მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) (1872-1935)

სიტყვანი


ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1916 წ.
(ფოტო მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ)

მიტროპოლიტი დავითი - ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872 წლის 15 ოქტომბერს, ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ექვთიმემ მამის მეთვალყურეობით მიიღო. 1883-1889 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდგომში იპოლიტე ვართაგავა მის შესახებ წერდა: „იგი ბავშობიდანვე განმარტოვებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში წარმოსათქმელად...“

1895 წელს, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, რეკომენდაცია მიეცა ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლა გაეგრძელებინა. 1897 წლის 25 ოქტომბერს მესამე კურსის სტუდენტი, აკადემიის რექტორმა, ჩებოკსარის ეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკი) ბერად აღკვეცა და სახელად დავითი უწოდა. ქართულმა სამღვდელოებამ და საზოგადოებამ დიდი სიხარული განიცადა კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნასწავლი ბერის შემატებით. ამ მოვლენის შესახებ, ცნობილი იმერელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე თავის ჟურნალ „მწყემსში“ გახარებული წერდა: „ვინც ჩვენს ეხლანდელი დროის სამღვდელოების და საზოგადოების სასულიერო წოდების მდგომარეობას თვალს გადაავლებს, ვინც კარგად ჩაუკვირდება ჩვენი ეხლანდელი დროის ვითარებას და საზოგადო ასპარეზზე მუშაკთა შემცირებას, რასაკვირველია, გული მწუხარებით აევსება და იმედს დაკარგავს ჩვენს მომავალზე. ყოველის მხრით გაისმის მწუხარება და ჩივილი, რომ აღარა გვყავს ნასწავლი პირები შავ სამღვდელოებაში, აღარავინ აცხადებს სურვილს ბერად წასვლისას ნასწავლთაგანებიო! ჩვენი მონასტრები, რომელთა წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი სარწმუნოება და ზნეობა მთელ მხარეს ეფინებოდა და ხალხის გულში მაგრად ფესვს იდგამდა, დღეს თითქმის ცარიელდებიან. იმ მონასტრებში, სადაც წინათ ღვთის გალობა-ღაღადების ხმა ყოველ მსმენელს გულს უტკბობდა და ამათ ამ ქვეყნიერობის მწუხარებას უქარვებდა, იქ დღეს ერთადერთი მედავითნის გალობის ხმა ისმის მარტო და ისიც, ღმერთმან უწყის, რა კილოსია! ამაების შემხედვარეს, რასაკვირველია, გული გიწუხს და სასოწარკვეთილებას ეძლევი. მაგრამ ეს უკანასკნელი დრო რაღაცა წაღმა მობრუნდა ჩვენთვის. ჩვენ დაუვიწყარ მწყემსმთავართა მაგალითს წაბაძა რამდენიმე პირმა და გამოვიდნენ ქრისტეს ყანაში სამსახურებლად, როგორც მაგალითებრ - არქიმანდრიტი ლეონიდე, იღუმენი კირიონი და მღვდელ-მონაზონი დიმიტრი. ეხლა ჩვენ მივიღეთ ფრიად სასიხარულო ამბავი ყაზანის სასულიერო აკადემიიდან. ამ აკადემიის სტუდენტი ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე უკვე აღკვეცილა ბერად. ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი მისი სტატიებიდან კარგად იცნობენ ჩვენი მკითხველები ექვთიმე კაჭახიძეს: თუ ვინ არის იგი, რა მიმართულების და რა ღრმა ზნეობის პატრონია. თუ როდესმე იყო საჭირო ჩვენთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი ზნეობით და მტკიცე სარწმუნოებით აღჭურვილი კაცი, სწორედ ეხლა არის საჭირო. ჭეშმარიტად ამისთანა კაცების შეძენა ეხლანდელ დროში ჩვენი სასულიერო წოდებისათვის ფრიად შესანიშნავი და სასიხარულოა. ღმერთო, მოხედე საქართველოს ერს და შთაუნერგე შენი მსახურება უმჯობეს მის შვილებს და ნუ მოიძულებ ღვთისმშობლის წილხდომილს ივერიას!“

