სარჩევზე გადასვლა

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ადამიანო!

ჩაუკვირდი შენს მდგომარეობას, რა უნდა იყო, და რა ხარ? როგორ უნდა იქცეოდე და როგორ ცხოვრობ? როგორ აგიქცევია გვერდი შენი პირდაპირი დანიშნულებისათვის? რას ახმარ შენს ძალ-ღონეს? როგორ ამოქმედებ შენთა ნიჭთა? შენ გონებით უნდა იკვლევდე ბუენბას და პოულობდე მაში შემოქმედის სახიერებას, სიბრძნესა და შემძლებლობას და აქებ-ადიდებდე მას; ხოლო შენ გაამაყებულხარ შენის გონებრივი ძალით და ყოველ ღონეს ხმარობ ჰგმო პიროვანი უზენაესი, დააჯერო თავისი თავი და სხვებიც, რომ იგი არ არსებობს, და თავის თავს აღმერთებ. შენ უნდა ცდილობდე თავის ბუნების გამჯობესებას, მოსპობას ბიწიერ მიდრეკილებათა და განმტკიცებას კეთილ მისწრაფებათა; და შენ კი ასუსტებ, ახშობ კეთილ ლტოლვილებათა და აძლიერებ ბოროტ სურვილთა, სრულ ნებას აძლევ ვნებათა. შენ უდნა ზრუნავდე მოყვასთა სიკეთეზე, კეთილდღეობაზე, მათთვის გული უნდა შეგტკიოდეს, და უნდა შეგქონდეს მათ ცხოვრებაში სითბო-სინათლე; და შენ კი მხოლოდ შენი თავი გახსოვს და არამც თუ არ თანაუგრძნობ მოძმეთ, არამედ, პირიქით, სდევნი მათ, თავის ბედნიერებას მათ დამარცხებაზე აშენებ და სხვისი ცხარე ცრემლები და გოდება ლხინად მიგაჩნია. შენ მუდამ უნდა მეცადინეობდე, თუ როგორ მიუახლოვდე უფალს, ბედნიერების ერთადერთს წყაროს, თუ როგორ განმშვენდე სახარებისებრ სათნოებით, და მით მოგენიჭოს ღვთაებრივი მადლი და აღივსო სანეტარო გრძნობებით; ხოლო შენ ფიქრობ ამაო ქვეყნიურ სიამოვნებაზე, საუკუნო ცხორებას ამჯობინებ საწუთოს და მუდამ, დღე და ღამე, ცხადლივ და სიზმარში, დაწინაურებაზე, პატივისცემის მოპოვებაზე, სასმელ-საჭმელზე, ტანსაცმელზე ფიქრობ და სულ ერთიანად იფლები სოფლიურ ზრუნვაში. როგორ შემცდარხარ და დაბნეულხარ! ეძიებ ბედნიერებას იქ, სადაც იგი არ არსებობს, და თვალს არიდებ იმას, რაშიდაც ნეტარება სუფევს. ნუთუ ვერ მიხვდი, რომ რასასც შენ ბედნიერებად სთვლი, რასაც შენ ეტრფი, ის არ არის მართლა ჭეშმარიტი ბედნიერების მომცემი, არ არის მომნიჭებელი მტკიცე მუდმივის კმაყოფილებისა და სიხარულისა? ნუთუ ვერ გაიგე ამდენს ხანს, რომ ქვეყნიურნი სიამოვნებანი, რომელთაც შენ გატაცებით ესწრაფი, გაძლევენ მხოლოდ წუთიერ სიამოვნებას და საუკუნოდ კი გიწამლავენ სიცოცხლეს, გიმრავლებენ ტანჯვა-წვალებას?

აი, როგორ დაცემულხარ და დამახინჯებულხარ, საწყალო ადამიანო! რისთვის არ იქცევი ისე, როგორც მოითხოვს საღი გონება და ძირითადი კანონები შენის ბუნებისა, როგორც გაჩვენებენ სინიდისი და უფალი? რისთვის ემონები ბოროტებას? ნუთუ გგონია, ცოდვილ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით ბედნიერებას მიაღწევ? გამოფხიზლდი, მიაპყარ შენნი ძალნი ნეტარების ჭეშმარიტ წყაროს, სძლიე ბოროტებას, დასთრგუნე ვნებანი, შეიმოსე სახარებისებრ სათნოებითა, აღაფრთოვანე ღვთისადმი შენი გული წრფელსა და მხურვალე ლოცვაში, შეუერთდი მას და იგი მოგფენს თავის ცხოველმყოფელ მადლს, აგავსებს სიხარულით და ნეტარგყოფს საუკუნოდ.