მშვიდობა შენდა..!
შენ სულ შენს ახლანდელსა და მოსალოდნელ განსაცდელზე მწერ. რა გითხრა ამის შესახებ? - პასუხს სახარება იძლევა. ღმერთკაცმა განსაცელით აღსავსე თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ყოველგვარი შეურაცხყოფისა და გვემის შემდეგ ჯვარცმით დაასრულა. კეთილგონიერმა ავაზაკმა (რომელიც მონანულ ცოდვილთა სახეა) ციხის შემდეგ სიცოცხლე ჯვარზე დაასრულა. წარწყმედილი ავაზაკი წამებისა და ჯვარცმის შემდეგ ასევე მარადიულ სატანჯველში გადავიდა. ეს მთელი კაცობრიობის სახეა. ზნეობრივ სამყაროს, ისევე როგორც ხილულ სამყაროს, გააჩნია თავისი სულიერი კანონი: „მრავალი განსაცდელის დათმენით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა“. „რომელსა ჰნებავს შემოდგომად შემდა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“. გესმის? ვისაც სურს, ქრისტეს შეუდგეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს, დიდი და ხანგრძლივი ტანჯვით თავის თავში „ძველი ადამიანის“ ყველა ნაკლი უნდა დათრგუნოს, ყოველგვარი მწუხარება თუ ტკივილი უნდა დაითმინოს. ღვთის უსაზღვრო სიბრძნის წყალობით, ყველა ადამიანს განკურნების, განწმენდისა და ცხონებისათვის, თავისი ხასიათის თავისებურებებისა და ძალის შესაბამისად, ეგზავნება თავისი ჯვარი, თუ ჩვენ უდრტვინველად ვატარებთ ჩვენს ჯვარს, ვინანიებთ ჩვენს ცოდვებსა და თავს არ გავიმართლებთ, მაშინ, კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად, შევალთ ღვთის სასუფეველში.
თუ დრტვინვას მივიეცემით, ვაძაგებთ ადამიანებსა და ღმერთს, მაშინ, ბოროტი ავაზაკის მსგავსად, უფრო დიდი ტანჯვით წარვწყმდებით, ცხონების იმედისა და განსაცდელის შემსუბუქების გარეშე. არჩევანი ჩვენს ხელთაა. ჩვენც კეთლიგონიერება გვმართებს. ჯვარი ყველასათვის გარდაუვალია. მას კი შევიმსუბუქებთ ღვთისადმი რწმენით, ცოდვებთან ბრძოლით, სინანულით, მოყვასისადმი მიტევებით, განსაცდელის უდრტვინველად გადატანითა და უფლისადმი ლოცვით. ღვთის სიყვარულს ცვენი ცხონება ნებავს, ამიტომ არ დაუშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელს, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება და რომელიც ჩევნთვის აუცილებელი არაა. განსაცდელი აუცილებელია, მაგრამ მისი აუცილებლობის დანახვა ადამიანს მხოლოდ სინანულით, ცოდვათაგან თავის შეკავებითა და წმინდა წერილის კითხვის გზით მოპოვებული განწმენდით შეუძლია.
შემინდე. ღმერთმა გაგაძლიეროს, გაკურთხოს და დაგიფაროს ყოველგვარი ბოროტისაგან.