იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1962 წელი

..., მშვიდობა! მივიღე შენი წერილები. მოკლედ გიპასუხებ ზოგიერთ ადგილთან დაკავშირებით.

საიდან გაგიჩნდა ასეთი უხიაგი აზრი: „ადამიანს არ ძალუძს საკუთარი ძალებით სიკეთის ქმნა არა იმიტომ, რომ დაცემულია, არამედ თავისი ბუნების გამო, რომელიც მას შექმნისას ებოძა“.

ასეთი აზრი ქრისტიანმა შეიძლება გამოთქვას მხოლოდ არანორმალურ მდგომარეობაში მყოფმა. მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მცნებათა მოცემას? „სიკეთე“ ხომ უფლის მცნებათა აღსრულებაა. საცხონებელი პირობა როგორ იქნებოდა მცნებათა აღსრულება, თუ ადამიანს თავისი ბუნებით არ ძალუძს მათი აღსრულება?

დაცემამდე ადამიანი თავისუფალი იყო სიკეთის არჩევისა და შესრულების საქმეში. დაცემისთანავე ადამიანი ცოდვის მონა გახდა. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანმა დაცემით დაკარგა თავისუფლება სიკეთის ქმნისა, დარჩა მხოლოდ თავისუფლება სიკეთის არჩევისა, სიკეთის უპირატესობის აღიარებისა, სიკეთის ქმნის სურვილისა. ადამიანმა სიკეთე რომ ქმნას, ლოცვით უნდა მიმართოს უფალს, რომ უფალმა მისცეს ძალა იმ სიკეთის განსახორციელებლად, რომელიც მან მოისურვა. ამასვე ამბობს წმინდა ეფრემ ასური.

მცნებათა შესრულების ნაკლოვანებას ავსებს გულის შემუსვრილობა.

გავბედავ იმის თქმას, რომ გულის შემუსვრილობა, გულის მგლოვარება მცნებათა აღუსრულებლობის გამო უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი ნებით მათი აღსრულება, რადგან უკანასკნელს მივყავართ სიამაყესა და ამპარტავნობამდე, რომლითაც ყოველგვარი სიკეთე ნადგურდება. გულის შემუსვრილობა კი (ღვთის წყალობით) საქმის მაგიერია და ადამიანს უნარჩუნებს სიმდაბლეს, რომლის გარეშეც ყოველგვარი საქმე ამაოა, დამღუპველიც კია.

მეკითხები: მართებულია თუ არა ეპისკოპოს თეოფანეს მოსაზრება, რომ „მადლი მოქმედებს მხოლოდ გონებასა და გრძნობაზე, ადამიანის ნება კი ხელშეუხებელი რჩება“.

საყოველთაოდ აღიარებულია ის დებულება, რომ უფალი („მადლი“) ძალას არ ატანს ადამიანის ნებას. იძულებითი სიკეთე არაა სიკეთე. ამ თვალსაზრისით ეპ. თეოფანეს მოსაზრება მართებული ჩანს. მაგრამ ეპ. თეოფანეს დებულება, რომ მადლი ზემოქმედებს მხოლოდ გრძნობასა და გონებაზე, რათა აცხოვნოს ადამიანი, რათა მას ჭეშმარიტებისა და ცხონების პოვნა გაუადვილოს, დაზუსტებას მოითხოვს. ადამიანის სული არ შედგება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწილების: გონების, გრძნობის, ნებისა და სხვათაგან, არამედ ერთიანი არსებაა. გონებისა და გულის განათება თუ განწმენდა კეთილად იმოქმედებს მთელ სულზე, შესაბამისად, ნებაზეც, მოღვაწის გონება, რომელიც ნათლად ხედავს ჭეშმარიტებათა და ცოდვათა შედეგებს, გული, რომელც ღვთისაკენ ისწრაფვის, განა არ შეეწევა ნებას, რომ აირჩიოს ცხონების გზა, ღვთისაკენ მიმავალი გზა? უარყოფა გზისა, რომელსაც მივყავართ წყვდიადთან, ბოროტებსთან, წარწყმედასთან, იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ნებაზე არაპირდაპირ ზემოქმედებას. კვლავ ზემოთქმულს ვიმეორებ: თუ ადამიანი ხედავს სიკეთეს, თუ ნებით ანიჭებს მას უპირატესობას ბოროტებასთან შედარებით, სურს ცხონების გზით სიარული, მაშინ უფლისგან უნდა ითხოვოს შეწევნა, აღასრულოს სასურველი და, თუ რამეს ვერ აღასრულებს, გულის შემუსვრილობით გამოისყიდოს. სხვათა შორის, ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს: „გულის შემუსვრილობა“, „გულის მგლოვარება“, ოღონდ რას ნიშნავს ეს სიტყვები და როგორია მათი ზემოქმედება, ჩვენ სრულიად არ გვესმის, ან ნაკლებად გვესმის. ასევეა სხვა შემთხვევაშიც: ვიყენებთ სიტყვებს, მათ მნიშვნელობას კი ვერ ვწვდებით...

ჩვენთან ყველაფერი ძველებურადაა. გელოდებით. კარგად იყავი. უფალმა გაგინათოს გონება ყოველგვარი სიკეთისათვის.

 

წინა

შემდეგი