ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, ადამიანნი სრულიად სპეტაკნი გონებითა და გულით, შემკულნი სხვადასხვა სათნოებითა, პირადის სარგებლობის უარისმყოფელნი, მოძმეთა სიკეთისთვის თავგამოდებულნი იყვნენ ძველ დროში, განსაკუთრებით კი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. ამისთანა ნათელმოსილ პირებზე ახლა მხოლოდ წიგნებში ვკითხულობთ, აწინდელ ცხოვრებაში ასეთი ბრწყინვალე ადამიანები არ მოიძებნებიან. ახლა აქა-იქ ჩანან მხოლოდ ზოგიერთი მხრივ ღირსეული პირები. მათ ბევრი ნაკლულევანება აქვთ, მაგრამ თანაც აქვთ ისეთი თვისებები, რომელნიც მათ სხვებზე წინ აყენებენ და ხდიან საზოგადოებისთვის შესამჩნევლად, სასაარგებლოდ. აი, ასეთ პირებს ეკუთვნოდა განსვენებული დეკანოზი დავითი. ნაკლულევანებანი ჰქონდა მას, მაგრამ მაინც მას მთელ ჩვენს ქართველ სამღვდელოებაში საპატიო ადგილი ეჭირა. ჩვენ, ყველანი, ჩაფლულნი ვართ ამ ცხოვრების სიამეთა ძიებაში, ვუნდებით კუჭის მოთხოვნილებათა და პატივისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ის კი ლაპარაკობდა, წერდა, ხმაურობდა საზოგადო კითხვებზე, უშიშრად ხმას იღებდა, ნაწილს ჩვენის ერისას აწვდიდა მასალას განათლებისათვის, თვითცნობიერების გაღვიძებისთვის. რად ღირდა მხოლოდ ის, რომ მთელ სამღვდელოებაში მარტო ის ძლებდა სასულიერო გაზეთის გამოცემას 30 წლის განმავლობაში შეუწყვეტლად. დიაღ, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დეკანოზმა დავითმა კვალი დატოვა; მას არაერთხელ მოიგონებენ, ამიტომ იმისი სიკვდილი ჩვენთვის სამწუხაროა. მაგრამ რას ვიზამთ? ღმრთის ნებას უნდა დავმორჩილდეთ. დაგვრჩენიაღა, შევსთხოვოთ უფალს, განუსვენოს მას თავის სასუფეველში და ჩვენ იმისი მაგიერი მოგვივლინოს, რათა განგრძობილ იქმნეს ის შრომა, რომელსაც იგი ეწეოდა საზოგადოებისთვის. ღმერთმა ინებოს!
ქვაშვეთი, 28 დეკემბერი, 1910 წ.