იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასებო...! 1950 წ.

გისურვებთ მშვიდობას, მშვიდობას ღვთისას, რომელიც ყოველგვარ გონიერებას აღემატება და ადამიანს ღმერთთან აერთებს. ადამიანი რომ განათლდეს ამ ღვთიური მშვიდობით, თავად უნდა გაისარჯოს სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ურთიერთის ცოდვათა მიტევებითა და ყველასადმი ყოველგვარი წყენის შენდობით.

„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ქრისტეს სჯულის აღმასრულებელი კი განათლდება ქრისტესმიერი მშვიდობით, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურ გონიერებას. ეს მშვიდობა ადამიანს უგრძნობელს ხდის მიწიერი მწუხარებისა და განცდების მიმართ, ანელებს ამ წუთისოფლისადმი ყოველგვარ ინტერესს, განაშორებს ადამიანს მწუხარებას, გულში ბადებს ყველასადმი სიყვარულს, რომელიც ფარავს მოყვასის ნაკლს, შეუმჩნეველს ხდის მას, გაიძულებს, სხვა უფრო მეტად გებრალებოდეს, ვიდრე საკუთარი თავი. ამ მშვიდობისკენაა მოწოდებული ქრისტეს ყველა მორწმუნე, განსაკუთრებით კი - მონაზვნები. და თუ ამის მსგავსი არაფერი გაგვაჩნია, მაშინ ვიტიროთ მაინც ღვთის წინაშე იმის გამო, რომ გლახაკნი ვართ, ღატაკნი, ყოველგვარი სიკეთისაგან განძარცვულნი და შევწყვეტთ ერთმანეთის განსჯასა და ყვედრებას. რადგან თავად უღირსთ შეგვეშინდება, ღვთისგან უარყოფილნი არ დავრჩეთ. „კურნავდნენ ბაბილონს და არ განიკურნა“. კიდევ დიდხანს მოგვითმენს უფალი? ღვთიურ სიყვარულს უკავშირდება ღვთიური სამართალი, რომლის გამოც ადამია სამოთხიდან განიდევნა, მოხდა წარღვნა, დაიწვა სოდომი და გომორი. ჯვარს ეცვა უფალი, იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო. დავიმდაბლოთ თავი ურთიერთისა და ღვთის წინაშე, ვიგლოვოთ ჩვენი მოურჩენელი წყლულები, შეძლებისდაგვარად ვაიძულოთ ერთმანეთს ურთიერთის სიყვარული. მაშინ სიმდაბლისა და სხვათა დათმენისათვის უფალიც მოგვითმენს ამ კანონის მიხედვით: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. და თუკი უბრძოლველად დავნებდებით ვნებებს, მაშინ რაღა გველის, თუ არა გაძევება? ღვთის სასუფეველი არის სასუფეველი მშვიდობისა, სიყვარულისა, სიხარულისა, სიმშვიდისა და სხვათა, საპირისპირო თვისებებით კი ღვთის სასუფეველში ვერ შევალთ. უნდა გარდავიქმნათ ჩვენი თავი, ვიგლოვოთ ჩვენი სულის გახრწნილება და ვევედროთ უფალს, ვითარცა კეთროვანი, რათა განგვკურნოს და განგვწმინდოს. „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ“ კარი სინანულისა, ტირილისა, ლმობიერებისა, რაც მშვიდობისა და ცხონების მშობელისა. დაე, ესე იყავნ, იყავნ!..

 

წინა

შემდეგი