იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1952 წ.

... მთელი კაცობრიობა, თითოეული ადამიანი ღრმა დაცემულობასა და გარყვნილებაშია. ადამიანს თავად არ ძალუძს, გამოსწორდეს და ცხონდეს, გახდეს ღვთის სასუფევლის ღირსი. ცოდვებისგან ადამიანს წმენდს უფალი იესო ქრისტე. სწორედ ამისთვის მოვიდა იგი დედამიწაზე. მაგრამ ეხმარება იმას, ვისაც სწამს ქრისტე, შეგნებული აქვს თავისი უკეთურება, როგორც საერთოდ ვუწოდებთ, თავისი ცოდვილობა. ასეც ამბობს უფალი: „რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა (ე.ი. არა მათთვის, ვინც თავის თავს წმინდად და კარგად მიიჩნევს), არამედ ცოდვილთა სინანულად“. სწორედ მას უხმობს უფალი, ვინც დაინახა თავისი ბოროტება, თავისი ცოდვილობა, თავისი უძლურება საკუთარი თავის გამოსწორებაში და დახმარებისათვის იესო ქრისტეს მიმართა, უფრო სწორად, ვინც შესთხოვა უფალს შეწყალება, ცოდვათა წყლულებისაგან განწმენდა, სულიერი კეთრის განკურნება, მხოლოდ ღვთის წყალობით და არა რომელიმე თავისი კეთილი საქმის გამო ღვთის სასუფევლის მოპოვება.

სულიერ გზაზე სწორად მიმავალი დროდადრო თავის თავში სულ უფრო და უფრო მეტ ცოდვებს ხედავს, ვიდრე სულიერი თვალით საბოლოოდ არ დაინახავს თავის თავს მთლიანად ცოდვებში, სულიერ კეთრში ჩაფლულს და მთელი გულით არ იგრძნობს, რომ ჭუჭყი და უწმინდურებაა, რომ ღირსი არ არის, წარმოთქვას ღვთის სახელიც კი და, როგორც მეზვერე, მწუხარებისაგან თავდახრილი გულისტკივილით აღმოთქვამს: უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი. როცა ადამიანი დიდხანს იქნება ასეთ სულიერი მდგომარეობაში, თანდათან გამართლდება ღვთის წინაშე, როგორც გამართლდა მეზვერე.

თუკი ადამიანი თავის თავს წმინდად თვლის და ცალკეული ცოდვა, თუნდაც მძიმე, შემთხვევითად მიაჩნია, რომლის ჩადენაშიც იმდენად არ ადანაშაულებს თავის თავს, რამდენადაც გარემო პირობებს, ან ადამიანებს, ან ეშმაკებს, ამგვარი განწყობა არასწორია, მაჩვენებელია აშკარა, ან ფარული ხიბლისა, რომლისგანაც გვიხსნა უფალმა.

მართალი გზით რომ ვიაროთ, თვალყური უნდა ვადევნოთ ჩვენს თავს, ჩვენი საქმე, სიტყვა, გულისთქმა, მისწრაფება თუ სხვა უნდა შევადაროთ ქრისტეს მცნებებს, თავი არაფერში გავიმართლოთ, ვეცადოთ, რამდენადაც შეგვიძლია, გამოვსწორდეთ, არ დავადანაშაულოთ და არ განვიკითხოთ არავინ, სინანულში უნდა ვიყოთ ღვთის წინაშე, თავი უნდა დავიმდაბლოთ ადამიანებისა და უფლის წინაშე - მაშინ უფალი ასეთ ადამიანს თანდათან დაანახებს თავის ცოდვებს, თავის დაცემულობას, თავის გადაუხდელ ვალს. ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს - 50, მაგრამ გადახდის საშუალება არც ერთს არ ჰქონდა.

უფალმა თავისი წყალობით ორივეს უნდა აპატიოს, მაშასადამე, არ არსებულა ისეთი მართალი ადამიანი, რომელიც არ საჭიროებს მაცხოვრის წყალობას.

და, აი, სიბრძნე ღვთისა! აშკარად ცოდვილმა, შეიძლება, უფრო დაიმდაბლოს თავი და ცხონდეს, ვიდრე - გარეგნულად მართალი. ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მეზვერენი და ცოდვილნი წინ წარუძღვებიან გარეგნულად ბევრ მართალს ღვთის სასუფეველში.

ღვთის უდიდესი სიბრძნის წყალობით, ცოდვა და ეშმაკი ხელს უწყობს ადამიანის დამდაბლებას და ამ გზით მის ცხონებას. აი, ამიტომ არ ბრძანა უფალმა იფქლიდან ღვარძლის აღმოფხვრა, ღვარძლის გარეშე აღმოცენდებოდა ამპარტავნება, უფალს კი სძულს ამპარტავნება. ამპარტავნებაცა და ქედმაღლობაც დამღუპველია ადამიანისათვის.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ნათქვამიდან? შეიცანით თქვენი უძლურება და ცოდვიანობა, არავინ განიკითხოთ, თავი არ გაიმართლოთ, დამდაბლდით და თავის დროზე უფალიც აღგამაღლებთ.

უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი.

შემინდეთ და ილოცეთ ჩემთვის...

 

წინა

შემდეგი