წმ. ეკლესია ქრისტიანეს, სხვათა შორის, ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინაარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრმა და მხურვალეა, სული მაღლდება, გონება ივლტის ღვთისადმი, გული ივსება სიხარულითა, და ადამიანი გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ზეციერი მამა, დაინახავს თუ არა აღფრთოვანებულ სულს, მისდამი მტოლველსა და მსურველს მასთან შეერთებისას, თავისი სახიერებისა გამო კეთილნებულობს და მის დაკმაყოფილებას, უახლოვდება მას, ჰფენს მას თავის სხივებს, ავსებს მისს არსებას ციური სიტკბოებითა და ანიჭებს მას თავის ცხოველმყოფელ მადლს, რომელიც ეწევა მას სულის განწმენდაში. საღმრთო წერილის კჲთხვა ანათლებს კაცის გონებას, სავსებით და ცხადად უხატავს მას ღვთის ნებას, სასუფევლისა გზასა, ასპეტაკებს და აკეთილშობილებს მის გულს, ბადებს მასში წმინდა გრძნობებს, წარმოშობს მასში უმაღლეს მისწრაფებათა და სურვილთა, და ამ სახით სული იწყებს ხოლმე აღმაფრენას, წმიდანების ცხოვრების კითხვა თვალწინ უყენებს ადამიანს სხვადასხვაგვარ იდეალთა, სათნოებათა, განხორციელებულთა ადამიანებსი მიერვე, უჩვენებს მას კერძო საშუალებათა ბოროტების დათრგუნვისათვის და კეთილის აღსრულებისათვის, ამხნევებს, ახალისებს და აქეზებს მას ქრისტიანული იდეალების შესისხლორცებისათვის. გარნა, რომ ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა იყოს კეთილნაყოფიერი, ღვთისათვის სასიამოვნო და ადამიანისთვის სასარგებლო, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი შეერთებულნი იყვნენ ნების განვითარებასთან, სულის გაუმჯობესებასთან, სახარებისებრივ ცხოვრებასთან. თუ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ზნეობრივი განათლება, სათნოიანი ცხოვრება თან არ ჰყვება, მაშინ მათ არ მოაქვთ ჯეროვანი ნაყოფი. მაცხოვარმა ბრძანა: „არა ყოველმან, რომელმან მარქვას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მათ. 7,21). მოციქული პავლე იტყვის, რომ არა მსმენელი საღმრთო წერილისა გამართლდება, არამედ მისი აღმსრულებელი. წმ. მამა ეფრემ ასური ამბობს: „თუ ჩვენს ლოცვას სითავმდებლე, სიყვარული, სიწრფელე და გულკეთულობა არ ამშვენებს, უსარგებლოა იგი“. ამნაირად, ქრისტიანემ, თუ მას უნდა, რომ ლოცვაში წარმატება ჰქონდეს და სასულიერო წიგნების კითხვა მისთვის სასარგებლო იქნეს, უმთავრესად უნდა იზრუნოს თავისი ნების გავარჯიშებაზე, კეთილ საქმეში განმტკიცებაზე. ქრისტიანემ დრო უმეტესად უნდა მოანდომოს თავისი ნების გაწვრთნას, გასწორებას; ბოროტებისაგან მოცილებას და კეთილისადმი მიქცევას. ის აზროვნებასთან და მგრძნობელობასთან ერთად დაუღალავად უნდა მოქმედებდეს; თვითეულ სხივმფინარე აზრს, მის გონებაში წარმოშობილს, ღრმად უნდა ინერგავდეს თავის ბუნებაში, უნდა ჩაიყვანოს იგი სულის სიღმემდის და ნებაში უნდა ჩააწნას; ის არ უნდა დასჯერდეს ქრისტეს მცნებათა სიმშვენიერის ჭვრეტათა, არამედ უნდა შეისისხლხორცოს ისინი; არ უნდა კმაყოფილდებოდეს ბიწიერებისადმი სიძულვილითა, არამედ იწყოს მისი მოკვეთა. დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანე თავის ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანე ყურდღებას ამყარებს