იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1962 წელი

სულიერი ადამიანია ის, ვინც სულისწმიდა მოიპოვა, ვინც გახდა სულიწმიდის ტაძარი. „ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის (1კორ..3;16)

თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ სულიწმიდა, ამის შესახებ გვესაუბრება სახარებაცა და განსაკუთრებით დაწვრილებით - წმინდა მამები. ეს თქვენ უნდა იცოდეთ.

გეტყვით მხოლოდ სულიერი ადამიანის თვისებების შესახებ, როგორც ამას წმინდა მამები აღგვიწერენ. სულიერი ადამიანი სავსებით განსხვავდება მშვინვიერი თუ ხორციელი ადამიანისაგან, რაც აქ თითქმის ერთი და იგივეა. ის არის „ახალი ადამიანი“, ხოლო მშვინვიერი ადამიანი „ძველი ადამიანია“. რა არის მასში ახალი? - ყველაფერი: გონება, გული, ნება, მთელი მისი არსება, სხეულიც კი.

ახალი (სულიერი) ადამიანის გონებას ძალუძს, ჩასწვდეს შორეულ მოვლენებს, წარსულს, ბევრს - მომავალსაც, ჩასწვდეს საგანთა და არა მხოლოდ მოვლენათა არსს, დაინახოს ადამიანის სული, ანგელოზები და ეშმაკები, გაიგოს ბევრი რამ სულიერი სამყაროს (იმიერი სამყაროს) შესახებ. „ჩვენ გონებაი ქრისტესი გვაქუს“ - ამბობს „სულიერი“ პავლე მოციქული (1კორ..2,16).

ახალი ადამიანის გულს ძალუძს, „იგრძნოს“ ისეთი მდგომარეობა, რომლის შესახებაც მოკლედაა ნათქვამი: „თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, და ადამიანის (ხორციელ, მშვინვიერ, ძველ) გულს არ გარდახდომია“.

მე დავწერე „იგრძნოს“, მაგრამ ეს არაა ზუსტი გამონათქვამი. შეიძლება, ვთქვათ განცდა, აღქმა. ეს განცდები... - დავწერე ეს სიტყვა და შევჩერდი, იმიტომ რომ მას სუბიექტური შეფერილობა აქვს, ამიტომ უმჯობესია, ვთქვა: გულის მიერ ამის აღქმა იმდენად სავსეა ნეტარებით, გამოუთქმელი სიხარულით, რომ მთლიანად შეძრავს ადამიანის სულს, აღავსებს მას უფლისადმი, როგორც ამ განცდათა წყაროსადმი, უდიდესი მადლიერების გრძნობით, აღავსებს ღვთისადმი სიყვარულითა და სურვილით, რომ მისთვის დაითმინოს ტანჯვა და განსაცდელი, რათა მადლობა შესწიროს მას, რათა სიყვარულის სანაცვლოდ უჩვენოს უფალს თავისი სიყვარული, რომ არ წაერთვას ეს მადლი.

„რაი მივაგო უფალსა ყოველისავესთვის, რომელი მომაგო მე?“ ამგვარად, ახალი ადამიანის ნება მთლიანად ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერებისაკენ ისწრაფვის იმის სურვილით, რომ ყოველთვის აღასრულოს არა თავისი, არამედ ღვთის ნება.

ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს სულიწმიდას, სრულად განახლდება, სხვაგვარი ხდება გონებითაც, გულითაც და ნებითაც.

იცვლება სულიერი ადამიანის სხეულიც, ნაწილობრივ იგი ხდება დაცემამდელი ადამის სხეულის მსგავსი, რომელსაც აქვს „სულიერი აღქმისა“ და მოქმედების უნარი (წყალზე სიარულის, საკვების გარეშე ასებობის, დიდ მანძილზე მომენტალურად გავლის უნარი და ა.შ.)

სულიერი მდგომარეობა ადამიანს ისეთ განცდებს ანიჭებს, ისეთ ნეტარებას, რომელსაც პავლე მოციქული ასე გადმოგცემს: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ.8,18) ხოლო წმ. სერაფიმე, ძველი მამების მსგავსად ასე ამბობს: „ადამიანმა რომ იცოდეს იმ ნეტარებათა შესახებ, რომელთაც აქაც განიცდის და მითუმეტეს, მომავალ ცხოვრებაშიც, მაშინ თანახმა იქნებოდა, ათასი წელი ეცხოვრა ორმოში, რომელიც მისი სხეულის მღრღნელი გველებით იქნებოდა სავსე, ოღონდ კი მოეპოვებინა ეს ნეტარება.

აი, მოკლედ სულიერი ადამიანისა და შესაბამისად, სულიერების გაგებასთან დაკავშირებით. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოთი ადამიანი შეიმოსება ქრისტეთი და სულიწმიდით, შემდეგ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, თავის თავს სახარების მცნებთა და სულიწმიდით გაზრდის ღვთის სასუფევლისათვის, გახდება ახალი ადამიანი, იესო ქრისტეს ხატება, თუ მთელ ცხოვრებას ძველი ადამიანის მსგავსად გაატარებს.

