ვხედავთ ამ წმიდა გარდამოხსნას, მასზე გამოსახულ ჯვარცმულ მაცხოვარს და ვივსებით მწუხარებითა. გული გვიღონდება იმ უზომო ტანჯვა-წამებათა წარმოდგენაზე, რომელნიც დაითმინა იესო ქრისტემ ურიათაგან. ასე შეუბრალებლად, სასტიკად მოექცნენ ებრაელნი მაცხოვარს, როცა მას იმათთვის და საზოგადოდ არავისთვისაც არაფერი ცუდი არ უქმნია. პირიქით, მან მთელი კაცობრიობა გააბედნიერა, მიანიჭა მას ჭეშმარიტება და ცხონება, უჩვენა მას გზა, მიმყვანელი ზეციერი მამისადმი, საუკუნო ნეტარებისადმი. ამასთანავე ჩვენ გვიკვირს, თუ როგორ დაუბნელდათ ებრაელებს გონება, რომ ამისთანა კეთილისმყოფელი, ამისთანა სპეტაკი სულითა, მართალი, უმანკო არსება აწამეს და ბოლოს ჯვარზე გააკრეს, და თან მოგვდის ჯავრი მტანჯველთადმი.
გარნა, ძმანო, რა სასაცილოა ჩვენი ასეთი საქციელი მართლა, რომ ჩვენ თვითონ ვართ გონებადაბნეულნი, რომ ებრაელებს ვკიცხავთ. ვაძაგებთ მაცხოვრის ასე ტანჯვისათვის და ამავე დროს ვერ გამჩნევთ, რომ ჩვენ თვითონ უარესად ვეპყრობით იესო ქრისტეს, უფრო მეტ დამცირებასა და მწუხარებას ვაყენებთ მას, ვიდრე ებრაელნი. ურიათა არა უწყოდნენ, თუ ვინ აღმართეს მათ ჯვარზე; იმათ ის ეგონათ უბრალო კაცი, მატყუარა. აკი მაცხოვარმა, ჯვარზე ჩამოკიდებულმა, სიკვდილის წინ თქვა: მამაო, შეუნდევ მათ, რადგან არა იციან, თუ რას შვრებიან; ჩვენ კი ვიცით, ვინცაა იესო ქრისტე, თუ რა სიკეთე შეგვძინა მან; გვესმის, რომ იგი დიდი მადლობის ღირსია, რომ ჩვენ მოვალენი ვართ, ვადიდოთ ის, ვემსახუროთ მას მთელ ჩვენს სიცოცხლეში. გარნა ამავე დროს უგულებელსვყოფთ იმის მცნებას, იმის რჩევას, რომ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება იმის სწავლისამებრ, მოვსპოთ ჩვენს გუნებაში ბოროტება და გავამეფოთ კეთილი, ნამეტურ მივსცეთ ადგილი სიყვარულსა და მშვიდობას. თავის გამოსათხოვარ სიტყვაში მან უთხრა მოციქულებს: იქონიეთ სიყვარული ერთიმეორისადმი და ამით გაიგებენ, რომ თქვენ ხართ ჩემი მიმდევარნიო. აჰა, ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენ ცხოვრებას, საზოგადოსა და კერძოსა, და პირუთვნელად გავსინჯოთ იგი, აბა თუ ცოტათი მაინც ვასრულებთ მაცხოვრის სწავლას, აბა თუ რომელ სათნოებას აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში? სინდისის ქვეშ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენი გონება, გული და მნებელობა ძალიან შორსაა სახარებიდან. აბა რითი განვირჩევით ჩვენ არაქრისტიანეთაგან? იგივე დაუსრულებელი ზრუნვა და შფოთი მხოლოდ არსებობისათვის ამ სოფლად, ჭამა-სმისთვის, ხორციელ სიამეთათვის; იგივე სიძულვილი, შური, განხეთქილება, კაციჭამიაობა, ერთიმეორის დაღუპვა! არავინ, არავინ არ ცდილობს ქრისტეს სათნოებანი განახორციელოს! ვის ვამტყუნებთ? რითი ვამტკიცებთ ჩვენს პატივისცემასა მხსნელისადმი? პატივს ვცემთ კი არა, ვარისხებთ კიდეც ჩვენის არაქრისტიანული ცხოვრებით.
არა, ძმანო, ებრაელები კი არა, ჩვენი თავი უნდა ვაძაგოთ, რომ ვცრუობთ, ტყუილად ვატარებთ ქრისტეს სახელს, რომ ჩვენი ცხოვრება სრულიად არ შეეფერება იმის მაღალ სწავლას.
თელავი, 1912 წ.