1897 წლის 21 ნოემბერს მეუფე ანტონმა ტ(ხრაპოვიცკი) მამა დავითს დიაკვნად დაასხა ხელი. იმ პერიოდში ყაზანის სასულიერო აკადემიაში მრავლად სწავლობდნენ სხვა ქართველი სტუდენტებიც, რომელთა შორის იყვნენ: მღვდელი ბესარიონ ხელაია (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი), მიხეილ ფხალაძე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი), იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და სხვანი. მამა ბესარიონი და მამა დავითი დიდი ნუგეში იყვნენ იქაური სტუდენტობისათვის. ისინი დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთება შეენარჩუნებინათ. ამის გამოძახილი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის კარის ეკლესიაში მათ მიერ პერიოდულად ჩატარებული ქართული წირვა-ლოცვები. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1898 წელს: 14 იანვარს, ნინოობა დღეს, ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ქართულად იქნა გარდახდილი წირვა. სწირა I კურსის სტუდენტმა, მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ მე-III კურსის ბერ-დიაკვნის დავითის (ერობაში ექვთიმე კაჭახიძე) თანამსახურებით. წირვაზედ გალობდნენ თბილისის სემინარიის მოსწავლედ ნამყოფი ქართველი და რუსი სტუდენტები და რამდენიმე საგალობელი ქართულის კილოთი იგალობეს. ამ ამბისა გამო იქაური რუსული გაზეთი „საეკლესიო უწყებანი“ აღნიშნავს განსხვავებასა და ღირსებას ქართულად წაკითხულის სახარებისას, სამოციქულოსას და ნათქვამ ასამაღლებლებისას და კვერექსებისას. წირვას დაესწრნენ ზოგიერთი პროფესორები, აუარებელი სტუდენტობა და მათი ყოვლადუსამღვდელოესობა, აკადემიის რექტორი“.

1898 წლის მ8 მაისს ბერ-დიაკონი დავითი მღვდლად აკურთხეს. 1899 წელს სასულიერო აკადემია მან ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა დიპლომი პატრისტიკაში და სამშობლოსა და დედაეკლესიის სამსახურს მოწყურებულმა მაშინვე საქართველოს მოაშურა. 1899 წლის 26 აგვისტოს ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა. 1900 წლის 10 ნოემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად განამწესეს. 1902 წლის 10 მარტს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 20 ოქტომბერს რუსეთში, პერმის ეპარქიაში, სოლოკამენის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1905 წლის 14 მაისს ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1906 წლის 25 აგვისტოს ნოვოჩერკასის რაიონში, დონის სასულიერო სემინარიის რექტორად განამწესეს.

1907 წლის შემოდგომაზე რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩია. ამავე წლის 4 ნოემბერს აღესრულა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. კურთხევის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკონმა (სოფისკი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) და ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი). კვერთხის გადაცემის შემდეგ ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა წარმოსთქვა გრძნობით აღსავსე სიტყვა, გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „რა მნიშვნელოვანი ეპიზოდია ჩემი ცხოვრებისა! რაოდენ დიდ საქმეს უნდა მივყო ხელი! რაოდენ ძნელ და საპასუხისმგებლო მსახურებას უნდა შევუდგე! მე უნდა ვმწყმსო ცხოვარნი, ვიხსნა ადამიანები, ანუ განვწმინდო და განვანათლო სულები კაცთა, ვაზიარო ისინი საღმრთო ცხოვრებას; მივანიჭო მათ ჭეშმარიტი, უცვალებელი, მარადიული ბედნიერება! ვარ განა გამოსადეგი ამ მაღალი მსახურებისათვის?! მაქვს განა ამისათვის საკმარისი ძალები?! შემიძლია განა, მაგალითი ვიყო სხვათათვის?! გაიგებს კი ყველა, რას უნდა ვგრძნობდე, რაჟამს მოციქულებისა და სხვა მღვდელმთავრების წარმოდგენისას ვფიქრობ ჩემს წინაშე წარმომართულ ესოდენ მაღალ მსახურებაზე?! აღარას ვიტყვი ჩემს უძლურებებზე, ისინი ცნობილია ყველასათვის, ვისაც კი მოუწია საქმე ჰქონოდა ჩემთან. მაგრამ მე მწამს, რომ ქვეყნად ყოველი აღესრულება ღმრთის ნებით და ვიმედოვნებ, რომ იგი კეთილად წარმმართავს მე - სამომავლო მსახურებაში და არ დაუშვებს წარწყმედას ჩემსას. მე ვადგები მოციქულთა გზას მტკიცე სასოებით ღმრთის წყალობისა. და უმეტესად გთხოვთ თქვენ, მწყემსმთავარნო, მწყემსნო და ღმრთისმოყვარე ერისკაცნო, ილოცეთ ჩემთვის წინაშე ღმრთისა, რათა მომცეს მან ძალა და სიმტკიცე მაღალი და საძნელო მსახურების აღსასრულებლად“.

