იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..! 1962 წელი

გმადლობთ მოლოცვისათვის. მახსოვს ...-ს თხოვნაც. ძალიან მებრალება. ზოგჯერ სიყვარულით ვიხსენებ მას და ვუსურვებ ეშმაკის კლანჭებისაგან განთავისეულებას. მან ფილოსოფიასა და მეცნიერებაში კი არ უნდა ეძებოს ის, რაც დაკარგა, არამედ შინაგანი ძალებით უნდა „იწამოს უხილავი“ და რწმენით წარმართოს თავისი ცხოვრება. მაშინ მოვა ზეგარდმო წყალობა, გაფანტავს ბოროტ წლყვდიადს და ისეთი ყოვლისშემძლე ძალით დაამტკიცებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას, რომ ის მთელი გულით წარმოთქვამს: „უფალო, მზადა ვარ ყოველგვაარი ტანჯვისათვის, ოღონდ არ განმაგდო შენგან!“ ეს განიცადა ყველამ, ვინც უფალს ეძიებდა. „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, იერკდით, და განგეღოს თქუენ... ვინ არს თქუენგანი კაცი, რომლესა ჰსთხოვდეს ძე თვისი პურსა, ქუაი მისცესა მას? უკეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მიჰსცეს კეთილი, რომელნი ჰსთხოვდნენ მას“.

რატომ იკვებება ის ღორის სალაფავით და რატომ მიატოვა მამები? მისი აზრით, ნუთუ ისინი, ყველანი, შემცდარნი იყვნენ? და თუკი ერთი მათგანი მაინც ამბობდა ჭეშმარიტებას, მაშინ მთელი ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა. წმინდანები კი რა ტანჯვის ფასად ამტკიცებდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც შეიცნეს! რა თქმა უნდა, მას პირადი გამოცდილება სჭირდება. ითხოვოს და აუცილებლად მიიღებს.

განსაცდელის ჟამს სასო არ წარიკვეთოთ და ხელი არ ჩაიქნიოთ. რაც შეიძლება ხშირად და მეტად იკითხეთ სახარება. იესო ქრისტე ყველა მონანულს მიუტევებდა და თანაც აფრთხილებდა: „წადი და ნურღარა სცოდავ“. ხშირად მიმართეთ მას, აღიარეთ თქვენი უსჯულოებანი, სთხოვეთ შეწევნა, აიძულეთ თქვენი თავი, რომ ყოველთვის, ზოგჯერ ხმამაღლა, ზოგჯერაც იდუმალ წარმოთქვათ იესოს ლოცვა.

უფალმა მოგმადლოთ გონიერება და დაგიფაროთ ყოველგვარი ბოროტისაგან. თუ მას წერილს გაუგზავით, მოკითხვა გადაეცით ჩემგან, აგრეთვე უთხარით, რომ წმინდა მამები ურწმუნოებას ისეთსავე ვნებად მიიჩნევენ, როგორც მრუშობას, პატივმოყვარეობას, ამპარტავნობასა და სხვას... აქ ეშმაკი მეტად მოქმედებს, ვიდრე ადამიანი. ურწმუნოებას, ისევე როგორც სხვა ვნებებს, განსჯითა და გულისთქმებთან საუბრით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ისინი უნდა განვაგდოთ ნებელობითი ძალებითა და ლოცვით, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვით, შეძლებისდაგვარად, მთელი გულით განუწყვეტლივ უნდა ვითხოვოთ შეწყალება. იესო ქრისტეს წმინდა სახელის წინაშე მუხლს იყრიან მთელი ზეციური, მიწიერი და ჯოჯოხეთური ძალები, ის ასუსტებს სულზე ეშმაკის ზემოქმედებას, სულში შემოაქვს მშვიდობა, იმედი, რწმენა და ლმობიერება... და ყოველგვარი საცდური გაივლის. ხოლო, ვიდრე ის კითხულობს სამეცნიერო, ფილოსოფიურ წიგნებსა და ყოველგვარ აპოლოგიებს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება. ყოველივე ამას თავი უნდა დაანებოს, მიმართოს მას, ვინც არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“.

ღმერთი იყოს მისი შემწე! ამას გწერ როგორც ძმა და არა როგორც მასწავლებელი.

 

წინა

შემდეგი