ძვირფასო... მშვიდობა თქვენდა! 1963
ვფიქრობდი, რომ გადაწყვეტილი გქონდათ, ჩემთვის აღარ მოგეწერათ და ძალიან გამიხარდა თქვენი წერილის მიღება. ჩემი წერილებიდან იგრძნობდით, რომ მე კი არ განგიკითხავთ, არამედ გულწრფელად მებრალებით და თანაგიგრძნობთ განსაცდელში მყოფს. საავადმყოფოებში ხომ არ განსჯიან ერთმანეთს ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო, ჩვენ კი, ყველანი, ავად ვართ სულიერი დაავადებით - ცოდვებით. მხოლოდ ერთი რამ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ და არ დავივიწყოთ: არანაირ მდგომარეობაში არ დაგვეუფლოს სასოწარკვეთილება. სასოწარკვეთილება, რომელსაც ხშირად თვითმკვლელობამდე მივყავართ, არის სულიერი სიკვდილი. შეიძლება თვით ყვალაზე მძიმე ცოდვის მონანიება და შენდობის მიღება. ბევრმა სასოწარკვეთილმა ავაზაკმა და სულისმკვლელმა გულწრფელი მონანიებითა და გამოსწორებით არა მარტო შენდობა მიიღო, არამედ სიწმინდესაც მიაღწია, ესენია: მოსე შავი, ბარბარე ავაზაკი (6 მაისი), დანიელი და სხვ. ამით უფალი მაგალითს გვაძლევს, რომ სასოწარკვეთილება კი არ დაგვეუფლოს, როგორც იუდას, არამედ შევინანოთ და ამ გზით ვცხონდეთ...
ლმობიერება ღვთიური ნიჭია. ვართ თუ არა ჩვენ მისი ღირსნი? ლოცვის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეძებოთ განსაკუთრებული მადლმოსილი მდგომარეობა. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის გადაჭრითი მოთხოვნით, ლოცვა უნდა იყოს მხოლოდ სინანულისა. ეს თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა იგავით მეზვერესა და ფარისეველზე. ჩვენთვის, ცოდვილთათვის, მეზვერის ლოცვაც საკმარისია. მისგან ისწავლეთ ლოცვა. ო, თქვენ რომ ამას ისწავლიდეთ! არ იფიქროთ, რომ ეს ასე ადვილია. აქ უდიდესი სიღრმეა. ასეთი ლოცვით იხსება გულის უფსკრული, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი სისაძაგლით: „ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქვეწარმავალნი, რომელთაი არა არს რიცხვი“.
...ჯერ-ჯერობით ზიარებას ვერ გირჩევთ ჯვრისთაყვანისცემის კვირამდე. შემდეგ თქვენ თვითონ დაინახავთ, რაა უკეთესი. უნდა ვიტანჯოთ, ვიგლოვოთ, სიკეთე ვუკეთოთ ადამიანებს, ვიტანჯოთ მარხვით, მეტანიებითა და სხვა.., რამდენადაც შეგვიძლია. ყოველთვის ცოტა ილაპარაკეთ, განერიდეთ ადამიანებს.
ხალხმრავლობაში ვერასოდეს ილოცებთ. უმჯობეისა, ეკლესიაში იპოვოთ პატარა კუთხე და იქ მიმალულმა მეზვერეს მიბაძოთ.
ნუ გექნებათ წუთისოფლის მთავართა და ძეთა კაცთა იმედი. მიენდეთ მხოლოდ უფალს და თავად იღვაწეთ. თუკი ყოველმხრივ არ იშრომებთ, უფალიც არ შეგეწევათ, მაგალითია იუდა. მართალი ადამიანის ლიცვა ბევრს შეეწევა, ე.ი. ლოცვით მვედრებელი თავისი ცხოვრებით ხელს უწყობს სხვის ლოცვას.
უფალი შეგეწიოთ ცხონების საქმეში. აიძულეთ თქვენი თავი, რომ ხშირად გახსოვდეთ უფალი. ვინც უყვართ, ის ხომ ყოველთვის მოყვარულის მეხსიერებაშია. ახლაც და ყოველთვის თავი იგრძენით, როგორც მეზვერემ და ისევე ილოცეთ, როგორც ის ლოცულობდა - სახლშიც, ეკლესიაშიც და ყველგან, რაც შეიძლება - ხშირად. უფალი იყოს თქვენი მფარველი!