მღვდელმონაზონი ნაზარი (ლეჟავა),
არქიმანდრიტი დავითი (კაჭახიძე) და
არქიმანდრიტი ვიტალი.
1906 წლის სექტემბერი, პოჩაევოს ლავრა

1912 წლის 17 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამის მიზეზად სახელდებოდა მისი დაპირისპირება საქართველოს ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიაევი). ეგზარქოსი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსების უფლებების მინიმუმამდე შემცირებას, მაგრამ მეუფე დავითი წინ აღუდგა ამ განზრახვას. ამით განრისხებულმა ინოკენტიმ წმინდა სინოდს მისი საქართველოდან გაძევება მოსთხოვა, რაც მალევე სისრულეში მოიყვანეს. ძვირფას მღვდელმთავართან განშორება ძლიერ განიცადა მაშინდელმა ქართულმა ინტელიგენციამ და საზოგადოებამ. მეუფე დავითის ძმის შთამომავლებთან, ოჯახში შემორჩენილია წერილი, რომელიც საგანგებოდ მის გადაყვანასთან დაკავშირებით დაიწერა: „ძვირფასო მწყემსთმთავარო! თქვენი მეუფების მოულოდნელი წასვლა, საქართველოს მრავალჭირნახულ ეკლესიის სამწყსოს მიტოვება და სხვა ადგილას სამოღვაწეოდ გადასვლა მწარე საგონებელში აგდებს საქართველოს ერს. მით უფრო სამწუხაროა ეს გარემოება, რომ თქვენი მწყემსთმთავრული მოღვაწეობა ჯერ კიდევ დიდად ესაჭიროებოდა საზოგადოებას და თქვენც, სულით და გულით მასთან დაკავშირებული, არ მოიწადინებდით მის მიტოვებას, რომ რომელსამე მძიმე საქმეს არ აეძულებინეთ...

ივერიის ეკლესია შეჩვეულია დროთა ბრუნვის ცვალებადობას. იგი დამშვენებულია მრავალ წარჩინებულ მღვდელმთავართა მოღვაწეობით, რომელთაც ჩვენი საქართველოსადმი მოწამეობრივი ღვაწლიც კი მიუძღვისთ. ისინი მუდმივ მზად იყვნენ ყველაფერი აეტანათ, ოღონდ კი წმინდად დარჩენილიყვნენ თავის რწმენასთან და საქვეყნო მოღვაწეობასთან. ეს იყო შორეულ წარსულში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეხლა არის საიშვიათო ამგვარი მოვლენა: ჯერ საზოგადოებას თქვენი წინამოადგილე მღვდელმთავრის ხვედრი არც კი გამოუგლოვია და ეხლა ასე მალე თქვენც იძულებული ბრძანდებით, დასტოვოთ სამშობლო ქვეყანა... მაგრამ, სადაც უნდა წაბრძანდეთ, თან წარიღებთ მრავალ თქვენ პატივისმცემელთა გრძნობას, და თან გაგჰყვებათ ის სიყვარული, რომლითაც თქვენდამი არის გამსჭვალული ქართველი საზოგადოება! იგი არ შესწყვეტს თქვენთან სულიერ კავშირს, რაც უნდა შორეული იყოს თქვენი ადგილ-სამყოფელი, - იგი მუდამ თქვენი იქნება, - მას მანძილი და მოშორება ვერ გაანელებს! სადაც უნდა შეგხვდეთ წასვლა, აზრი და მისწრაფება თქვენი მაინც ყოველთვის პატარა ივერიისკენ გამოინავარდებს და ეს იმედი, თქვენის წასვლით დაობლებულთ, ნუგეშის მომცემად მოგვევლინება...