თავის-თავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულევანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდებლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტილებას. ამის შემდგომ მისი უპირველესი და მუდმივი ფიქრი ის არის, რომ ყოველთვის მზად იქნეს სასტიკი ბრძოლისათვის თავის ცოვით სურვილებთან. ის თვალ-ყურს ადევნებს თავის აზრებს, გრძნობებს, მისწრაფებათა, რომელნიც მასში ანუ შიგნიდან აღიძვრიან, ანუ გარედან შთავლენ; ჩხრეკს მათ, და თუ ისინი სინდისსა და სახარებას ეწინააღმდეგებიან, ცდილობს განდევნოს ისინი თავისი სულიდან. ხოლო თუ ეთანხმებიან, სისრულეში მოჰყავს ისინი. ის მუდამ ეუბნება თავისთავს: სულო ჩემო, აღდეგ, ნუ მიეცემი თავდავიწყებას, აღიჭურვე მოთმინებითა და სიმხნით, ებრძოლე ბოროტებას და სძლიე მას. აღვნიშნოთ ზიგიერთი შემთხვევები ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს შეუძლია, ეომოს ცოდვასა და სძლიოს მას. მაგალითად, რომელიმე პირს ამხანაგები აწყენინებენ რითიმე. ამცირებენ ლაპარაკში, ვნებენ საქმით: ხოლო ის ყოველივე ამას ითმენს, არ გარისხდება, არ წამოისვრის ლანძღვით სიტყვებს, არ ეკიდება მათ მტრულად და არ სარგებლობს მარჯვე დროით, რომ მათ სამაგიერო გადაუხადოს; ის მათ სულითა და გულით აპატიებს. ანუ ვინმე ხედავს თავისი ამხანაგის ბედნიერებას და ის ძალას ატანს თავის თავს, რომ იგი შურმა არ შეიპყროს. ანუ ვინმემ მოისმინა მუსაიფი, რომელშიც რომელიმე პირს ჩრდილი მიაყენეს, აძაგეს, და ის არ მირბის იმ პირთან და არ გადასცემს მას ნალაპარაკევს. ანუ ხედავს ვინმე ადამიანს, ბუნებისგან დასჯილს, ნიჭით ნაკლებს, უსახოს, და იგი თავის იჭერს, რომ არ დასცინოს მას, არ იმახვილოს მასზე, არ შეიძულოს იგი; პირიქით, ცდილობს, დაუახლოვდეს მას, მოეხმაროს მას, რითაც შეუძლია, და დაჩაგრულს გული დაუტკბოს, და სხვადასხვა, რასაკვირველია, ადამიანი ერთბაშად და ერთნაირივე ზომით ვერ შეებმება და ვერ იტყვის უარს თავის ცოდვით მიდრეკილებათა. პირველ ხანებში იგი დამარცხდება, მაგრამ მერმე თანდათან იწყებს გამარჯვებას, საჭიროა ოღონდ, რომ ენერგია არ დაკარგოს.
ასე, ადამიანი, დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრასა, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორციელებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწყვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუნვა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფრიად ძნელია იმის მოპოვება. აი, როცა ადმაიანი ამ პირდაპირი სულის განახლებისადმი მიმყვანელ გზას დაადგება, როცა შეუდგება თავისი ნების აღზრდას, ღვთის ნების აღსრულებასა და ბიწიერებისგან უკუქცევას, მაშინ, მხოლოდ მაშინ, იქნება ღვთისთვის სასიამოვნო და მისთვის სასარგებლო ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა, მაშინ დაუკავშირდება იგი უფალს. და აი, იმიტომაცაა ის სატირალი მოვლენა, რომ თუმცა ზოგიერთნი გულმოდგინედ კითხულობენ საღმრთო წერილს, ზედმიწევნით სწავლობენ მას და ხშირადაც ლოცულობენ, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ისინი უყურადღებოდ ტოვებენ უმთავრეს საქმეს - ნების გავარჯიშებას, თვითგასწორებას, და მით იდეებსა და სინამდვილეს შორის ურთიერთობა არ სუფევს.