ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკლესია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ. როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ოქრომკედით ქსოვილი შესამოსლებით და სხვა ძვირფასი ნივთებითა, როგორ უხვად და დაუზარებლად სწირავდნენ თავის ადგილ-მამულებს. მოიგონეთ ეს შესანიშნავი თვისება თქვენს წინაპართა, და თუ ცოტათი მაინც აფასებთ მათ ხსოვნას, შეირჩინეთ იგი, აღინთეთ სიყვარულითა ეკლესიის მიმართ და გამოაჩინეთ იგი საქმეში. აი, გელათი, ალავერდი მცხეთის საკრებულო ეკლესია და სხვანი ძვირფასნი ნაშთნი ჩვენის წარსულის ბრწყინვალე დროისა: მიაქციეთ მათ ყურადღება: რა იყვნენ ისინი ერთ დროს და რას წარმოადგნენ ახლა? გული დაგიღონდება, ნაღველით აგევსება, როცა მათ დაინახავ. ცოდვა არ არის, რომ ეს შესანიშნავი ადგილნი, მაჩვენებელნი ჩვენის წარსული ნათელმოცული ცხოვრებისა, ჩვენის კულტურული განვითარებისა, მოწამენი, რომ ჩვენ საშუალო საუკუნეებშიაც ვცხოვრობით ისტორიული ცხოვრებითა და გვქონია განათლება, მომაგონებელნი ძველის დროისა, ბედნიერ და შავდღეთა, - ასე მივიწყებული, ასე სამწუხარო მდგომარეობაში იყვნენ! ცოდვა არ არის, რომ ის დიდებული ადგილები, სადაც ერთ დროს ჩვენი მეფეები ლოცულობდნენ, სადაც კათალიკოსები მსახურებდნენ, სადაც გამშვენებული წირვა-ლოცვა სრულდებოდა, სადაც ჩვენი წინაპრები ღმერთს თავის თავს გულმხურვალედ ავედრებდნენ, სადაც სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა, - ახლა უყურადღებოდ დატოვებულია და ასეთ სატირალ მდგომარეობაშია! ცოდვა არ არის, რომ გელათის მონასტერი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველხარისხოვან მონასტრად ითვლება, თავისი მოწყობილობით, თავისი ქონებით, რუსეთის უკანასკნელ მესამეხარისხოვან მონასტერსაც კი ვერ შეედრება! რას იტყვის უცხოელი ამის მხილველი? რა წარმოდგენას იქონიებს იგი ჩვენს ეკლესიებზე საერთოდ? რა აზრს შეადგენს იგი ჩვენს სარწმუნოებაზე? რა ფიქრები უნდა აღეძრას მცხეთის საკრებულო ტაძრის მხილველსა? აქ განისვენებენ ჩვენი მეფენი, აქ პირველად გაისმა დიდება ქრისტეს სახელისა, აქ დადო პირველი თავისი ღვაწლი წმ. ნინომ, - და ჩვენ როგორ ვეპყრობით ამ წმიდა ადგილსა? ალავერდი, ეს გამაოცებელი ნაშთი ქართველთ განვითარებისა, შრომისა, ძლიერებისა და დიდებისა, ყველასგან მიტოვებულია. განა ეპატიება ჩვენს ერს ასეთი გულგრილობა ამ დიდებული ნაშთებისადმი? ნუთუ ჩვენს ხალხს მთლად დაეკარგა სიყვარული ეკლესიისადმი? ნუთუ მას არავითარი პატივისცემა არა აქვს თავისი წინაპრებისადმი, რომელთაც ეს ნაშთები დაგვიტოვეს? არა, ჩვენი ერი შეიგნებს ამ ძველი ნაშთების მნიშვნელობას და იზრუნებს მათ დაცვასა და გამშვენებაზე. თავდაპირველად მათზე ზრუნვას იქონიებენ ჩვენნი დიდებულნი და ნასწავლნი, როგორც ჩვენი ხალხის მოწინავე პირნი, როგორც უფრო შეგნებულნი, როგორც ნივთიერად უფრო შეძლებულნი და მერმე მათს მაგალითს ხალხიც მიბაძავს. თავადაზნაურნო და ინტელიგენტნო! ისმინეთ ღაღადება, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი; დროზე ყური ვუგდოთ ამ დიდებულ ნაშთებს, თორემ მომავალი შთამომავლობა ზიზღით მოგვიხსენებს.