ივერიის მფარველმა ღვთისმშობელმა გიწინამძღვროთ ყოველს საქმეში, ძვირფასო მწყემსთმთავარო, მოგცეთ მხნეობა და ძალა ჩვეულებრივის სიმედგრით მწყემსთმთავრობისა, გუნდმა, საქართველოს ეკლესიისათვის თავდადებულ მწყემსთმთავართა, მოგივლინოთ სულიერი სიძლიერე და გულწრფელმა გრძნობამ თქვენი მეუფების პატივისმცემელ შვილთა შეგიმსუბუქოსთ მძიმე ხვედრი, იმ წმინდა ჯვრის სასიქადულოდ და ღირსეულად სატარებლად, რომელიც თქვენს მეუფებას ცხოვრების მრწამსად და დიად მიზნად დაუსახავს.

1912 წლის ნოემბერი“.

წერილს თან ახლავს უამრავი ხელმოწერა, მათ შორის: აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, თედო ჟორდანიასი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის და სხვათა.

ჩრდილო კავკასიაში გადაყვანილი მეუფე დავითი დიდ ნუგეშად მოევლინა სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი ალაგირელ ქართველობას. 1912 წლის დეკემბრის თვეში იგი პირველად ეწვია ქ.ალაგირს. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „იმერეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში: „ეს პირველი მაგალითია, რომ ალაგირს სწვევოდეს ქართველი მღვდელმთავარი. აქაური ქართველი საზოგადოება აღტაცებით დაუხვდა ძვირფას სტუმარს. როცა გაიგეს ეპისკოპოსი დავითი მობრძანდებაო, დარგ-კოხში მიაგებეს თავისი წარმომადგენლები. გარდა ამისა ალაგირიდან რამდენიმე ვერსის მანძილზე დაახვედრეს ცხენოსანთა რაზმი დროშით, რომელზედაც მისალმების ზეწარწერა იყო.

ყოვლადსამღვდელო დავითმა ქართული სკოლის დარბაზში ილოცა მწუხრი და ცისკარი ქართულ ენაზე. აქაური ქართველობა ქართულ წირვა-ლოცვას დანატრებულია. ეკლესიაში ქართულად მხოლოდ „უფალო შეგვიწყალეს“ თუ გაიგონებენ, თორემ სხვაფრივ მღვდელმოქმედება და წირვა-ლოცვა ყოველთვის სლავურ ენაზე სრულდება. რომ შეიტყვეს, საღამოს ლოცვა ქართულ ენაზე იქნებაო, იმდენი ხალხი მოზღვავდა, რომ სკოლის ფართო დარბაზში ტევა არ იყო და გარეთ იდგნენ მლოცველნი. ყოვლადსამღვდელო დავითმა მგრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა, თვითინ გული აუჩუყდა და მსმენელთაგანაც მრავალი ააცრემლა. აქა-იქ ქვითინიც კი გაისმა. „ნივთიერი კეთილდღეობა თქვენ აღარ გაკავშირებთ თქვენს სამშობლოსთან - ბრძანა სხვათა შორის მღვდელმთავარმა - მაგრამ თქვენი მოვალეობაა აქ, ამ უცხო მხარეს უფრო გაუფრთხილდეთ ქართველის სახელს. ერიდეთ ადამიანის ღირსების დამამცირებელს ქცევას, რომ ამით სახელი არ გაუტეხოთ მთლად საქართველოს. თქვენის ყოფა-ქცევით არავის მისცეთ საბაბი ქართველობაზე ცუდი აზრი შეიდგინოსო“.

ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივ ეკლესიაშიც სწირა. წირვა შესრულებულ იქნა სამ ენაზე: რუსულ-ქართულ-ოსურად. წირვის შემდეგ ქართული სკოლის დარბაზში შეიკრიბა ქართველი საზოგადოება და ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად საზოგადო ნადიმი გაიმართა.

ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივი სკოლებიც დაათვალიერა და მოწაფეები გამოსცადა. ინახულა ქართველთა მოსახლეობა და გაეცნო მათს ნივთიერ მდგომარეობას. ხალხი აღტაცებული დარჩა ჩვენი თანამემამულე მღვდელმთავრის მობრძანებით“.

1913 წლის 6 მაისს მეუფე დავითი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წლის 14 თებერვალს კი ვინიცკის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთში გადასახლებულ ქართველ სასულიერთ პირებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ მშობლიურ ქვეყანას და ეკლესიას. მეუფე დავითი საქართველოში 1917 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე წლის 1 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს თითქმის ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება. ეპარქიაში ჩასულ ეპისკოპოს დავითს გორში არც რეზიდენცია დახვდა და არც კანცელარიის დასაბინავებელი ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მენშევიკურ მთავრობას დახმარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა თბილისში 1919 წლის 8 თებერვალს გააგზავნა: „ურბნისის ეპისკოპოსს და მის კანცელარიას დღევანდლამდის არ მოეპოვება ბინა ქალაქ გორში. ეკლესიები ამ ეპარქიისა ვერ გაიღებენ ვერავითარ ხარჯს ამ საკითხისათვის და არც მოქალაქეთა შორის არის შესაძლებელი ამ თანხის მოგროვება. ამის გამო ურბნისის საეპარქიო საბჭომ 1919 წლის 5 თებერვალს გამოიტანა შემდეგი განჩინება. ეთხოვოს საკათოლიკოსო საბჭოს, რათა მან იშუამდგომლოს განათლების მინისტრის წინაშე, რომ გორში ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობაში, რომელიც შეადგენს ურბნისის ეპარქიის კუთვნილებას, გამგის ბინა ამ სასწავლებლისა დაეთმოს ეპისკოპოსს და მის კანცელარიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებული სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აძლიოს ურბნისის საეპარქიო საბჭოს ბინის დასაქირავებლად არა ნაკლებ 3.000 მანეთისა წელიწადში. გთხოვთ, ეს საქმე დაგვიჩქაროთ“.

1919 წელს მეუფე დავითი საკათოლიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის ივლისში თავისი თხოვნით ურბნისის ეპარქიის მმართველობისაგან გათავისუფლდა. 1921 წლის 23 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდისის ეპარქიის მართვა-გამგეობა დაევალა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილიდან მხოლოდ ჭყონდიდელი ეპისკოპოსია. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის ჟამს ეპისკოპოსი დავითი ეპარქიის სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღით დააპატიმრა. 1924 წლის 9 მარტს საკათოლიკოსო საბჭომ იგი დროებით ალავერდის ეპარქიაში განამწესა.

1924 წლის 1 ნოემბერს მეუფე დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა მას ეპარქიაში, კარგად ჩანს 1926 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ წერილში: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. ვიტყვი მოკლედ, როგორი იყო საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში - ვგოდებ და ვიგლოვ მე! ანარქია... ქაოსი... მოსალოდნელი იყო, რომ ეკლესიის გახსნის შემდეგ მორწმუნეებს მოენატრებოდათ ეკლესიაში სიარული და სამღვდელოებას მეტი პატივისცემით მოეპყრობოდენ. გარნა სინამდვილემ იმედები გაგვიცრუა. სამღვდელოება ერთხმად აცხადებს, ხალხი ეკლესიაში არ დაიარება და მღვდლის შენახვაზე არ ზრუნავსო. მეც თვითონ მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი გულგრილია ხალხი ღვთისმსახურებისადმი.

