ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

1

გადავწყვიტე, ეს საუბარი ოჯახისა და ქორწინების საკითხს მივუძღვნა. ვფიქრობ, რომ მსოფლიოსთვის, რომლის წესადაც დღეს ცალკეულ ადამიანებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ხალხებს შორის გათიშულობა, დაპირისპირება, დაძაბული ურთიერთობა ქცეულა, ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია.

ქორწინება სასწაულია დედამიწაზე. სამყაროში, სადაც ყველა და ყველაფერი განცალკევებისკენ მიილტვის, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით უკავშირდება ერთმანეთს. ესაა ადგილი, სადაც განხეთქილება თავდება და იწყება ერთობლივი ცხოვრების ხორცშესხმა. ამაში მდგომარეობს ადამიანურ ურთიერთობათა ყველაზე დიდი სასწაული: უცბად ორნი ერთ პიროვნებად იქცევიან, ორი პირი ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის ბოლომდე მიღებით რაღაცით უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე უბრალო წყვილი, ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა.

ამაზე ყოველ ადამიანს ჰმართებს დაფიქრება. ცალკე ცხოვრება მტანჯველია, მძიმეა, მაგრამ ამავე დროს, რაღაცით ადვილია და ჩვეულებრივი. ადამიანთა ინტერესები, გემოვნება განსხვავებულია, და ამიტომ ძალზე ადვილია, საკუთარ თავს უთხრა: მინდა იმით ვიცხოვრო, რაც მაინტერესებს. ზოგი მოგებისთვის ცხოვრობს, ზოგი - კულტურისთვის, ზოგი იდეალს ეძებს, მე კი თვითკმაყოფილი ერთეული ვარ, საკუთარი თავიც მყოფნის... და აი აქედან იწყება საზოგადოების, კაცობრიობის დაქსაქსვა. საბოლოო ჯამში, არაფერი რჩება იმ საოცარი, სასწაულებრივი ერთობისაგან, რაც შეიძლებოდა, რომ ადამიანთა შორის ყოფილიყო. ქორწინება კი, როგორც უკვე ვთქვი, არის ერთობის აღდგენის სასწაული იქ, სადაც მისი აღდგენა ადამიანური ძალით შეუძლებელია.

მაგრამ ამისათვის საჭიროა გავიაზროთ, თუ რა არის სიყვარული და როგორ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს სიყვარულით. რადგან არსებობს სხვადასხვაგვარი სიყვარული, ამ სიტყვას ჩვენ ვხმარობთ ძალზე განსხვავებულ გარემოებებში. ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მშობლები, გვიყვარს ცოლი, ქმარი, ბავშვები; მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ გვიყვარს მეტად უმნიშვნელო საგნებიც. ვამბობთ, რომ მიყვარს ნაყინი, მიყვარს სეირნობა, მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს თეატრი, - ამით ამ წმინდა, გასაოცარ სიტყვას ვამცირებთ, ვამდაბლებთ თვით სიტყვის ღირსებას და ამ არეულ-დარეულობის მსხვერპლი თავადვე ვხდებით.

სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: „ვხედავ“, ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ - „ვწვდები მთელი ჩემი არსებით“. იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!..“ ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება.

(გაგრძელება)