იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

წუთისოფლის მძვინვარე ტალღებით გარემოცულო... მშვიდობა და ცხონება თქვენდა!

თქვენს წერილებს ველოდი.

აღსარებაზე თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით გპასუხობთ: „უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე... ამინ!

რამდენჯერაც არ უნდა დაეცეთ, სასო არ წარიკვეთოთ და რწმენა არ დაკარგოთ. შეინარჩუნეთ „ერთი წერტილი“ მაინც, რომელიც ხედავს, რომელსაც ესმის და ზოგჯერ წუხს კიდეც თქვენი მდგომარეობის გამო და თქვენ აღარ დაინთქმებით წუთისოფლის ზღვაში. უფალი არ დაუშვებს ამას, კრიტიკულ წუთებში კი ხელს გამოგიწვდით, როგორც წყალში ჩავარდნილ პეტე მოციქულს. „წუთისოფელს სძულხართ თქვენ“ - უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს ორი ათასი წლის წინათ. ეს წინსასწარმეტყველება დღემდე განუწყვეტლივ აღესრულება ქრისტეს მოწაფეებზე, მაგრამ აღესრულება სხვა წინასწარმეტყველებაც: „გამხნევდით, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელი ესე“. „ის, ვინც თქვენ თანა არს, აღმატებულია მასზედ, ვინც სოფელსა შინა არს“ - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. სიტყვაში „სოფელი“ ორი რამ იგულისხმება: პირველი - გარესამყარო, დაცემული კაცობრიობა, და მეორე - ჩვენი საკუთარი ძველი ადამიანი, თავისი ვნებებითა და ცოდვილი მისწარფებებით. ეს სამყარო - სოფელი, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშაა. მას აქვს თავისი იარაღი, რომლითაც დევნის და უთვალთვალებს ქრისტეს მოწაფეებს, რათა წარწყმიდოს ისინი. მაგრამ უფალმა დაამარცხა სოფელი და სძლია ეშმაკს. ძალით, ადამიანის ნების გარეშე, ეშმაკს არ ძალუძს ვისიმე ვნება. მხოლოდ ის ექცევა ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ, ვინც შეგნებულად უწვდის მას ხელს. ხოლო ვინც მას ეწინააღმდეგება, ვინც საშველად უფალ იესო ქრისტეს უხმობს, ის უვნებელია, მას ეშმაკის თავდასხმამ, შეიძლება, სარგებლობაც კი მოუტანოს, უფრო სწორად, მისთვის ეს სასიკეთოა.

ჩვენი დაცემულობა და ჩვენი ძველი ბუნება უნდა გამოვიყენოთ, როგორც სიმდაბლის მოსაპოვებელი საშუალება. ადამიანი, რომელმაც სიმდაბლე მოიპოვა, ფლობს განსაკუთრებულ შინაგან მდგომარეობას, რომელითაც ეშმაკის ყველა თავდასხმას იგერიებს. ადამიანს უკვე აქვს არა საკუთარი თავის, არამედ ღვთის იმედი. უფალი კი ყოვლადძლიერია, მან ეშმაკი დაამარცხა და ჩვენს სულშიც ამარცხებს მას, როცა ჩვენ ვიბრძვით არა საკუთარი ძალებით, არამედ როცა მოვუხმობთ უფალს და როცა მის ნებას ვემორჩილებით.

ბოლომდე ნუ მოუძლურდებით, არ იფიქროთ, რომ ცოდვათა აღიარებისას მოძღვარი თქვენდამი სიძულვილს გრძნობს. თუ ადგილი აქვს გულწრფელ სინანულს, მაშინ მოძღვარი განსაკუთრებულ სიბრალულსა და სიყვარულს გრძნობს მონანულის მიმართ. ეს ჭეშმარიტად ასეა! მოძღვრის ასეთი დამოკიდებულება იმას მოწმობს, რომ ღმერთიც მიუტევებს მონანულს და ისეთივე სიყვარულით მიიღებს, მას, როგორითაც უძღები შვილი მიიღო.

ამრიგად, გამხნევდით, გული გაიმაგრეთ, „ის, ვინც თქვენ თანა არს, აღმატებულია მასზედ, ვინც სოფელსა შინა არს“.

უფალი შეგეწიოთ ყოველგვარ სიკეთეში, განინათოთ გონება, გაგაძლიეროთ, დაგამკვიდროთ თავის მცნებათა კლდეზე, მიგიყვანოთ ცხონებამდე და საუკუნო ნეტარებამდე. ამინ.

 

წინა

შემდეგი