არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

სიზმარი
ქრისტიანული თვალსაზრისი

 

შესავალი

წუხელ, მკითხველო, ალბათ, გესიზმრა რამე. აბა, დაფიქრდი, მთელი ცხოვრების მანძილზე ნანახი სიზმრების დათვლა რომ მოინდომო, შეძლებ? რა თქმა უნდა, ვერა, რადგან ისინი უამრავია. ამასთან, სიზმრებს მარტო შენ კი არა, ყველა შენს ირგვლივ მყოფი ხედავს, თან ზოგი ერთ ღამეში ორს, ან სამსაც.

ზოგიერთები სიზმრებს დიდ მნიშვნლობას ანიჭებენ, რის გამოც მოსვენება აქვთ დაკარგული. გამოღვიძებულნი ღელავენ, განიცდიან ღამით ნანახს და მთელ დღეს მის ახსნას ცდილობენ. დილიდანვე ყოველ შემხვედრს მოუთხრობენ მის შესახებ, მკითხავებთან გარბიან, სასოებით ელიან მათ ყოველ სიტყვას...

ადამიანთა უმეტესობას, განსაკუთრებით ქალებს, სჯერათ სიზმრების, სხვები კი ამ უკანასკნელთ ცრუმორწმუნეებად მიიჩნევენ და არც სიზმრებისა სწამთ და არც მათი განარტებებისა.

მაინც, როგორ უნდა აიხსნას ეს საოცარი მოვლენა - სიზმარი?

პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დროში ცხოველ ინტერესს იწვევდა, მაგრამ დღესაც მის ირგვლივ აზრთა დიდი სხვადასხვაობა, ვნებათაღელვა და უმეცრება სუფევს. ვერ გადაუწყვეტიათ, აღიარონ იგი თუ უარყონ, ყურადღება მიაქციონ თუ არა.

ამ წიგნის მიზანია, სწორი წარმოდგენა შეგიქმნათ ამ საკითხზე და, მკითხველო, გთხოვ, მას გულგრილად ნუ მოეკიდები.

მიმაჩნია, რომ ასეთი წიგნი ჩვენს დროში აუცილებელია, რადგან ეშმაკი ბევრ სულს გვტაცებს ე.წ. „ნათელმხილველთა“ მეშვეობით. ვინ არიან ისინი? ეს ქალები დაბეჯითებით ამტკიცებენ, მაგალითად, რომ ძილში ღვთისმშობელი ესაუბრებათ. გამოღვიძებისთანავე იწერენ სიზმრებს და მთელ რვეულებს ავსებენ... გვერწმუნეთ, ისინი „ნათელმხილველნი“ კი არა, გონებადაბინდულნი არიან, ის კი, ვინც მათ ატყუებს და გონებას ურევს, ეშმაკია! სატანური ამპარტავნებით შეპყრობილი ეს ადამიანები უგულებელყოფენ ეკლესიისა და მისი მოძღვრების შეგონებებს და უფსკრულისაკენ მიექანებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

ნაწილი პირველი

საიდან მოდის სიზმრები?

მეცნიერებამ ვერ შეძლო სიზმრების იდუმალებით მოცული პრობლემის გადაწყვეტა. ვერც ფსიქოლოგია და ვერც პარაფსიქოლოგია ამომწურავად ვერ განამრტავს ამ მოვლენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეცნიერებას არ სურს აღიაროს სიზმრების წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათი.

სიზმრების პრობლემის ახსნას თავს ვერ გავართმევთ მხოლოდ საბუნებისმტყველო განმარტებებით, რადგან ფიზიკური სამყაროს გარდა (მატერიის, სხეულისა და ტვინისა) არსებობს სულიერი სამყაროც - სამშვინველი, რომელიც ისევე, როგორც სული, დაკავშირებულია სწორედ ზებუნებრივ სამყაროსთან, ე.ი. ღმერთსა და სულების, როგორც ანგელოზთა, ისე დემონთა სამყაროსთან.

როცა ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო და რაციონალური მეთოდებით ცდილობს სიზმრების წარმოშობისა და მიზეზების ახსნას, თავის კვლევა-ძიებაში მატერიალური სფეროთი იზღუდება, მთავარ მიზეზს ეძებს გარეგნულ გარსში, სულის სახლში (ე.ი. სხეულში) და არა თვით სულში. წარმოიდგინეთ, რომ ვაკვირდებით ნებისმიერი სახლის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსეა ათასგვარი ბგერით - სატელეფონო საუბრებით, რადიოს ხმით და ასე შემდეგ და მათ მიღმა კი ვერ შევნიშნეთ ყოველივე ამის მთავარი მიზეზი - ოჯახის დიასახლისი.

აქედან გამომდინარე, სიზმრების პრობლემის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი - ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და სულიერი. ასე რომ, სიზმრების მომდინარეობს: 1) ფიზიკური მიზეზებისგან; 2) ღვთისგან; 3) ეშმაკისგან.

 

თავი პირველი

ფიზიკური მიზეზებით გამოწვეული სიზმრები

1. სიზმრები, რომლებსაც იწვევს გარეგნული ზემოქმედებები

როცა ადამიანს სძინავს, ისვენებს მისი ყველა გრძნობა, რომლის მეშვეობითაც სული ურთიერთობას ამყარებს გარე სამყაროსთან. უმოქმედოდაა მხედველობა, გემოვნება, ყნოსვა, შეხება, და ბოლოს, სმენაც, მაგრამ გრძელდება სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა და საჭმლის მონელება.

ძილის დროს უქმობს ჩვენი სულის მეკარე და გუშაგი ნებასურვილი, მაგრამ ფხიზლობს წარმოსახვა და განსჯა. გუშაგის (ნების) უმოქმედობის ჟამს ჩვენი გრძნობები საკლასო ოთახში მასწავლებლის ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ბავშვებივით აიშვებენ ხოლმე თავს, მძაფრდება წარმოსოახვაც... სწორედ ამიტომ ჩვენი სიზმრები აბსურდულია (არეულ-დარეულია), გვეზმანება მოვლენები, რომლებზეც არასდროს გვიფიქრია, გვიჩნდება გრძნობები, რომლებიც არასდროს განგვიცდია.

სიზმრები ხშირად გამოწვეულია გარეგნული ზემოქმედებით, რომელთაც (შეგრძნების უმოქმედობის გამო) სული ამახინჯებს და ამრუდებს. ვინც მსუბუქად სუნთქავს, ხედავს, თითქოს მაღლა მიფრინავს. მას კი, ვინც მძიმედ სუნთქავს, სული ეხუთება, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებაო. ეჩვენება, ვითომ მისდევენ, ის კი გაქცევას ვერ ახერხებს, ჰგონია, ყელში წასწვდომია ვიღაც და ახრჩობს. ზოგს საბანი გადასძვრება და ესიზმრება, თითქოს შიშველია. მაძღარი ძილში კოშმარებს ხედავს, მშიერი - საჭმელს, ის კი, ვინც ზედმეტად მარილიანი კერძი ჭამა და სწყურია - მდინარეებსა და წყაროებს. ფანჯრის მიღმა გრუხუნი სროლად გვეჩვენება, კარების ჭრიალი კი - სახლის (თუ ოჯახის?) დაქცევად.

2. წარსულის სახეებისა და შთაბეჭდილებებისგან გამოწვეული სიზმრები

სიზმრები გამოწვეულია არა მარტო წუთიერი გარეგნული გამაღიზიანებლებით, რომლებიც ილუზიებს ბადებს, არამედ წარსულისაგან მოგვრილი სახეებით, შთაბეჭდილებებითა და განცდებითაც.

ამბობენ, სახეები და შთაბეჭდილებები ქვეცნობიერად რჩება ჩვენშიო. ფარული ფიქრები, სურვილები, ყოველდღიურად ნანახი და განცდილი ღამით ამოტივტივდება და აღდგება. მაგალითად, მას, ვინც წინა დღეს კინოთეატრში იყო, ესიზმრება კადრები ნანახი კინოფილმიდან. მსგავსი რამ ემართებათ ბავშვებსაც, რომელთაც სიზმრები აშფოთებთ.

