ძვირფასო..!
შენ ითხოვ ამ და ადრინდელ წერილებში მონანიებული ცოდვების შენდობას. მე პასუხად მოგწერე, რომ, როგორც აღსარებისას ხდება, „მოგიტევე და შეგინდე“ ყელა მონანიებული ცოდვა. შეგიძლია, სხვა მოძღვართან აღსარებისას მათ შესახებ აღარ ისაუბრო.
ზედმეტი შემუსვრილობით სასოწაკვეთილებამდე მისვლა არა სიმდაბლის, არამედ ამპარტავნობის ნიშანია. უნდა წუხდე და ნანობდე იმის გამო, რომ შენი ცოდვებით ღმერთი შეურაცხყავი. უფლისაგან შენდობა უნდა ითხოვო და შეცადო, რომ კვლავ აღარ გაიმეორო ისინი, თუ კვლავ ჩავარდები რომელიმე ცოდვაში, დაუყოვნებლივ უნდა ითხოვო შენდობა და უფალიც მოგიტევებს, რამეთუ მოვიდა არა მართალთა, არამედ ცოდვილთა საცხოვნებლად, ე.ი. მათთვის, ვინც ცოდვებს აღიარებს.
აღსარების გულწრფელობა და სიღრმე იმით მტკიცდება, თუ ადამიანი ცდილობს კვლავ აღარ გაიმეოროს ცოდვები. რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ცოდვა, სასოწარკვეთილებში არ ჩავარდე, არამედ მონანულმა კვლავ განაგრძე ბრძოლა. მაშინ თვით დაცემაც კი სარგებელს მოგიტანს. შენ თვითონაც უკვე ბევრს ხედავ.
ებრძოლე ყოველნაირ ცოდვას, თვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი. ვინც მცირეზე არ არის სარწმუნო, მას ბევრსაც არ ანდობენ. ეშმაკი ასეც შთაგვაგონებს: „ეს უმნიშვნელოა, ეს არაფერია“. უფრო დიდი ცოდვისას კი: „სად შეგვიძლია ჩვენ ამასთან ბრძოლა. ეს ხომ წმინდანთა ხვედრია“. მეტად იკითხე სახარება, განსაკუთრებით წმინდა მამათა ნაწერები, კითხვის გარეშე ძნელია ცხონება.
უფალი იყოს შენი შემწე ცხონების გზაზე...