იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ქრისტე აღსდგა! 1958 წელი.

მივიღე თქვენი სევდიანი წერილი. თქვენ იცით სულიერი კანონი: „მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩუენდა შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა“, „სოფელსა ამას ჭირი აქუს“, „მოთმინებითა (განსაცდელითა) თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი!“ და სხვა. ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველა მორწმუნემ. ღმერთკაცმა დაითმინა ფურთხება, გვემა, ყვრიმალსცემა და სხვა შეურაცხყოფა, საშინელი ჯვარცმა და სიკვდილი; ღვთისმშობელი დედის სულში მახვილმა გაიარა და მაცხოვრის ტანჯვა მუდამ მის გულში ტრიალებდა. რა გადაიტანეს მოციქულებმა, მოწამეებმა, ღირსმა მამებმა და ქრისტას სხვა ჭეშმარიტმა მიმდევრებმა?

„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“.

თუ თქვენ გულწრფელად გსურთ, რომ იესო ქრისტეს მიმდევარი გახდეთ, მაშინ არ არსებობს სხვა გზა, გარდა უფლის მიერ მითითებულისა, ეს არის შინაგანი ტანჯვის და ფიზიკური ტკივილის გზა, სხვადასხვა სახით გამოვლენილ ვნებებთან განუწყვეტელი ბრძოლის გზა. არსებობს აშკარა ვნებები: ნაყროვნება, სხვადასხვა სახის მრუშობა, ვერცხლისმოყვარეობა, მოწყინება, სიცრუე, სასოწარკვეთილება, მრისხანება, პატივმოყვარეობა, ამპარტავნობა, ურწმუნოება, შური, მოყვასის განკითხვა და სხვა და სხვა. ქრისტეს მიმდევარს თანმიმდევრობით უწევს ბრძოლა თითოეულ მათგანთან, მარცხდება და იმარჯვებს, ეს კი ძალთა მოკრებას, მოთმინებას მოითხოვს. ხშირად ეს ნამდვილ ტანჯვად, ჯვარცმად იქცევა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ორიდან ერთ-ერთს ირჩევს ადამიანი: ან ყოველგვარი ბრძოლის გარეშე ნებდება მათ, ღალატობს ქრისტეს, ამჯობინებს წუთისოფელსა და მის სიამეებს, ან იბრძვის, იტანჯება და ამგვარად იზრდება სულიერად,

თქვენი მდგომარეობა, რომლის შესახებაც მინიშნებით მწერთ, ასევე ვნებაა, ძველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ბოროტის სხვადასხვანაირი ვერაგობით მუდამ მიჩქმალული, შენიღბული და გართულებულია. მართალია, დაცემის შემდეგ ეშმაკები დაბნელდნენ, მაგრამ ანგელოზებრივი გონება და სხვა თვისებები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნეს. მათ ბრწყინვალედ შეისწავლეს ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვისებები, მათ შეუძლიათ ადამიანის სხეულზე, ნერვებზე, ტვინზე ზემოქმედება. ისინი ადამიანის სულიერ თვისებებსა და გამოვლინებებზე ზემოქმედებენ, ამასთანავე ყოველთვის მოქმედებენ ბოროტად, ადამიანის დასაღუპავად. იმდენად, რამდენადაც ადამიანი ხედავს აშკარა ვნებებსა და მათგან მოტანილ ზიანს, ბოროტი სულები ცდილობენ, ყველაფერი არივ-დარიონ, რათა ადამიანი დააბნიონ, ვნებებს კი ანიჭებენ განსაკუთრებით დიდ მიშვნელობას, გარეგნულ მომხიბვლელობას და სხვა და სხვა. უსაზღვროა მათი ეშმაკობა, მზაკვრობა, სიცრუე, ყვლა შესაძლო ხერხი, რომელსაც ისინი ადამიანის საცდუნებლად და წარსაწყმედად იყენებენ.

ჩვენ, ახალბედებმა, გამოუცდელებმა, რომელთაც სულიერი ხელმძღვანელი არა გვყავს, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ არ ძალგვიძს ვნებებისა და ეშმაკების დამარცხება და ძლევა, მაგრა მთელი ჩვენი ძალით უნდა ვიბრძოლოთ და მათი თავდასხმისას განუწყვეტლივ მუდამ მოვუხმოთ უფალს შეწევნისათვის. „ყოველი თესლები (ეშმაკები და ვნებები) გარე-მომადგეს მე, და სახელით უფლისაითა ვერეოდე მათ“. ვერც თქვენ შეძლებთ საკუთარი ძალით ეშმაკის დამარცხებად და, მით უმეტეს, ვერც სხვა ადამიანი შეგაძლებინებთ გამარჯვებას. მხოლოდ უფალს ძალუძს თქვენი შეწევნა. მაშასადამე, ბევრი უნდა ვილოცოთ მოწიწებით, შემუსვრილი გულით, ღვთის წინაშე უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ვნებები, ჩვენი უძლურება, შენდობა და შეწევნა შევთხოვოთ მას. ამგვარი მოქმედებით მალე იგრძნობთ სიმყუდროვესა და სულიერ სიმშვიდეს, გარკვეულ სიმდაბლეს და გადაწყვეტთ, ყველაფერი დაითმინოთ ღვთის გულისათვის და საკუთარი ცხონებისათვის.

რამდენიმე სიტყვას გეტყვით თქვენი მდგომარეობის შესახებ, რომელიც, რატომრაც, მხოლოდ თქვენს კუთვნილებად მიგაჩნიათ, კერძოდ, მარტოობის, მიტოვებულობისა და სხვა გრძნობები.

მე არ შევხვედრილვარ არც ერთ ქალიშვილსა თუ მარტოხელა ქალს, ამას რომ არ განიცდიდეს. ეს, ცხადია, ქალური ბუნების თვისებაა. ევას დაცემის შემდეგ უფალმა უთხრა: „...და ილტვოდე შენი ქმრისაკენ...“ ეს ლტოლვა (არამარტო ხორციელი, არამედ უფრო მეტად, ფსიქიურია, ზოგჯერ კი - მხოლოდ ფსიქიური), ცხადია, მოქმედებს ყველა მარტოხელაზე, სხვადასხვა მრავალფეროვანი საშუალებით გაუცნობიერებლად შეცვლილი და შელამაზებული. ადამის ნეკნიდან ამოღებული, ის ყოველთვის მიილტვის თავისი ადგილსამყოფელისაკენ, რომ ერთი მთლიანი ადამიანი შექმნას. ნუ გეწყინებათ, ამას რომ გწერთ, არამედ გაერკვიეთ თქვენს მდგომარეობაში. ყოველ შემთხვევეაში, იგი (ვნება) ძველი ადამიანის თვისებაა და კი არ უნდა იტანჯოთ მის გამო, არამედ უნდა ებრძოლოთ ლოცვით, მარხვით, წმინდა მამათა შრომებისა და ახალი აღთქმის ზომიერი კითხვით, ფიზიკური შრომით, ზოგჯერ დაღლითაც კი... უფალმა გაგინათოთ გონება ყოველგვარი სიკეთისათვის და შეგეწიოთ, რათა იპოვოთ თქვენი კუთვნილი სწორი გზა, რომ ამ გზით შეხვიდეთ ღვთის სასუფეველში!

 

წინა

შემდეგი