თუ დღისით შენი გონება კეთილი ფიქრებითაა დაკავებული, ღამით უშფოთველ სიზმარს ნახავ. თუ წაკითხულმა წიგნმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა შენში, ამის გამოძახილი ძილშიც არ დაგტოვებს - ყველაფერი ხომ შენს ტვინშია აღბეჭდილი. ვინც ძილის წინ ომზე ფიქრობდა, სიზმრად ბრძოლებს იხილავს, ვერცხლისმოყვარე - ფულს, მოსწავლე - მასწავლებლებს, გარყვნილი კი - გარყვნილების სცენებს. ამიტომაც კინოთეატრში ან ტელევიზორით ბილწი ფილმების ნახვაზე უარესი არაფერია.

ძილის დროს ჩვენი ნერვული სისტემა ისვენებს და გონებას უადვილდება იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენ გვაღელვებს. აი, რატომ ხდება, რომ ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოსავალს სიზმარში პოულობს...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს ფიზიკური მიზეზებით გამოწვეული ბუნებრივი სიზმრები და არსებობს, ასე ვთქვათ, სულიერი სიზმრები, რომელთა სათავეც ჩვენსავე სულშია.

ღამით, როცა მძინარე ადამიანი ვერაფერს ხედავს, ეთიშება გარე სამყაროს, სუნსა და გემოსაც ვერ გრძნობს, შინაგანი სმენით ყურს უგდებს გუნდის მელოდიურ გალობას, სამოთხის ჩიტების ჭიკჭიკს, ხედავს მაღალ მთებს და ღრმა ხეობებს, მოჩუხჩუხე ნაკადულებს ან საბრძოლველად გამზადებულ მეომრებს, ტაძრებს, საიდანაც ღვთის დიდება გაისმის და კიდევ ვინ იცის, რას. და ეს მაშინ, როცა თვალები დახუჭული აქვს, გრძნობის ორგანოები კი უმოქმედოდაა... ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს შიგნით, სიზმრების სამყაროში ტკბება საკმველისა და უმშვენიერესი ყვავილების საამო სურნელით.

და მაინც, სიზმრები უშინაარსოა. მათ ჩვენი ცხოვრებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ერთადერთი საარგებელი, რომელიც მათ ჩვენთვის მოაქვს, ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვირწმუნებთ სულის არსებობას. სიზმარი მოჩვენებასავითაა. ყველაფერს, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ სიზმარში, არანაირი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. ეს ილუზიაა, მაგრამ ის, ვინც ხედავს, ვისაც ესმის და გრძნობს, არ არის მოჩვენება. ამიტომაც ხშირად, როცა შეშინებულებს გამოგვეღვიძება, შვებით ამოვისუნთქვათ ხოლმე: „რა კარგია, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო“.

და მაინც, როგორ ვხედავთ სიზმრებს? ტვინის რომელიმე ნაწილით ხომ არა? მაგრამ შეუძლია კი მის რომელიმე ნაწილს გრძნობის ორგანოების დახმარების გარეშე დაინახოს, გაიგონოს და სუნიც შეიგრძნოს? ფსიქოლოგია დუმს ამის შესახებ. ფსიქოლოგია და განსაკუთრებით, პარაფსიქოლოგია ვერ უარყოფს იმას, რომ ის, ვინც ჩვენი ძილის დროს ხედავს, ვისაც ესმის და სუნსაც გრძნობს, ადამიანის სულია, უხორცო სული, და არა ნივთიერი რამ.

აი, ამგვარად ადასტურებს სიზმარი სულის არსებობას.

 

თავი მეორე

ღვთივმიმადლებული სიზმრები

ძველი ხალხები - ქალდეველები, ბაბილონელები, ასურელები, ეგვიპტელები და იუდეველები თავიანთი წარმართული ცრურწმენებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს. მთელ აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ სიზმრები - ეს იყო ზებუნებრივი ძალებისა და სხვადასხვა ღვთაების მიმართვა ადამიანებისადმი. უდიდესი სერიოზულობით ეპყრობოდნენ მეფეების, ქურუმების და სხვა მნიშვნელოვანი პირების სიზმრებს. ფიქრობდნენ, რომ სიზმრებით ღმერთები ადამიანებს უცხადებდნენ თავიანთ ნებას. ზოგჯერ ღვთაებრივი გამოცხადების მოლოდინში ტაძარში იძინებდნენ. მაგალითად, ასე იქცეოდნენ ბაბილონში.

გავრცელებული შეხედულებით, სიზმრები ეს ღმერთებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობის ერთადაერთი საშუალება იყო. „სიზმარიც ხომ ზევსისგან მოდის“, - უთქვამს ჰომეროსს („ილიადა“). ძველ აღთქმაში ჭეშმარიტი ღმერთიც სიზმრების მეშვეობით ამყარებდა კავშირს ადამიანებთან, იწყნარებდა მათ უძლურებას და სწორედ იმ საშუალებით მიმართავდა, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. განა მანვე არ დაუშვა ის, რომ განედიდებინათ იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ღვთისმსახურების იმ ტიპიკონით“, რომელსაც მაშინ მისდევდნენ? მსხვერპლშეწირვა ხომ ფართოდ იყო გავრცელებული წარმართულ სამყაროში და ღმერთმაც თავის რჩეულ ერს მსხვერპლშეწირვა დაუწესა იმ დრომდე, სანამ არ აღივსო ჟამი და არ გააუქმა იგი ერთადერთი მსხვერპლით - ქრისტეს მსხვერპლით.

წმიდა წერილი მოგვითხრობს ღვთივმიმადლებული სიზმრების შესახებ.

სიზმრები ძველ აღთქმაში

აბიმელექის სიზმარი. აბრაამი ცოლთან, სარასთან ერთად მივიდა ქვეყანაში, სადაც აბიმელექი ცხოვრობდა. აქაური მცხოვრებლები თავიანთი სისასტიკით იყვნენ ცნობილნი. აბრაამს შეეშინდა, ცოლის გამო არ მოეკლათ იგი. გადაწყვიტეს, ეთქვათ, რომ სარა მისი და იყო და არა ცოლი. მართლაც, აბიმელექს ძალიან მოეწონა სარა და თავისთან, სასახლეში წაიყვანა. „და შევიდა ღმერთი აბიმელექის მიმართ ძილსა შინა ღამით და ჰრქუა: აჰა მოჰკუდები დედაკაცისათჳს, რომელი მიიყვანე, რამეთუ არს იგი თანა-მკჳდრ ქმრისა“. მეფემ უპასუხა, მე ხომ იგი აბრაამის დად გამაცნეს, „გულითა წმიდითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე“. „და ჰრქუა მას ღმერთმან: „მეცა ვცან, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ესე და გრიდე შენ მე არა ცოდვად ჩემდა მომართ. ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისა“. ახლა კი დაუბრუნე ცოლი კაცს. იგი წინასწარმეტყველია და ილოცებს შენთვის, მაგრამ თუ მეურჩები, „უწყოდე, ვითარმედ მოჰკუდე შენ და ყოველნივე შენნი“ (შეს. 20, 1-7).

იაკობის სიზმარი. თხებისა და ცხვრების გაყოფისას ლაბანი უსამართლოდ მოექცა თავის სიძეს, იაკობს. იაკობმა კი დაუთმო და დათანხმდა, თავისთვის მხოლოდ ჭრელი საქონელი დაეტოვებინა, რაც დიდი იშვიათობა იყო. იაკობის ცოლი წუხდა ამგვარი უსამართლობის გამო, ქმარმა კი ანუგეშა იგი. „მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა... აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ“ (შეს. 31, 11-12).

ლაბანის სიზმარი. მას შემდეგ, რაც იაკობმა, ბოლოს და ბოლოს, „აღიღო ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი ჭურჭელი თჳსი, რომელი მოემზადა შუამდინარეს“ და ოჯახთან ერთად დატოვა იქაურობა, ლაბანმა ძმებთან ერთად დევნა-იყო მას, როგორც ქურდს. მაგრამ „მოვიდა ღმერთი ლაბანის მომართ ასურისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: დაიცევ თავი შენი, ნუსადა მკსინვარედ ზრახვა-ჰყო იაკობის თანა“ (შეს. 31, 24).

იოსებ მშვენიერის სიზმრები. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია იოსებ მშვენიერის სიზმრები, რომლებიც ძველ აღთქმაშია მოთხრობილი. მშობლების ნაბოლარა ძეს, იოსებს ერთხელ ესიზმრა თითქოს ძმებთან ერთად მინდორში ძნებსა კრავდა. „და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა“, - მოუთხრობდა იგი შემდგომ თავის ძმებს.

„აჰა, - ყვებოდა იგი, - მეზმანა სხუაჲ, ვითარცა მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს მე“.

