დღეს თქვენ გესმათ თქმული იესო ქრისტეს მიერ იგავი უძღებ შვილზე. ვისწავლოთ ამ იგავიდან. უძღების მოქმედების ქვეშე უნდა ვიგულისხმოთ კაცის მოქმედება.
შვილმა მოსთხოვა მამას თავისი წილი ქონებიდან. განეყო მას, წარვიდა მისგან შორს, იქ ცხოვრობდა არაწმიდებითა, გაფლანგა თავისი საცხოვრებელი და შემდეგ დიდ გაჭირვებას განიცდიდა. კაცმა მიიღო ღვთისგახ, ზეციერ მამისაგან, ქონება-ნიჭნი: გონება, გული, მნებელობა, ღონე - და განეშორა მას; მასთან მჭიდრო, ცხოველი კავშირის დაჭერას, მასთან ერთად ცხოვრებას ამჯობინა განცალკევებით ყოფნა, იმის ნების ასრულებას, იმის მიერ ნაჩვენებ სათნოებათა განხორციელებას არჩია თავის ნებაზე მოქმედება, თავისი თავმოყვარეობით ბიწიერი სურვილების დაკმაყოფილება. ამნაირის ქცევით მან წარადო თავისი ქონება, დაკარგა მსგავსება ღვთისა და ამასთან ერთად ბედნიერებაც. ამიტომ იგი აწ წუხს და იტანჯება ბუნებისაგანაც და კაცთაგანაც.
უძღები შვილი მოვიდა გონს და უთხრა თავისთავს: რამდენი კაცია მამაჩემთან კმაყოფილებაში და მე კი აქ ვწვალობ, წავალ მასთან და ვეტყვი: შეგცოდე, მამავ, ძლიერ გაწყენინე, არა ვარ ღირსი, ვიწოდო შენს შვილად, გარნა მაპატიე და მიმიღე მოსამსახურედ. - ქრისტეანე უნდა ჩაუკვირდეს თავის მდგომარეობას, უნდა მიხვდეს, რომ არ ვარგა მისთვის ყოფნა განშორებით ღვთისა, რომ იგი კაცურ დანიშნულებას აასრულებს და ბედნიერებას იპოვნის მაშინ, როცა უფალთან დაბრუნდება. მას შეუერთდება და მის მცნებათაებრ იცხოვრებს. უძღებმა შვილმა თავისი განზრახვა, თავის ნათქვამი სისრულეში მოიყვანა, აღდგა, მივიდა მამასთან და უთხრა მას: მამავ, შეგცოდე, არა ვარ ღირსი ვიყო შენი შვილი, გარნა შემინდევ, მიმიღე, როგორც ერთი მუშაკთაგანი. - კაცმა უნდა შეიგნოს აუცილებლობა ღმერთთან დაბრუნებისა, იმის წმ. ნებისამებრ ცხოვრებისა და მართლაც უნდა მიიქცეს იმისადმი, უნდა მოიკვეთოს, განაგდოს ცუდნი ჩვეულებანი, ცოდვითნი მიდრეკილებანი და შეიძინოს კეთილნი თვისებანი, უნდა მოიპოვოს მსგავსება ღვთისა.
მამამ დიდის სიხარულით მიიღო უძღები შვილი, შემოსა იგი და გამართა ლხინი იმის მოსვლისა გამო. - ღმერთიც სიყვარულით მიიღებს ყოველივე კაცს, რომელიც ისურვებს მასთან მისვლას, რომელიც მოიშორებს ბოროტ ჩვეულებათ და ღვთის ნებას დაემორჩილება, სახარებისამებრ მოიქცევა; უფალი მას აღავსებს სასიხარულო გრძნობებითა, მიანიჭებს თავის ცხოველმყოფელ მადლსა და ნეტარყოფს მას საუკუნოდ.
მაშ, ძმანო, ვისწრაფოთ უფლისადმი, გავისწოროთ ხასიათი, ვიცხოვროთ კეთილად, შევიმოსოთ სათნოებით და ზეციერი მამა მოგვცემს სულის კმაკოფილებას, ჩვენს გულში ააჩქეფს უშრეტ წყაროს ბედნიერებისას.
ქვაშვეთის ტაძარში, 1910 წ.