მშვინვიერი ადამიანი კი ვერ მიიღებს იმას, რაც სულიწმიდისგანაა, იმიტომ რომ ამას სიგიჟედ ჩავლის (1კორ.14). ამას ჩვენი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, რადგან არც ჩვენ და არც ჩვენს გარშემო მყოფნი არა ვართ სულიერნი, ჯერ კიდევ ძველნი ვართ. უმჯობესია, ასეთებად ვაღიაროთ თავი. ვიბრძვით, გვინდა, სულიერნი ვიყოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ამის მისაღწევადაა საჭირო. თუმცა კი ძალგვიძს სულიერი ადამიანების დაფასება, მაგრამ არ ძალგვიძს მათი შეცნობა და გაგება, სულიერ ადამიანებად მათ სხვისი მოსაზრების გამო მივიჩნევთ და უმეტეს შემთხვევაში ვცდებით.

ხორციელი ადამიანი კი მშვინვიერზე უფრო დაბლა უნდა დავაყენოთ. ტერმინი „ძველი“, შეიძლება მივუსადაგოთ როგორც მშვინვიერ, ისე ხორციელ ადამიანს. ორივე ჯერ კიდევ ძველია, განუახლებელი. მაგრამ ხორციელი ადამიანი უფრო უხეშია, ვიდრე მშვინვიერი, უფრო მატერიალურია, ნაკლებად სწამს, ან საერთოდ არ წამს იესო ქრისტე, სულიერებისა კი საერთოდ არაფერი გაეგება.

არ ვიცი, დაგაკმაყოფილებთ თუ არა ეს განმარტება. მომწერე, როგორ მიიღე ეს შენ და როგორ მიიღებენ სხვები. არავის უთხრა, საიდან გაქვს ასეთი თვალსაზრისი.

წუთისოფლის ადამიანები (ახალი ტერმინი - მშვინვიერი და ხორციელი) „სულიერს“ უწოდებენ იმას, ვისაც აქვს მღვდლობის ან მონაზვნბის ხარისხი, ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც იწყებს ცოტაოდენ ფსალმუნების კითხვას, ეკლესიაში სიარულს, სასულიერო წიგნების კითხვას.

ზემოთქმულიდან ჩანს, თუ რამდენად მცდარია ეს მოსაზრება. ასევე ბევრ წიგნს უწოდებენ სულიერს, თუკი მათში ნახსენებია სულიერებასთან დაკავშირებული საგნები.

თითქმის არცერთი მათგანია „სულიერი“ წიგნი. სულიერია მხოლოდ წმინდა წერილი და წმინდა მამათა შემოქმედება. მათი მეშვეობით, შეიძლება, გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს „სულიერი“. შეადარე ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაწერები რომელიმე „ღვთისმეტყველების პროფესორისას“ - რა მკვეთრი სხვაობაა! შენ ეს კარგად იგრძენი.

აი, კიდევ ტექსტი, რომელიც ჩემს ნათქვამს ამტკიცებს: იუდა(1;19) „ესენი არიან... მშვინვიერნი, რომელთა სული არა აქუს“.

„არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამო სრული, არამედ ქუეყანისა, მშვინვიერი და საეშმაკოი“ (იაკობ.3,15)

წმინდა მამათა წერლიებში ბევრია ნათქვამი სულიერებაზე, ადამიანის გაღმერთებაზე, იმის შესახებ, რომ ადამიანი ღმერთად იქცევა მადლის წყალობით. ასევე საუბარია ხორციელ და მშვინვიერ მდგომარეობაზე.

ვაი, ვაი! რომ მშვინვიერ და ხორციელ ადამანებს არ უყვართ „სულიერი“ წიგნების კითხვა. თუკი მხოლოდ გონებით კითხულობენ, კვლავ ცივათ და კვლავ მშივრები რჩებიან, წაკითხულის ძალას ვერ წვდებიან და კითხვას თავს ანებებენ, ღვთისმეტყველების დოქტორებს მიმართავენ, განსაკუთრებით პროტესტანტებს.

ჩემი წერილიდან არ გამოიტანო ისეთი დასკვნა, თითქოს მე გამოცდილებით შევიცანი ადამიანის სულიერება. არა. მაგრამ, ვინც ეძეიბს, იმას უფალი თავისი ჭეშმარიტი სიტყვით, განსაკუთრებით გზის დასაწყისში აძლევს უნარს, გაიგოს მომავალი ბედნიერების გემო, რათა შემდგომი ძიებისათვის წახალისდეს. ყველაფერი ამაზე მეტყველებს.

მაგრამ ჩვენ, როცა რაიმეს შევიცნობთ, როგორც ძაღლები, ჩვენს ნარწყევს ვუბრუნდებით და ზეციურ მადლს ვკარგავთ. მხოლოდ ზოგიერთს აწუხებს დარდი დაკარგული სამოთხის გამო, საქმე და შრომა კი მის დასაბრუნებლად არ გააჩნია.

კვლავ ჩნდება მიზეზი, განსაკუთრებული გეგმით ჩაიდინოს ცოდვა, კვლავაც საქმით უარყოს ღმერთი...

კარგად იყავი, უფალმა დაგიფაროს ხორციელი საქმეებისა და ეშმაკისაგან.

 

წინა

შემდეგი