ძმები შურით აღივსნენ: „ნუ მეფობით მეფობდეა ჩუენ ზედა ანუ უფლებით მეუფლებოდი ჩუენ?“ მამამ - იაკობმაც იგივე გაიმეორა: „რაჲ არს სიზმარი ეგე, რომელ გეზმანა? მოსლვით სადმე მოვიდეთა მე და დედა შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?“ (შეს. 37, 5-10).

და მართლაც, როგორც ბიბლიური ისტორიიდანაა ცნობილი, იოსები ფარაონმა „დაადგინა - ყოველსა ზედა ქვეყანასა ეგვიპტისასა“ და სხვებთან ერთად მისი ოჯახის წევრებმაც თაყვანი სცეს მას. რა თქმა უნდა, ეს სიზმრები ღვთისაგან იყო მიმადლებული.

გავიხსენოთ, როგორ განმარტა იოსებმა ფარაონის მეღვინეთუხუცესისა და მეპურეთუხუცესის სიზმრები. ეს უკანასკნელნი იოსებთან ერთად იყვნენ გამომწყვდეულნი ეგვიპტის საპყრობილეში.

ერთხელ მეღვინეთუხუცესს ვენახი ესიზმრა. „და ვენახსა მას სამნი ძირნი ჯდა. და იგი აღმოცენდა და აღმოორძინდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი“. მეღვინეთუხუცესმა ფარაონის სასმისში ჩაწურა მტევნები და მას მიართვა.

იოსებმა უთხრა, ფარაონი სამ დღეში გაგათავისუფლებს და „კუალად გაგოს შენ მთავრობასავე ზედა მეღჳნობისა შენისასა“. მაგრამ როცა ეს სიტყვები აღსრულდება, მეც ნუ დამივიწყებ, გაახსენე ფარაონს ჩემი თავი, იქნებ მეც გამიყვანოს საპყრობილიდანო.

მეპურეთუხუცესს ესიზმრა, თითქოს თავზე სამი კალათა ედგა. შიგ პურები ეწყო და ფრინველები კენკავდნენ. ღვთის წყალობით იოსებმა ეს სიზმარიც განმარტა: „სამნი ესე ლანკლანი სამნი დღენი არიან. სამნიღა დღენი წარჴდენ და მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდოს შენ ძელსა. და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი“ (შეს. 40, 9-19).

ასეც მოხდა. უეჭველია, რომ ეს სიზმრებიც ღვთივმიმადლებული იყო.

ვის არ სმენია ფარაონის სიზმრები მსუქან და მჭლე ძროხებზე? ფარაონს ესიზმრა, თითქოს მდინარე ნილოსიდან შვიდი მსუქანი და შვიდი მჭლე ძროხა გამოვიდა. მჭლე ძროხებმა მსუქნები შეჭამეს და ისევ მჭლეებად დარჩნენ.

ფარაონს ესიზმრა შვიდი სავდე და შვიდი ფუყე „მწულილი და ქარცემული“ თავთავიც - ფუყე თავთავებმა სავსე თავთავები შეჭამეს და ისევ ფუყეებად დარჩნენ.

იოსებმა, რომელიც მოაგონდა ფარაონს და საპყრობილიდან გამოაყვანინა, ეს სიზმრებიც განმარტა. ორივე მათგანი ერთსა და იმავეს მოასწავებდა: შვიდ წელიწადს ეგვიპტეში კარგი მოსავალი იქნებაო, - მოახსენა მან ფარაონს, - შვიდ წელიწადს კი შიმშილობა ჩამოვარდება და „მოსპოლოს სიყმილმან ქვეყანა“ (შეს. 41, 17-32).

ეს სიზმრებიც ახდა. რა თქმა უნდა, ისინიც ღვთისაგან იყო.

ნაბუქოდონოსორის სიზმარი. ღვთივმიმადლებული იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ცნობილი სიზმარიც.

ერთხელ ნაბუქოდონოსორს შემაძრწუნებელი სიზმარი ესიზმრა. ნანახი გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა, მაგრამ მისგან მიღებული მძიმე შთაბეჭდილებისგან ვერ გათავისუფლდა. მაშინ მან მოუხმო „მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთა“ და ნანახი სიზმრის მოყოლა და განმარტება სთხოვა, მაგრამ მოწოდებულებმა ბრძანება ვერ შეასრულეს. განრისხებულმა თვითმპყრობელმა ბაბილონელი ბრძენების დახოცვა ბრძანა. დანიელ წინასწარმეტყველმა კი მეფეს რამდენიმე დღე გამოსთხოვა და მანამ იდგა ლოცვად, სანამ ღმერთმა დაფარული არ გაუცხადა. ზეციური უწყებით, ნაბუქოდონოსორს ძილში უხილავს ამაზრზენი ხატება, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი, მკლავები და ხელები - ვერცხლის, მუცელი და თეძონი - სპილენძისა, ფეხები მუხლს ზემოთ - რკინისა, მუხლს ქვემოთ კი - ალაგ - რკინის, ალაგ - თიხის. იგი იდგა, „ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან. თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი.“ ქანდაკის ნამუსრევი ქარმა დაფანტა, მასზე დაკვეთებული ლოდი კი „იქმნა მთა დიდ, და აღივსო ყოველი ქვეყანა.“

დანიელ წინასწარმეტყველმა ეს სიზმარი მეფეს ასე განუმარტა: „შენ, მეფე, მეფე მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტიცე და პატიოსანი მოგცა შენ.

ყოველსა შორის ადგილსა, სადა მკჳდრ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, მოგცნა ჴელსა შინა შენსა, და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა; შენ ხარ თავი ოქროჲსაჲ.

და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უადრესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა.

და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ, რამეთუ, ვითარ სახედ რკინაჲ დაამწულილებს და დაჰმწყსის ყოველთა, ეგრეთ დაამწულილნეს და დაჰმწყსნეს ყოველნი.

და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.

და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თელსთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.

და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობა მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი“ (დან. 2, 37-44).

როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ეს სიზმარიც ახდა: სიზმრად ნანახი კერპის ოქროს თავი ბაბილონი იყო, რომელიც ოქროში ბანაობდა; ვერცხლის მკერდი - სპარსეთის სამეფო, რომელიც ვერცხლზე განისვენებდა; სპილენძის მუცელი - მაკედონია: მაშინ სპილენძის ეპოქა იყო; თიხის და რკინის ფეხები კი სიმბოლურად მიგვანიშნებდა რომის იმპერიაზე, რომელშიც არ იყო ერთობა.

ლოდი, რომელიც „მთისაგან გამოეკუეთა... თჳნიერ ჴელთასა“ და „დააწულილა“ კერპიცა და „მეფობანიც ყოველნი“ - ქრისტეა. ქრისტე გარდამოხდა ზეცით, შემუსრა ყველა სამეფო და ერთადერთი, წარუვალი მეუფება დააფუძნა.

„და სუფევისა მისისა არა არს დასასრულ“, - ვკითხულობთ რწმენის სიმბოლოში. განსაჯე და გულისხმაყოფ, რომ ეს ლოდი მართლაც „იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქვეყანა“.

განა ეს სიზმარი ღვთივმიმადლებული არ იყო?

სიზმრები ახალ აღთქმაში

ახალ აღთქმაშიც ვხვდებით ღვთივმიმადლებულ სიზმრებს.

მართალი იოსების სიზმრები. როცა იოსებმა შენიშნა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მიდგომილი იყო, „იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“, მაგრამ ძილში ანგელოზი გამოუჩნდა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“ (მთ. 1, 20)...

უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს და უთხრა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარველ ქუეყანად ისრაჱლისა“ (მთ. 2, 20).

მოგვების სიზმარი. მოგვებმა „მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციო ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა“ (მთ. 2, 12).

პავლე მოციქულის სიზმარი. მცირე აზიის ქალაქ ტროადაში ყოფნისას პავლე მოციქულს ძილში გამოეცხადა ერთი მაკედონელი, რომელიც ევედრებოდა, ევროპაში ჩასულიყო: „და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ“ (საქმე 16, 9).

პილატეს ცოლის სიზმარი. როცა საყდარზე მჯდომი პილატე იესო ქრისტეს დაჰკითხავდა, ცოლმა კაცი აფრინა მასთან და შეუთვალა: „არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს“ (მთ. 27, 19).

ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან მოყვანილი ამდენი მტკიცების შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ღვთივმიმადლებული სიზმრები მართლა არსებობს?

სიზმრები ქრისტიანთა ცხოვრებაში

ღვთივმიმადლებული სიზმრების არსებობა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდანაც დასტურდება. უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძილზე წმინდანებს ბევრი ასეთი სიზმარი უნახავთ. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით.

ეპარქ ლეონტის სიზმრები

412 წელს ილირიკის ეპარქი ლეონტი წმიდა დიმიტრიმ სასწაულებრივად განკურნა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მან წმინდანის საფლავზე დიდებული ტაძარი ააგო. მოგვიანებით ლეონტი ახალ თანამდებობაზე დანიშნეს ახალ ვლახეთში. მას სურდა, წმიდა დიმიტრის რომელიმე ნაწილი წაეღო თან და ვლახეთშიც აეგო მისი სახელობის ტაძარი, მაგრამ დიდმოწამე ძილში ეჩვენა ეპარქს და უთხრა: „ჩემს სხეულს ნუ დაანაწილებ, მთლიანად ჩემს სამშობლოში დატოვე“.

ამის შემდეგ ლეონტიმ ვერ გაბედა წმინდანის უხრწნელი ნაწილებისათვის ხელის ხლება, მხოლოდ მიწა აიღო მისი საფლავიდან. ღვთის ნებით, მოიპოვა წმიდა დიმიტრის ბეჭედი და ცხვირსახოციც, რომელიც მისი წამების დროს ქრისტიანმა ლუპემ გადაინახა, ეს სიწმინდეები კიდობანში ჩააწყო და გაემგზავრა.

გზაში შეფერხდნენ: დუნაი ადიდებული დაუხვდათ და გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ღამით წმიდა დიმიტრი ისევ გამოეცხადა ლეონტის და უთხრა: „ნუ გეშინია, ლეონტი. ხვალ აიღე კიდობანი ჩემი ბეჭდითა და ცხვირსახოცით და უშიშრად გადაიარე მდინარე. სხვებიც შენ მოგბაძავენ და დუნაის უხიფათოდ გადალახავთ“.

მართლაც, დილით ლეონტი ისე მოიქცა, როგორც წმიდა დიმიტრიმ უბრძანა სიზმარში. ყველამ უხიფათოდ გაიარა წყალზე, ჩააღწიეს თავიანთ ოლქში და აქ კიდევ ერთი ტაძარი ააგეს დიდმოწამე დიმიტრის სახელზე.

წმიდა დიმიტრი თესალონიკელი სიზმრებში ეცხადება ჩვენს თანამედროვეებს

მოგითხრობთ წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ფსკოვში, 1965 წლის ოქტომბერში გამოცხადების შესახებ. რუსეთში მძვინვარე ანტირელიგიურმა პროპაგანდამან კი ვერ შეძლო ამ სასწაულის მიჩქმალვა: მართალია, მშრალად და დამახინჯებულად, მაგრამ მაინც იძულებულნი გახდნენ, დაეწერათ ამის შესახებ. ქვემოთ ფაქტები მოგვყავს ისე, როგორც აღწერილია ჩემს წიგნში „თანამედროვე სასწაულები რუსეთში“, სადაც ვიშველიებთ საბჭოთა კავშირიდან მიღებულ წერილს: „ძვირფასებო, გავეცანით თქვენს დაწვრილებით მონათხრობს ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ლესბოსზე ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებულ ბერძენთა უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების შესახებ. თუ შესაძლებელია, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სასწაულმოქმედი ბერძენი წმიდა მოწამის რაფაელის პატარა ხატი. თქვენ წერდით, რომ ბერძნული სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს სიზმრებში გამუდმებით ეცხადებოდა თავად წმინდანი და უბრძანებდა, დაეწყოთ გათხრები მისი და მასთან ერთად წამებულთა პატიოსანი ნაწილების აღმოსაყვანად. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ადრე ვფიქრობდი: „განა შესაძლებელია, წმინდანი ცოდვილებს გამოეცხადოს?“

მერწმუნეთ, ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მე დავისაჯე ჩემი მცირედმორწმუნეობისათვის. ფსკოვის მახლობლად მცხოვრები ჩემი დისგან მივიღე წერილი, რომელსაც ერთვოდა ამონაჭერი ადგილობრივი გაზეთიდან. სიტყვასიტყვით გთავაზობთ ამონაწერს საგაზეთო სტატიიდან:

„...26 ოქტომბერს დავიწყეთ მზადება ოქტომბრის რევოლუციის დღესასწაულისათვის, რადგან ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნაზე ბევრ საპატიო სტუმარს ველოდით. ყველანი გულმოდგინედ ვმუშაობდით: გაზონებს ვასუფთავებდით, ბილიკებს კენჭებით ვკირწყლავდით. საღამოს გარშემო სოფლებიდან ჩამოსულმა ორმოცამდე ქალმა კლუბში დავიძინეთ. დაღლილ-დაქანცულებს მკვდრებივით გვეძინა.

ღამით ერთ-ერთ ჩვენგანს გამოეღვიძა და შეჰყვირა:

- მიშველეთ, ხალხო, კოშმარს ვხედავ!

- რა ნახე? - ეკითხებოდა ყველა.

- ცხენზე ამხედრებული ბრწყინვალე ჭაბუკი მეჩვენა ოქროს თასით ხელში და მითხრა: „ეს არის ქრისტეს სისხლით სავსე წმიდა ბარძიმი, რომელიც ყველას განგანათლებთ და სიყვარულსა და მშვიდობას მოგიტანთ“.

ქალს უნდოდა, ვინაობა ეკითხა ჭაბუკისთვის, მაგრამ ვერ გაბედა. ეს უკანასკნელი კი მიუხვდა და უპასუხა: „გათხარეთ ეს ადგილი და გაიგებ, ვინ ვარ!“

მოგვიანებით ქალები ისევ დასაძინებლად მიწვნენ. ამჯერად ზუსტად ასეთივე ჩვენება იხილა ჩვიდმეტმა მათგანმა (რომელთაგან თერთმეტი პარტიული იყო). ისევ მხედარი, ისევ მის ხელში მოელვარე ოქროს ბარძიმი და ისევ ბრძანება: „გათხარეთ ეს ადგილი და გაიგებთ, ვინ ვარ!“

მოიწვიეს საბჭო. მთელ ჩვენს მხარეში ერთი მღვდელიც არ აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, ლენინგრადში გავმგზავრებულიყავით. ჩავედით, მაგრამ ჩვენ წინ ყველა კარი ირაზებოდა, გიჟებს და ისტერიით დაავადებულებს გვეძახდნენ. ბოლოს ვიღაცამ გვირჩია, არქეოლოგებისთვის მიგვემართა. მივედით. გვიპასუხეს, დღემდე არავის გადაუთხრია რამე მხოლოდ და მხოლოდ ხილვების გამო, სახალხო ქონებას ქარს ვერ გავატანთო. სასოწარკვეთილები დავბრუნდით სასტუმროში. დილის ოთხ საათზე ტელეფონის ზარი გაისმა. არქეოლოგები გვეძებდნენ. აკანკალებული ხმით გვთხოვეს, მივსულიყავით მათთან. პირველივე ავტობუსით გავემგზავრეთ. როგორც იყო ჩავაღწიეთ. აღელვებულები დაგვხვდნენ - მათაც იგივე სიზმარი უნახავთ! ოქროს ბარძიმში ზევიდან ქრისტეს გამოსახულება ჩანდა.

საქმე გახმაურდა. პრესაში დაიწყეს ჩვენი გაკიცხვა, დაცინვა, აბუჩად აგდება. ყველაფერს გავუძელით. ჩამოვიდნენ მუშათა წარმომადგენლები და მოხალისეები არქეოლოგებთან ერთად. სამი დღის მუშაობის შემდეგ პირველი ნანგრევებიც გამოჩნდა. მიწის ქვეშ აღმოჩნდა ორმოცამდე ტაძრისგან შემდგარი მთელი კომპლექსი. ყოველდღე ყველანი ძილში ვხედავდით მხედარს, რომელიც გვიბრძანებდა: „თხარეთ! თხარეთ! თხარეთ!“

მეოთხე ღამეს ჭაბუკს ჰკითხეს:

- ვინ ხარ შენ?

წმიდანი მოიქუფრა და რისხვით შესძახა:

- ნუთუ ვერ მცნობთ? მე დიმიტრი თესალონიკელი ვარ. ქრისტემ გამომგზავნა თქვენთან, რომ დაგიბრუნოთ სიყვარული და მშვიდობა...

