოფილებს. კეთილი იგივე ბედნიერებაა, ე.ი. კეთილმოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამც თუ მარტო იცავს ადამიანის ცხოვრებას, არამედ კიდევაც ანიჭებს მას ბედნიერებას, წარმოშობს მასში ტკბილ და სასიხარულო სულიერ განწყობილებათა, გრძნობათა; ამიტომ ლექსი: კაცმა უნდა დააკმაყოფილოს თავისი საუკეთესო და ზნეობრივ კანონთან შეთანხმებული მოთხოვნილებანი, რათა იცხოვროს, ერთმნიშვნელოვანია ამ ლექსთან: ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს თავის კეთილ მოთხოვნილებათა, რათა იგი ბედნიერი იყოს; აქედან ერთი და იგივეა, როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ცხოვრობს, რათა იცხოვროს, ე.ი. თავისი კანონიერი მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს, და ან, როცა ვიტყვით, რომ კაცი ბედნიერებისათვის ცხოვრობს.
რომ კაცმა თავისი ცხოვრება უფრო სრულად ცხადყოს და ბედნიერება უფრო სავსებით იგემოს, ამისათვის საჭიროა, რომ მას ხელის შემწყობი პირობები გარემოიცავდეს. მძიმე გარეგანი პირობები სულს ავიწროებს, ხშავს და მას განვითარების ნებას არ აძლევს და აიძულებს მას ბოროტებისაკენ; ამის გამო ნამდვილი სრული ცხოვრება და ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ ხელისშემწყობ ზეგავლენათა და გარეგან პირობებში; ამისთანა პირობები არიან: სარწმუნოებრივი და ზნეობითი აღზრდა, გონებრივი განათლება, ფიზიკური განვითარება, ეკონომიური და სოციალური წეს-წყობილება და საერთაშორისო დამოკიდებულება.