ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

2

როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს.

როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.

მე უკვე ვთქვი სიყვარულზე, მის ყოვლისმჭვრეტელობაზე, როდესაც ადამიანი, უმზერს რა სხვას, მის გარეგნულ ნაკვთებს მიღმა, მისი ხმის ბგერების მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად, ხედავს რაღაც სიღრმეს, რომელიც მისთვის ხატია, მშვენიერებაა. ეს მშვენიერება ნაწილობრივ დამახინჯებულია ცხოვრებით, წარსულით, გარემოებებით, მაგრამ იგი ამავე დროს ერთადერთიცაა, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ამ ადამიანში; თუმცა, რა თქმა უნდა, დამახინჯებაც მხედველობაშია მისაღები.

მაგრამ, თუ ვისაუბრებთ ჭვრეტაზე, შესაძლებელი კია ვისაუბროთ იმაზეც, რომ შევქმნათ რაღაც ცოცხალი ადამიანური ურთიერთობები? ჭვრეტა უფლისა, ჭვრეტა ხატისა, ჭვრეტა ბუნების სიმშვენიერისა, ჩაკვირვება ნახატისა, ღრმად განცდა მუსიკისა - ეს ყველაფერი გასაგებია; მაგრამ როგორ შეიძლება ასეთმა ჭვრეტამ მიგვიყვანოს რაიმე ნამდვილ, ჭეშმარიტ ადამიანურ ურთიერთობებამდე? ვფიქრობ, პასუხი იმაშია, რომ ეს ჭვრეტა ერთსაც და მეორესაც გზას უხსნის იმ მდგომარეობისაკენ, როცა მათ შეუძლიათ მთელი სიღრმით შეერწყან ერთმანეთს, შეუძლიათ ყოველგვარი სიტყვების გარეშე ესმოდეთ ერთმანეთისა და გრძნობდნენ ერთიმეორეს. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით საკუთარი გამოცდილებით, მაგრამ ადვილად ვივიწყებთ. რომელი ჩვენგანი არ მჯდარა მისთვის ძვირფასი ადამიანის  - დედის, ცოლის, ქმრის, მეგობრის გვერდით საღამოხანს, როცა ეშვებოდა სიბნელე, როცა ირგვლივ ხმა წყდებოდა. დასაწყისში მიდის საუბარი, შემდეგ იგი წყდება, მაგრამ რჩება რაღაც სიჩუმე; ჩვენ ყურს ვუგდებთ ხმებს: ბუხარში შეშის ტკაცუნს, საათის წიკწიკს, გარეგან შორეულ ხმებს; შემდეგ ეს ხმები წყდება, და დგება უღრმესი სიჩუმე, სულის მდუმარება. და ამ სულის მდუმარებაში გრძნობ, რომ გახდი ასე ახლობელი შენი მეგობრისთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც შენს გვერდითაა. ეს, რასაკვირველია, არ არის შერწყმა იმ გაგებით, რომ ერთი ადამიანი მეორედ იქცევა, მაგრამ ორივენი ერთდებიან ურთიერთგანცდის იმ სირღმეზე, სადაც სიტყვები აღარ არის საჭირო: ისინი ერთად არიან და, თუ სიყვარული საკმაოდ ღრმაა, ისინი ერთ მთლიანობად იქცევიან.

ეს შეეხება ქორწინებას ყველანაირ მიმართებაში, არა მარტო გრძნობების, არა მარტო ფიქრთა ერთობას, არამედ ხორციელ ერთობასაც. ოღონდ საჭიროა გვახსოვდეს, საჭიროა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ხორციელი ერთობა არის მათი ურთიერთობის არა დასაწყისი, არამედ სისავსე და ზღვარი, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ადამიანი შეერთდა გულით, გონებით, სულით, მათი ერთობა შეიძლება გადაიზარდოს, გადავიდეს ხორციელ მთლიანობაში, რომელიც ამ დროს არის უკვე არა ხარბი ფლობა ერთიმეორისა, არა პასიური დანებება ერთიმეორისადმი, არამედ წმინდა საიდუმლო, ნამდვილი საიდუმლო, ე.ი. ისეთი მოქმედება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს ღვთისაგან და მივყავართ მისკენ. ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ ძველ დროში თქვა, რომ სამყაროს არ შეუძლია არსებობა საიდუმლოებების გარეშე, ე.ი. იმის გარეშე, რომ რაღაც მდგომარეობები, რაღაც ურთიერთობები იყოს ზემიწიერი, ზეციური, სასწაულებრივი; და, - განაგრძობს იგი, - ქორწინება, როგორც ერთობა დანაწევრებულ სამყაროში, არის ისეთი საიდუმლო, სასწაული, რომელიც აღემატება ყოველგვარ ბუნებრივ ურთიერთობას, ყოველგვარ ბუნებრივ მდგომარეობას. და ხორციელი ქორწინებაც ასევე, ეკლესიის ერთ-ერთი მამის სწავლებით, გვევლინება საიდუმლოდ, რომელიც ჰგავს ევქარისტიას, მორწმუნეთა ზიარებას, რა აზრით? იმ აზრით, რომ ევქარისტიის დროს ღვთის ძალით, სიყვარულის და რწმენის ერთმანეთთან შემაერთებელი სასწაულით, მორწმუნე და ქრისტე ერთნი ხდებიან. ქორწინების დროსაც (რა თქმა უნდა, სხვა დონეზე და სხვაგვარად), ერთმანეთის რწმენისა და სიყვარულის წყალობით, ორი ადამიანი გადალახავს ყოველგვარ გათიშულობას და იქცევა ერთიან არსებად, ერთ პიროვნებად ორი პირის სახით. ეს ერთდროულად არის სულიერ-სამშვინველ-ხორციელი ქორწინების სისავსეც და უბიწოების სისავსეც, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეპყრობა, როგორც სიწმინდეს და ყველა თავის ურთიერთობას, ხორციელის ჩათვლით, აქცევს წმინდა საიდუმლოდ, ისეთ რამედ, რაც მიწიერს აღემატება და მარადისობაში გადადის.

(გაგრძელება)