გათხრების ოცდამეათე დღეს აღმოაჩინეს მისი სახელობის დიდებული ტაძარი და წმინდანის ხატი, რომელზეც იგი ბარძიმით ხელში იყო გამოსახული. ყველანი საშინელმა გრძნობამ მოგვიცვა. იმ დროს პრესაც წერდა ამის შესახებ. მაგრამ ზოგი რამ შეცვალეს. დღეს ყველამ ვიცით სიმართლე...“

ხარების ხატის გამოჩინება კუნძულ ტინოსზე

ღვთივმიმადლებული იყო სიზმარიც, რომელიც დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ხატის გამოჩინებასთან კუნძულ ტინოსზე.

თავის სენაკში მიძინებულ ღვთისმოშიშ მონაზონ პელაგიას ესიზმრა ოქროსფერი სამოსით შემოსილი დედაკაცი, რომელიც ღვთაებრივი მშვენებით ბრწყინავდა და დედოფალს ჰგავდა.

მან პელაგიას მიმართა: „წადი დაბა მონში, მოძებნე კანკადი და უთხარი, გათხაროს ჩემი სახლი ანტონ დოქსარის მამულში და უხელმძღვანელოს დიდებული ტაძრის მშენებლობას.“

შეშინებულ პელაგიას გამოეღვიძა და ლოცვა დაიწყო. მას აშფოთებდა ეჭვები: ეს სიზმარი ღვთივმიმადლებული იყო თუ მისი წარმოსახვის ნაყოფი? მონაზონს არავისთვის არაფერი უთქვამს.

მომდევნო კვირადღეს, იმავე დროს დედა პელაგიამ იგივე სიზმარი იხილა. იმავე დედოფალმა მას ისევ უბრძანა კანკადისთან წასვლა. განვლო კიდევ ერთმა კვირამ, მაგრამ მონაზონს არც უფიქრია რამის შესრულება.

მესამე კვირის თავზე, 1721 წლის 23 ივლისს შეძრწუნებულმა პელაგიამ ისევ იხილა იგივე სიზმარი. ამჯერად დედოფალმა მრისხანედ და მკაცრად მიმართა: „პელაგია, რატომ არ შეასრულე ჩემი ბრძანება?“

შეშინებულ მონაზონს გამოეღვიძა, მაგრამ ხილვა არ გამქრალა: დედოფალმა ხელი ჩასჭიდა მას და უთხრა:

- დამემორჩილე! უკანასკნელად...

- ვინ ხარ შენ? - ათრთოლებული ხმით იკითხა პელაგიამ, - ასე ძალიან რატომ მირისხდები და დაჟინებით რად ითხოვ შენი ბრძანების შესრულებას?

მაშინ ბრწყინვალე დედოფალმა მიუგო:

- „აუწყებდით ქვეყანას სიხარულსა დიდსა...“

- „აქებდით ზეცისა ღვთისა დიდებასა,“ - აიტაცა მუხლებზე დავარდნილმა პელაგიამ.

- იმავ წამს ყოვლადწმიდა ქალწული გაუჩინარდა, პელაგიამ კი სიზმარი მონასტრის წინამღვარს მოუთხრო. მან იგი კანკადისთან გაგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ეპისკოპოსს გაბრიელთან.

- „დამშვიდდი, პელაგია, - უთხრა მას მეუფემ, შენი სიზმარი მნიშვნელოვანია. ზეციური კურთხევა შენ სწორად შეასრულე“.

დაიწყეს გათხრები დოქსარის მამულში და ხარების სასწაულმოქმედი ხატი აღმოაჩინეს.

ეს სიზმარი ღვთივმიმადლებული იყო. ხატის გამოჩინებით უფალს სურდა, გაემხნევებინა ბერძნები, რომლებიც იმ დროს სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის იბრძოდნენ. მას სურდა ასევე მართლმადიდებლობაში განემტკიცებინა კიკლადის კუნძულების მცხოვრებლები, რადგან იქ კათოლიკური პროპაგანდა მძლავრობდა. კათოლიკები ომის დროს დაობლებულ ბერძენ ბავშვებს კრებდნენ თითქოს იმ მიზნით, რომ ეზრუნათ მათზე, სინამდვილეში კი მათგან პაპისტების გამოზრდა უნდოდათ.

ერეტიკოსები ისე აქტიურობდნენ, რომ მალე იქ ერთი მართლმადიდებელიც არ დარჩებოდა, მაგრამ ხატის გამოჩინებისა და მისგან აღსრულებული უხვი და დაულევნელი სასწაულის წყალობით კიკლადის კუნძულების მოსახლეობა მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა.

 

თავი მესამე

ეშმაკისეული სიზმრები

ყველაზე ხშირად სიზმრებს ეშმაკი გვივლენს. მისთვის ეს სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან თვითონაც სულია (ბოროტი სული) და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ჩვენს სულთან.

თუ ეშმაკი დღისითაც თავს ახვევს ადამიანს ბოროტ, მზაკვრულ და ბილწ ფიქრებს, მით უფრო იოლად ვერ მოახერხებს ამას ღამით, როცა გვძინავს? „და არა საკჳრველ არს, - წერს პავლე მოციქული - რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“ (2 კორ. 11, 14). ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სატანა ანგელოზის სახესაც კი ღებულობს ადამიანთა საცდუნებლად.

ნუ შეგვაცდენს ის, რომ ზოგჯერ სიზმარი გვიცხადდება. წმინდა მამები ამ მოვლენას ხსნიდნენ იმით, რომ სატანა სწრაფი შიკრიკია. მაგალითად, თუ შეიტყობს, რომ ვინმეს ამერიკაში ნათესავი მოუკვდა, სასწრაფოდ აუწყებს მას ამის შესახებ სიზმარში; ან, როგორც ანტონი დიდი ამბობს, როცა ნახავს, რომ აბისინიაში, სადაც ნილოსის სათავეამ ხშირი წვიმებია, აჩქარებით დაუყვება დინების მიმართულებას დაბლა, ალექსანდრიისკენ, რომ ვინმეს წინასწარ აუწყოს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ. და მართლაც, ორი-სამი დღის შემდეგ ნილოსი დიდდება. ერთი სიტყვით, ეშმაკები იმას, რასაც ხედავენ, სასწრაფოდ გვამცნობენ სიზმრებში. აი, რატომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სიზმრებს.

ერთხელ ფრთხილ და წინდახედულ არქიმანდრიტს ევსები მათიოპულოსს ესიზმრა, თითქოს მასთან, ათენში ჩამოვიდა სტუმარი ეტოლიიდან და მიართვა საუცხოო თევზი და ორი ბოთლი კონიაკი. სულ ცოტა ხანში მას სიზმარი აუხდა: ეწვია სტუმარი თევზითა და კონიაკით. კაცმა ოთახში ძღვნის შემოტანა ვერც მოასწრო, რომ ევსებიმ საჩუქარს ხელი დასტაცა და ფანჯრიდან მოისროლა.

- რა ქენი, მამაო, - აღმოხდა გაკვირვებულ და შემკრთალ გლეხს, - მე ხომ ეს ყველაფერი სიყვარულით მოგართვი.

- შვილო ჩემო, მე ხომ ამაში ეჭვიც არ შემპარვია, დიდად გმადლობ, მაგრამ არ მსურდა, გალაღებულიყო ეშმაკი, რომელმაც წუხელ ძილში მაუწყა ამის შესახებ!

ეშმაკისეული სიზმრები უამრავია. ისინი ერთ მიზანს ემსახურება: ადამიანის ცდუნებასა დ ადაღუპვას. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით დაცულნი დაფრთხისაგან, თუ სიზმრებს ყურადღებას არ მივაქცევთ და მათში რაიმე აზრის ძიებას არ დავიწყებთ.

წმიდა წერილი გვიკრძალავს სიზმრებზე მინდობას

წმიდა წერილში უფალი გვიბრძანებს, გავფრთხილდეთ, თუ გვსურს, რომ არ გვაცდუნოს სიზმარმა, რომელსაც ეშმაკი გვივლენს:

„ფუჭი და ცრუ და იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები“ (ზირ. 34, 1).

„რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე“ (ზირ. 34, 2).

„მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს“ (ზირ. 34,55).

„რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი“ (ზირ. 34, 7).

