1963 წელი
ძვირფასო..! უფლისმიერი მშვიდობა თქვენდა!
ეცადეთ, ყურადღებით წარმოთქვათ ლოცვის სიტყვები. თუ განიბნევით, თქვენს თავს უსაყვედურეთ, „გაუხსენით გული უფალს“ და კვლავ აიძულეთ თავი, რომ ყურადღებით წარმოთქვათ ლოცვა. გული კი თანდათანობით შერბილდება და ზოგჯერ მაინც გიპასუხებთ შემუსვრილობით, შესაძლოა, ცრემლებითაც კი. ეს წუთები მთლიანად ლოცვას დაუთმეთ და ყური არ უგდოთ მტერს, რომელიც ათასგვარ მიზეზს გამოგიჩენთ, რომ მოსწყდეთ ლოცვას და სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი.
არსებობს აზრი, რომ გაფანტული „ლოცვაი მისი ცოდვად შერაცხენ მას“ - იგი ეშმაკისაგანაა. მას სურს, რომ ყოველნაირად მოგვწყვიტოს ლოცვას, რადგან იცის, რაოდენ დიდი მადლს იღებს ადამიანი ლოცვით. გაითვალისწინეთ ბოროტის ხრიკები და ყური არ უგდოთ მას.
თავდაჯერერებულობა არ შეიძლება, სინანულის ღვაწლი კი აუცილებელია. უფალი მოვიდა მხოლოდ მონანიე ცოდვილთა სახსნელად, იუდამ შესცოდა, მაგრამ არ შეინანა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და წარწყმდა. პეტრე მოციქულმა მოინანია და მოციქულობის ღირსებაც აღიდგინა. იერუსალიმმა შესცოდა და საშინელ ვითარებაში დაიღუპა. ასევე დაიქცა სოდომი და გომორი, ხორაზინი, ბეთსაიდა, კაპერნაუმი. ნინევიამ შეინანა და გადარჩა. ჩვენ ყვალანი, ცოდვილნი ვართ და ყველას გვმართებს სინანული. მხოლოდ მონანულს შეეწევა ყვალასათვის ჯვარზე აღსრულებული მაცხოვრეის მსხვერპლი. და კიდევ, ყველას, ვისაც ცოდვები მიუტევა, უფალი ასე მიმართავს: „წადი და ნუღარ სცოდავ“. ყოველნაირად უნდა ეცადო, რომ მძიმე ცოდვაში არ ჩავარდე. როცა ადამიანი უფსკრულის პირას დგას, ხელის კვრაც საკმარისია, რომ გადაიჩეხოს, ხოლო, როცა შორსაა, მაშინ უფსკრულამდე უნდა მიათრიო. ამასობაში მას შეუძლია, იყვიროს, დახმარება ითხოვოს. ამიტომ გვირჩევენ, რომ ყოველთვის განვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ადვილად ჩავვარდებით ცოდვაში.
ძვირფასო... „განერიდეთ მიწიერებას. მიენდეთ ღმერთს“, როგორც ამას გვირჩევს წმინდა სისოი დიდი. ყოველგვარი მიწიერი გარდავა, როგორც ნისლი, ჩვენ კი რაღა დაგვრჩება, თუკი სული მხოლოდ მიწიერებით გვექნება აღსავსე? შეიბრალეთ თქვენი თავი, იზრუნეთ ცხონებისათვის. რაღა სიკეთე იქნება, თუ მთელ ქვეყანას შევიძენთ, სულს კი წარვიწყმედთ?..
ღმერთმა გაგინათოთ გონება! დაგიფაროთ ყოველგვარი ბოროტისაგან!