რადგან ხალხი ეკლესიაში იშვიათად და ნაკლებად დაიარება, საეკლესიო სანთელი არ იყიდება, ეკლესიაში შემოსავალმა იკლო. საეკლესით ნივთები არ მოიპოვება. ეკლესიები მეტად ღარიბულად არიან მოწყობილი. ეკლესიური მიმართულება ძალიან მისუსტებულია რაჭაში, ქვემო იმერეთში, ხონის, სამტრედიის, ჯიხაიშის რაიონებში. ლეჩხუმმა მოახდინა შედარებით კარგი შთაბეჭდილება. რადგანაც ბევრმა მღვდელმა მიატოვა საეკლესიო სამსახური, საჭირო შეიქმნა ახლების კურთხევა. ყველგან არ ხერხდება შეერთება სამრევლოებისა. მთაგორიანი სოფლები ერთმანეთს დაშორებულია და მოსახლეობა გაფანტული ცხოვრობს. როცა რომელიმე მღვდელს ვეტყოდი, მინდა ეკლესიები მოვინახულო-მეთქი, სიხარულს გამოხატავდნენ, მაგრამ როცა უკვე მოვემზადებოდი სამოგზაუროდ, სხვა საქმეს გამოიძებნიდა. მე მაინც მოვინახულე ლეჩხუმი, შორაპანის და არგვეთის ოლქის 11 ეკლესია. როგორც მთავარხუცესთა შემოტანილი სიებიდან ჩანს, 1925 წელს მოქმედი იყო: ქუთაისის ოლქში - 177, შორაპანის ოლქში - 130, რაჭაში - 18, ლეჩხუმში - 41, სვანეთში - 16. საეპარქიო მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოდუნებული იყო. მონასტრები გაუქმებულია, გარდა მათხოჯის დედათა მონასტრისა. აქ ეკლესია ჯერ არ გაუხსნიათ. ღვთისმსახურება სრულდება დიდ ოთახში. მონასტერში ძალიან ღარიბად ცხოვრობენ. მღვიმევის მონასტრის ტაძარი გახსნილია, როგორც სამრევლო ეკლესია. მოწამეთის ეკლესიის დაბრუნება უმაღლესი მთავრობის მიერ ნებადართულია, მხოლოდ ჯერ სისრულეში არაა მოყვანილი. შიშობენ, მონასტერი არ იქნეს აღდგენილიო. მე მივეცი წერილი, რომ სასულიერო მთავრობა არ შეეცდება მონასტრის აღდგენას. გელათის შესახებ ამბობენ: შეიძლება დაგვიბრუნონ წმინდა გიორგის ტაძარი, როგორც სამრევლოს ეკლესია. ესეც კარგი იქნება. მღვდელმონაზვნები მსახურობენ სოფლებში, როგორც მღვდლები. მიტროპოლიტის ბინაში და საეპარქიო კანცელარიის სახლში მოთავსებულია ბავშთა თავშესაფარი. არც საეპარქიო სანთლის ქარხანაა და არც საწყობი. ეკლესიები ყიდულობენ სანთელს კერძო პირთაგან. ნებადართულია, საეპარქიო კანცელარიის არქივი 5 წლის საქმეები და საეკლესიო წიგნები წავიღოთ უკან. კომისიას მღვდელთაგან დავავალე ამ საქმის შესრულება“.

მეუფე დავითი 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში დაინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა. 1926 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა. 1932 წლის 13 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

1934 წელს ხელისუფლებამ დახურა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და მისი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი დავითი აიძულა ეპარქია დაეტოვებინა. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა. 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მეუფე დავითი მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფის ცხედარი, 23 მარტს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დიდი პატივით დაასაფლავეს.

მეუფე დავითი სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ქადაგებათა I ტომი. გამოსაცემად მზადაა და 2010 წლის იანვარში გამოიცემა მისი ქადაგებანის II ტომიც.

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე მიტროპოლიტ დავითის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი დავითი სადაც კი სწავლობდა, ყველგან სამაგალითო მოწაფე გახლდათ, სათნო თვისების, დინჯი ხასიათის, სამაგალითოდ კაცთმოყვარე, ამასთანავე სწორი და მართალი ყველა ამხანაგის წინაშე. სიმართლე და ჭეშმარიტება მის გულსა და სულს ალმასივით ეწყობოდა, იგი ერთი სამაგალითო მისაბაძი გახლდათ. დავითს პატარაობის დროსვე ეტყობოდა დიდი მამულიშვილობა, ეს საოცრება იყო იმ დროის კოსმოპოლიტიკურ ხანაში, ვინაიდან მაშინ ქართველთ მამულიშვილთბა უმეცრად მრავალთაგან ადვილად უარყოფილი გახლდა, იმ დროის სემინარიის მოწაფეთაგან“.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 34-35, 2009 წ.