ასე გვაფრთხილებს წმიდა წერილი, რათა გულით არ მივემსჭვალოთ და ყურადღება არ მივაქციოთ სიზმრებს. მათზე მინდობამ ხომ უკვე ბევრი დასცა.

ეკლესია ამას კრძალავს

სიზმრებით სატანას ბევრი უცდუნებია, წმინდანებიც კი. იგი ამის დიდოსტატია. სწორედ ამიტომ მოსაგრე მამები ისე, რომ არც ფიქრობენ სიზმრის წყაროზე - ბუნებრივია ის, ღვთიცმიმადლებული და ეშმაკისეული, - უგულებელყოფენ მას, ყურადღებას არ აქცევენ.

წმიდა ნიკოდიმოსი გვირჩევდა, სხვა ცოდვებთან ერთად სიზმრებისთვის ყურადღების მიქცევაც მოგვენანიებინა.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი წერდა: „ჩვენგან ის სათნოებაც საკმარისი იქნება, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ წარმოსახვის თამაშს. სიზმრები უმეტესწილად არაფერია, გარდა მაცდური გონების ქიმერებისა ან ეშმაკის ოინებისა“. „ჭეშმარიტად, - ამბობს წმინდანი, - დიდი სათნოებაა, არაფერს ვერწმუნოთ ჩვენი სიზმრებიდან. სიზმრები ხომ უმეტესწილად წარმოიშვება იმ სახეებისა და წყვეტილი ფიქრებისგან, რომლებიც თავში გვიტრიალებს, ან ეშმაკისგან, რომელიც დაგვცინის და გვაცდუნებს“.

ბასილი დიდი სიზმრებით გატაცებულებს კერპთმსახურებს უწოდებს და აღნიშნავს: „შენ სიზმრებიც კი გაშინებს და სიზმრად ნანახი მიზნისკენ ილტვი“.

ბევრს დიდი კეთილმსახურებისა და სათნოების ნიშნად მიაჩნია ის, რომ სიზმრებს ხედავს, ტრაბახობს კიდეც ამით და როცა რაიმე ხდება, სიამაყით ამბობს: „ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, მესიზმრა.“

სიზმარი ღვთივმიმადლებულიც რომ იყოს, სანამ ამაში დარწმუნებულნი არა ვართ, არ უნდა მივიღოთ. წმინდა გრიგოლი ამბობს: „ხილვა ღვთივმიმადლებულიც რომ იყოს და ჩვენ არ მივიღოთ, მოწყალე უფალი არ განგვირისხდება, რადგან იცის, რომ ეშმაკის საცთურის შიშით არ მივიღეთ იგი“.

თვითონ უფალიც რომ გამოგვეცხადოს და ჩვენ კი იმის შიშით, ანგელოზის სახით მოსული ეშმაკი ხომ არ გვაცდუნებსო, ვუთხრათ: „განვედ, ჩემგან, მართლუკუნ, სატანა“, - უფალი არ განგვირისხდება, პირიქით, გაიხარებს, რადგან იცის, რომ ასე ეშმაკის სადთურისაგან თავის დასაცავად მოვიქეცით.“

წმიდა გრიგოლს ასეთი მაგალითი მოჰყავს. ბატონმა სხვაგან გამგზავრების წინ სახლში ერთი მონა დატოვა და თავისი მამულის დაცვა მას მიანდო. გავიდა ხანი. ერთხელ, ღამით, ბატონი დაბრუნდა და საკუთარი სახლის კარზე დააკაკუნა. მსახურს ესმოდა ბატონის ხმაც და კაკუნიც, მაგრამ კარი მხოლოდ დილით გაუღო მაშინ, როცა შეძლო მისი დანახვა. როგორც ფიქრობთ, ბატონი განურისხდა მონას იმღამინდელი საქციელის გამო, როცა ამის მიზეზი გაიგო? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, შეაქო იგი. ამგვარად, ამბობს წმიდა გრიგოლი, უფალიც სასყიდელს მიაგებს ქრისტიანებს, რომლებიც არ ერწმუნებიან სიზმრებს იმის შიშით, ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია მათში.

ღვთივმიმადლებული სიზმრები იშვიათია და მათ წმინდანები ხედავენ

ღვთივმიმადლებული სიზმრები ძალზე იშვიათია. თითებზე შეიძლება ჩამოითვალოს ის სიზმრები, რომლებზეც წმიდა წერილშია მოთხრობილი. ისინი არც წმიდათა ცხოვრებაში გვხვდება ხშირად. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მათთან იმ მილიარდობით სიზმარს, რომელსაც ღამღამობით, და ალბათ დღისითაც, ხედავენ ადამიანები?

ჩვენს პლანეტაზე სამი მილიარდ შვიდასი მილიონი მცხოვრებია და თითქმის ყველა ღამით სიზმრებს ხედავს. ამასთან, ყოველი მათგანი თითოს კი არა, ორს, სამს და იქნებ მეტსაც. აქედან გამომდინარე, ადამიანებს მილიარდობით სიზმარი ესიზმრებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღამის მანძილზე. თავად განსაჯეთ, შეიძლება კი ყოველი მათგანი ღვთივმიმადლებული იყოს?

ღვთივმიმადლებული სიზმრები იშვიათია და მათ მხოლოდ წმინდა ან კეთილმსახური ადამიანები ხედავენ. მკითხველო, იქნებ თავი წმინდანი გგონია? თუ ეს ასე არაა, ენა როგორ გიბრუნდება იმის სათქმელად, სიზმარი ვნახე და ამიხდაო? ეს ეშმაკი ცდილობს შენზე გამარჯვებას ზოგიერთი სიზმრის ასრულებით. თავს გახვევს აზრს, თითქოს წმინდანი ხარ და ამას იმიტომ აკეთებს, რომ იცის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა სისაძაგლეა ღვთის წინაშე: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამპარტავნებაზე, თავმოყვარეობასა და ურჩობაზე უარესი არაფერია. ასეთი „წინასწარმეტყველური“ სიზმრების მხილველნი კი სწორედ ამ ცოდვებში ვარდებიან.

გარდა იმისა, რომ ღვთივმიმადლებულ სიზმრებს უფრო ხშირად წმინდანები ხედავენ, მათი შინაარსიც ყოველთვის საცხოვნებელია და მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული.

დაფიქრდით: რამდენი გულუბრყვილო დაღუპულა იმის გამო, რომ ჩაუთვლია, ჩემი სიზმრები ღვთივმიმადლებულიაო. წმინდანებიც კი, რომლებსაც ღმერთი მოუვლენს სიზმრებს, მაშინვე არ ღებულობენ მათ, როგორც ეს მონაზონ პელაგიას შემთხვევაში მოხდა, კუნძულ ტინოსზე ღვთისმშობლის ხარების ტახის გამოჩინებისას.

მოვიყვანთ სხვა მაგალითსაც, რომელიც დაკავშირებულია ელეისტრიას ხატის გამოჩინებასთან მესინიის კორინში.

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი ასე აღგვიწერს ამ მოვლენას: „წმინდა ხატის გამოჩინება მოხდა 1784 წლის 22 იანვარს ღვთისმოშიში მონაზვნის, მარიამ სტაფაკის ხილვების მეშვეობით, რომლებიც 1772 წლის იანვრიდან დაიწყო“. შემდეგომ ღვთისმშობელი გამოუჩნდა მონაზონს, უწინამძღვრა, აჩვენა ის ადგილი, სადაც ხატი იყო დაფლული და გაუჩინარდა. მონაზონი სწრაფად გამოერკვა ბურანიდან და ზუსტად მიანიშნა განძის სამალავზე. დაიწყეს თხრა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინეს.

შეუფარდეთ მონაზონ მარიამის სიზმრისეული ჩვენება ყოველდღიური სიზმრების რიცხვს! თხუთმეტი წელი ხედავდა იგი ამ ხილვებს და ყურადღებასაც არ აქცევდა. როგორი სიფრთხილე გვმართებს, რომ სათამაშოები არ გავხდეთ ეშმაკის ხელში. ამ შემთხვევაში არავის გვაწყენს თომა მოციქულის მიბაძვა.

მაგრამ არის ისეთი სიზმრებიც, რომელთაც ჩვენთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამგვარი სიზმრებისათვის ყურადღების მიუქცევლობა მოსანანიებელი ცოდვაა. იყო ერთი ჭაბუკი, რომელიც ქეიფსა და გარყვნილებაში ატარებდა დღეებს. საუკეთესო მეგობრები ცდილობდნენ, კეთილ გზაზე დაეყენებინათ იგი, მაგრამ ყმაწვილს არაფრის გაგონება არ სურდა. და აი, ერთხელ მას ესიზმრა მამა, რომელმაც მკაცრად უბრძანა, დაეგდო თავისი სიბილწე, უღმერთოება და ცხოვრება გამოესწორებინა, მაგრამ თანახმად სახარებისეული შეგონებისა: თუ შჯულისა „არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“ (ლუკა 16, 31). ჭაბუკმა სიზმარს ყურადღებაც არ მიაქცია. მაშინ მას სიზმარში კვლავ გამოეცხადა მამა, რომელმაც გააფრთხილა, ცხოვრების წესს თუ არ შეიცვლი, ამა და ამ დღეს მოკვდები და ღვთის სამსჯავროზე წარდგებიო. ჭაბუკმა ხუმრობით მოუთხრო ამის შესახებ თავქარიან მეგობრებს და არათუ ძველ ცხოვრებაზე ხელის აღება არ უცდია, არამედ სიზმრისეული მუქარის აბუჩად ასაგდებად სწორედ იმ დღეს, როცა მამამ სიკვდილი აღუთქვა, დიდი ლხინი გამართა. და აი, მეგობრებთან ერთად განცხრომით მოქეიფე ჭაბუკს უეცრად აპოპლექსიური დამბლა დაეცა და მოკვდა.

ამ მონათხრობიდან ჩანს, რომ ყველა სიზმარი ცრუ და ამაო არ არის: ზოგი მათგანი მართლა შეიძლება აგვიხდეს.

სიზმრების მეშბეობით სატანა დასცინის ადამიანებს, განხეთქილებას აგდებს მათ შორის, ცდილობს ადამიანთა დაღუპვას და მათი სულების წარწყმედას

რამდენ ადამიანს აწამებს ეშმაკი ყოველდღე! საბრალონი, რომელთაც სჯერათ სიზმრებისა, დილაობით ფიქრებში ჩაძირულები იღვიძებენ და საქმეებს გულს ვეღარ უდებენ. ისინი დამდაბლავებულს ჰგვანან. აფორიაქებულები წაავლებენ ხელს სიზმრების წიგნებს, რომლებიც არასდროს ეთანხმებიან ერთმანეთს. მეგობრებთან ერთად კაფეში მჯდომი ამ სიზმრის წიგნების რომელიმე ავტორი წამოიძახებს: „წავალ ახლა და გულის გადასაყოლებლად ჩავწერ პირველივე სისულელეს, რომელიც თავში მომივა“, ბევრს კი სიზმრის წიგნები ლამის სახარებას ურჩევნია.

როგორ უმწარდებათ სიცოცხლე იმ ადამიანებს, რომლებიც უსიამოვნო სიზმრებს ხედავენ! ერთ-ერთი ოფიცერი 1849 წლის ომის დროს ტეპელენში ყოველ დილით დამწუხრებული და შეფიქრიანებული იღვიძებდა. კითხვას, რას შეუწუხებიხართ, უფროსო? იგი პასუხობდა: გუშინ მესიზმრა, თითქოს ნიშნობის ბეჭედი დავკარგე, ცოლმა მიმატოვა... და ასე დათრგუნვილი რჩებოდა მანამ, სანამ შინიდან წერილს არ მიიღებდა.

იგი სხვა სიზმრებსაც ხედავდა და ყოველთვის ცდილობდა მათ ახსნას. წვიმას ნახავდა? - ეგონა ეს ცუდი სიზმარი იყო. ვენახს ნახავდა - ეშინოდა, რამე არ მომხდარიყო. შაქარს ნახავდა - სიმწარეს ელოდა. დაესიზმრებოდა, რომ მწარე ნუშს შეექცეოდა - უსიამოვნებებს ელოდა. ასე გამწარებული და დამწუხრებული ცხოვრობდა საცოდავი.

ეშმაკს ახარებს ადამიანებს შორის განხეთქილების ჩამოგდება და მათი ერთმანეთზე გადაკიდება, რაშიც მას სიზმრებიც ეხმარება. მაგალითად, ვინმე სიზმარში ნახავს, რომ ვიღაც მისი მტერი გახდება, რის შემდეგაც ამ ადამიანის მიმართ ეჭვები უჩნდება და სიძულვილი უღვივდება. ასეც ხდება: კაცის ქალიშვილის ნიშნობა ჩაეშლება და დაესიზმრება, რომ ორი მისი ნაცნობი ჭორაობს. დილით სერიოზულად აღიქვამს ამას და მათ მიმართ სიძულვილი უჩნდება. ასე იწყება შეურიგებელი უთანხმოებანი ადამიანებსა და ოჯახებს შორის. რამდენ ადამიანს ევსება გული სიძულვილითა და მტრობით და რამდენი წარიწყმედს სულს. ყველაფრის მიზეზი კი - სიზმრებია.

ბოროტი სულები ხარობენ, როცა სიზმრების მეშვეობით გვასულელებენ და საყოველთაო დაცინვის საგნად გვაქცევენ. რამდენ ადამიანს დაუწყია გათხრები სიზმრად ნანახი განძის აღმოჩენის იმედით, მაგრამ დაცინვის გარდა ვერაფერი მოუპოვებია. ერთი დოყლაპია ხშირად თხრიდა მიწას იანინის ციხე-გალავნის საძირკვლის გასწვრივ, რადგან იმედოვნებდა, ალი-ფაშას საგანძურს წავაწყდებიო. ასე ეჩვენა სიზმარში!

ამგვარივე უბედურება შეემთხვა ერთ გულმოდგინე მქადაგებელს. ერთხელ, მოგზაურობის დროს, იგი პელეპონესის პირგოსში ჩავიდა და ესიზმრა, რომ აქ მიწისძვრა მოხდებოდა. სიზმრისეული ხილვა ისეთი მკაფიო იყო, რომ მანაც ირწმუნა და მეორე დღეს თავის ქადაგებაში თქვა ამის შესახებ. და მართლაც, ქალაქში მიწა იძრა.

ამის შემდეგ მისიონერი პატრებში გადავიდა, სადაც ისევ მიწისძვრა ესიზმრა და ქადაგების დროს ქალაქის მოედანზე შემოკრებილი უამრავი ხალხის წინაშე სრული თავდაჯერებით განაცხადა, ამ საღამოს აქ, პატრებში მიწისძვრა მოხდებაო. მაგრამ არაფერიც არ მომხდარა! ეშმაკმა მოატყუა მქადაგებელი და ხალხის დასაცინი გახადა.

1943 წელს, გერმანელთა ავადმოსაგონარი ოკუპიაციის დროს, თქვენი მონა-მორჩილიც კინაღამ აჰყვა ცდუნებას. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ მოხდა ყოველივე. ვიმედოვნებ, რომ ეს ჭკუის სასწავლებელია. მაშინ გერმანელებმა ტყვედ ჩამიგდეს და საპყრობილეში გამომამწყვდიეს. და აი, ძილში ძალიან ცხადად წარმომიდგა თვალწინ, თითქოს საპყრობილეში გერმანელები შემოვიდნენ ჩვენს დასახვრეტად, მაგრამ მე მოვახერხე გაპარვა და თავის გადარჩენა.

მეორე დღეს, მართლაც, შემოვიდა გესტაპოს უფროსი გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად და ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც სიზმარში ვიხილე: ჩვენი დახვრეტის ბრძანება გასცეს. ზარბაზნის წინ ჩამოგვამწკრივეს. პირჯვარი გადავისახეთ და გასროლას ველოდით, მაგრამ არ დაგვხვრიტეს.

ორმოცი დღის შემდეგ ბევრი სიძნელის გადალახვისა და ძალების დიდი დაძაბვის ფასად, უპირველეს ყოვლისა კი, ღვთის შეწევნით, საპყრობილიდან გაქცევა მოვახერხე.

როცა მოგვიანებით მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუამბე, მირჩია: „გაფრთხილდი, ეშმაკმა სიზმრებით არაფერი გავნოს.“ მეც ყურად ვიღე მისი გაფრთხილება და ამის შემდეგ სიზმრებს არანაირ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებდი.

მაგრამ 1944 წელს მესიზმრა, თითქოს ერთ ჩემს ნაცნობს მღვდლად აკურთხებდნენ. ნანახისაგან დათრგუნვილს გამეღვიძა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩამეძინა და კვალად იგივე სიზმარი მესიზმრა. დილით შევყოყმანდი: სიზმარი ჭეშმარიტი ხომ არ იყო? მაგრამ მოძღვრის სიტყვები მახსოვდა და ეს ფიქრი სასწრაფოდ მოვიცილე თავიდან. სახლს ოდნავ რომ გავცდი, მეზობლის ქალი შემომხვდა და მახარა: „წუხელ მესიზმრა, თითქოს ჩვენი ნაცნობი მღვდლად აკურთხეს“.

გავიფიქრე: ეტყობა, მართლა აკურთხეს-მეთქი. ასე მეგონა, თუ მეც და მეზობლის ქალმაც ერთი და იგივე სიზმარი ვნახეთ, ეს სიმართლე იქნებოდა. საბედნიეროდ, თავი შევიკავე და ტელეგრამით არ მივულოცე, თორემ ყველას სასაცილო გავხდებოდი!

მას შემდეგ ოცდახუთზე მეტმა წელმა განვლო, ის ჩემი ნაცნობი კი დღესაც არაა ნაკურთხი.

ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, ავნოს ადამიანს, და თუ შესაძლებელია, დაღუპოს კიდეც. ამაში მას სიზმრებიც ეხმარება.

აი, რას წერს ნეტარსახსენებელი, მაღალსულიერი ცხოვრებით გამორჩეული არქიმანდრიტი იოილ გიანაკოპულოსი: 1859 წელს კალამაში ვიღაცას ესიზმრა, რომ მიწისძვრა უნდა მომხდარიყო. ქალაქის მოსახლეობა პანიკაში იყო. ღამღამობით ბევრი ტოვებდა ქალაქს. ჭორებს სოფლელებიც აჰყვნენ. ქალიშვილებმა მიწისძვრისგან დასაცავად თავიანთი მზითევი სარდაფში გადამალეს, თვითონ კი ღამე ქალაქგარეთ გაატარეს. მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. მიწისძვრის ნაცვლად, წყალდიდობა მოხდა და სარდაფებში გადანახული მზითევი წყალმა მთლად გააფუჭა. ასე იზარალეს სიზმრებს მინდობილებმა.

მოგთხრობთ მოსაგრე ბერის, ირონის საშინელი დაცემის შესახებაც: სიზმრების მეშვეობით ეშმაკმა აცდუნა იგი და სათნოებათა მწვერვალიდან დაღუპვის მორევში დანთქა. ოცდახუთი წელი დაჰყო ირონმა უდაბნოში მარტოდმარტო, ფიცხელი ღვაწლითა და თავშეკავებით. მისი წმინდა ცხოვრების ამბავი ბევრისთვის იყო ცნობილი. მაგრამ ერთხელ მოსაგრეს ძილში სატანა გამოეცხადა ქრიტეს სახით და უბრძანა, განრიდებოდა ყველას მარხვისა და ღვაწლის კიდევ უფრო გამკაცრების მიზნით. ირონი აღდგომის დღესასწაულზეც არ მიდიოდა ეკლესიაში იმიტომ, რომ სხვა მამებთან ერთად და ეტრაპეზა და ეშმაკის მიერ დადგენილი მკაცრი მარხვა არ დაეღვია.

დიდი ხანი ჰყავდა სატანას ბერი მოხიბლული. და აი, ერთხელ, ძილში ანგელოზის სახით გამოეცხადა. უბედურმა ირონმა თაყვანი სცა მას, როგორც უფლის მაცნეს. მაცდურმა კი უბრძანა, დაუყოვნებლივ ჩამხტარიყო ჭაში იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი სათნოების, სიწმინდისა და ღვთივსათნო ღვაწლის გამო ცუდი არაფერი შეემთხვეოდა. და ირონიც, ღრმად დარწმუნებული თავისი სიზმრების ჭეშმარიტებაში, ჭაში ჩახტა.

მოხდა ისე, რომ სხვა ბერებმა იგი მაშინვე შენიშნეს და ძლივძლივობით ამოიყვანეს ჭიდან. ამის შემდეგ მოსაგრემ მხოლოდ ორი დღე იცოცხლა და მესამე დღეს მიიცვალა.

აი, ასეთი ცხოვრების დაღუპვაც შეუძლია სიზმრებზე მინდობას.

ცნობილია სიზმრებითა და გამოცხადებებით ეშმაკის მიერ ადამიანთა ცდუნების კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა:

სატანა ერთ-ერთ მოსაგრეს ხშირად ეცხადებოდა სენაკში ანგელოზის სახით და წინასწარ აუწყებდა სხვადასხვა მოვლენას. საბრალო ბერი მოტყუვდა და მთლიანად მიენდო მაცდურ ხილვებს. ერთხელ ეშმაკმა მას უბრძანა, ღვთისთვის აბრაამივით მსხვერპლი შეეწირა და დაეკლა თავისი მორჩილი. ბერი იმდენად იყო გონებადაბინდული, რომ გაამზადა თოკი „სამსხვერპლოს“ შესაბოჭად, დანაც გალესა მის დასაკლავად. ჭაბუკი ხედავდა მოძღვრის ამ უცნაურ სამზადისს. ბოლოს კი, როცა ეს უკანასკნელი მის შებოჭვასაც შეეცადა, ეჭვები აღეძრა და გაქცევით უშველა თავს.

სიზმრების მეშვეობით სატანა ცდილობს, დაეუფლოს ჩვენს სულს, ჯერ ეჭვებში ჩაგვაგდოს, შემდეგ კი - ცოდვაში. დაუჯერებლად მოგეჩვენებათ ერთი გოგონას ისტორია, რომელიც მან თავად მოგვითხრო.

ეს გოგონა თითქმის ექვსი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმები სნეულების მიზეზს ვერ ადგენდნენ. ერთხელ მას ესიზმრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „მიდი ხვალ ამა და ამ რაიონში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ სახლთან. რკინის კარს მიადგები. დააკაკუნე. გამოიხედავს პატრებიდან ჩამოსული ქალი. გაესაუბრე მას და გირჩევს, ვის მიმართო, რომ განიკურნო!“

გოგონაც წავიდა. მართლაც იპოვა სიზმარში მინიშნებული ქუჩა, სახლი, რკინის კარი და პატრებიდან ჩამოსული ქალი, რომელმაც იგი გაგზავნა იმ კაცთან, ვისაც თითქოს მისი დახმარება შეეძლო. კაცი სათნო და კეთილმსახური ჩანდა. სახლში ბევრი ხატი ჰქონდა.

მაგრამ იგი ჯადოქარი ყოფილა. თავდაპირველად, მზაკვარმა მასპინძელმა ურჩია გოგონას, რა უნდა ეკეთებინა შემდგომ მისვლამდე. გოგონა ბევრჯერ იყო მასთან, მომჯობინდა კიდეც, რამაც ნდობით განაწყო კაცის მიმართ. მაშინ კი ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ სრული განკურნებისთვის მასთან ცოდვით დაცემაა საჭირო და გოგონაზე ძალადობას შეეცადა. საბედნიეროდ, ქალწულს ღვთის შიში ჰქონდა. იგი წამოხტა, გაიქცა და გადარჩა.

რამდენი მოხიბლა სატანამ სიზმრებით! რამდენი ჩააგდო ცოდვებში ისე, რომ შეწინააღმდეგობა არც უცდიათ! ეს არავინ იცის, უფლის გარდა. საშინელი სამსჯავროს დღეს ყველანი პასუხს აგებენ და დაისჯებიან, მაგრამ ეშმაკის მიზანიც ხომ ეს არის.

მინდა მოგითხროთ კიდევ ერთი ბერის შესახებ, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიზმრებს. ერთხელ მას სიზმარში, რომელიც უეჭველად ეშმაკის მოვლენილი იყო, ეუწყა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვრებდა. ბერმაც ფულის გროვებას მიჰყო ხელი, რომ ღრმა სიბერეში უსახსროდ არ დარჩენილიყო. მან მონაზვნურ ღვაწლზე ხელი აიღო და საშოვარზე გავიდა იმ იმედით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა და სულზე ზრუნვასაც მოესწრებოდა. მაგამ საბრალო მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნაგროვები ფული ოხრად დარჩა, თვითონ კი თავისი ვერცხლისმოყვარეობა თან გაიყოლა და, რა თქმა უნდა, სულიც წარიწყმიდა.

ჩვენც რომ მასავით არ შევცდეთ, სიზმრებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ.

(გაგრძელება)