3
წმინდა წერილში ქორწინება წარმოგვიდგება უდიდესი სიხარულის, უკიდურესი სისავსის გამოხატულებად. ეს არის არა დამშვიდების, არამედ სიხარულისა და სიყვარულის ზეიმის სისავსე. მისი ყველაზე სრულყოფილი სახე მოცემულია ე.წ. კრავის (სახე აღებულია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებათა წიგნიდან (გამოცხ. 19, 7), სადაც იგი აღნიშნავს მორწმუნეთა საბოლოო შეერთებას ქრისტესთან ცათა სასუფეველში) ქორწინებაში, ე.ი. შეერთებაში, სიხარულში შეხვედრისა უფალთან, რომელიც განკაცდა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, მთელი თავისი ყოფა შესწირა ქვეყანას, - ქმნილებასთან: როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრებულია, როდესაც აღარ არსებობს დაპირისპირებულობა, რომელსაც ღმერთი და ადამიანი საერთო ცხოვრებით არიან შეერთებულნი. და ეს არ შემოიფარგლება ადამიანით, არამედ აჭარბებს მას და მოიცავს ყოველივე არსებულს. ასე რომ მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა: „ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში“ (1 კორ. 15, 28).
მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს სახე, რომელსაც იყენებს მოციქული და რომელიც ახასიათებს ეკლესიას, როგორც კრავის საცოლეს (გამოცხ. 21, 9). ვინ არის საცოლე? საცოლე, არსებითად არის ქალწული, რომელმაც საკუთარ თავში იპოვა ისეთი სიღრმე და სიმტკიცე, რომ შეძლო შეეყვარებინა ერთადერთი, განუმეორებელი სიყვარულით ერთი ადამიანი და მზადაა, დატოვოს ყოველივე და იყოს მასთან; გაყვეს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი. ხოლო სიტყვა კრავი მოგვაგონებს ძველი აღთქმის პასექის კრავს, რომელიც პირველად დაიკლა იმ ღამეს, როდესაც ებრაელები გარბოდნენ ეგვიპტიდან: უბიწო, უდანაშაულო კრავი, ადამიანური ცოდვის მსხვერპლი. მოგვიანებით ეს სახე გადატანილი იქნა ქრისტე მაცხოვარზე, როგორც უბიწო წამებულზე, რომელიც ეწამა იმის გამო, რომ ადამიანები განუდგნენ ღმერთს და შეწყვიტეს სრული მნიშვნელობით ადამანობა.
ამგვარად, სახე, რომელიც მოცემული გვაქვს კრავის საცოლეში - ტრაგიკული სიყვარულის სახეა; სიყვარულისა, რომელმაც გაიარა თავისი გზა ჩვენს ტრაგიკულ საწუთროში ამ ტრაგიზმის სრული შეგნებით, რომელმაც მიიღო ეს ტრაგიზმი არა როგორც არასასურველი, უარსაყოფი ტანჯვა, არამედ, როგორც მოწოდება, როგორც მონაწილეობა თავად ქვეყნიერების ბედშიც და ღვთის საიდუმლოებებშიც.
ეს ორივე სახე მეტყველებს სიყვარულზე: სრულყოფილ, ბოლომდე თავგანწირულ, მოხარულ სიყვარულზე. სახარების (სახარება და სხვა ახალი აღთქმის დაწერილობანი შემონახულია სხვადასხვა მოცულობისა და სისრულის ხელნაწერების სახით. ასეთი ხელნაწერების ზოგიერთი ფრაგმენტის შინაარსი არ შევიდა ეკლესიის მიერ საბოლოოდ აღიარებული წმინდა წერილის სრულ, ე.წ. კანონიკურ ტექსტში) ერთ-ერთ ძველ ხელნაწერში არის ადგილი, სადაც ქრისტეს ეკითხებიან: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ და ქრისტე პასუხობს: „ღვთის სასუფეველი უკვე მოსულია იქ, სადაც ორნი - უკვე ორნი კი არა, ერთნი არიან...“
მაშინ შეიძლება დავსვათ კითხვა: თუ ღვთის სასუფეველი მართლაც მოსულია ქორწინებაში, მაშინ როგორია ამ სასუფევლის დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელმაც აირჩია მარტოხელა ცხოვრება? ეკლესიაში არსებობს ორი ერთმანეთის საპირისპირო ინსტიტუტი: ეს არის ქორწინება და ბერ-მონაზვნობა. ამასთან, ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ეკუთვნის ეკლესიას, მისი წევრია, მისი ცხოვრებით ცხოვრობს, სავსებით გასაგებია, რომ წინააღმდეგობები მის ყოფაში, მის არსში არ შეიძლება არსებობდეს. მართლაც, თუ ავწონ-დავწონით საკითხს ქორწინებისა და ბერ-მონაზვნობის შესახებ მათი არსის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ქორწინება და ბერმონაზვნობა ერთი და იმავე ეკლესიის თითქოს ორი სხვადასხვა სახეა - ქორწინებაში თვალში გვხვდება ერთობა: ორნი უკავშირებენ ერთმანეთს თავიანთ ბედს ისე, რომ ერთად განვლონ მთელი თავიანთი მიწიერი გზა, ბერმონაზვნობაში კი ადამიანი შორდება იმ პირად ადამიანურ სიახლოვეს, რაც ქორწინების სიხარულსა და სრულყოფილებას შეადგენს, თითქოსდა ტკბება წინასწარ იმ დროით, როდესაც ღმერთი გაიმარჯვებს, როდესაც გაიმარჯვებს ყველაფერი, რაც საუკეთესოა ადამიანში. დიახ, ბერი ამაზე უარს ამბობს, მაგრამ იგი არ ამბობს უარს სიყვარულზე: პირველ რიგში, უფლისადმი სიყვარულზე, მეორე რიგში კი, ადამიანისადმი სიყვარულზე. ბერად ყოფნა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ ღრმად შეიმეცნა და აღიქვა სამყაროს ტრაგიზმი, რომლისთვისაც ქვეყნიური ტანჯვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზადაა სრულიად დაივიწყოს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ახსოვდეს ტანჯული, ღვთისაგან მოწყვეტილი, წარმავალი საწუთრო და იმისთვის, რომ ახსოვდეს თავად უფალი, რომელიც ჯვარს ეცვა ქვეყნისადმი სიყვარულის გამო. და ამიტომ ბერად შედგომა სრულიადაც არ ნიშნავს საწუთროსგან გაქცევას. მაგონდება ვალაამის მონასტრის მორჩილი, რომლის შესახებაც მომითხრო ჩემმა სულიერმა მოძღვარმა. მან ორმოცდაათი წელი გაატარა მონასტერში, მაგრამ მაინც არ დათანხმდა ბერად შედგომაზე. მან გაიარა სრული მოსაგრეობა, მაგრამ თავს მაინც ბერობისთვის მოუმზადებლად თვლიდა. ჩემმს სულიერმა მოძღვარმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი იყო და თავის გზას ეძებდა, მორჩილს ჰკითხა: „განა რა არის ბერმონაზვნობა, რა ისეთი ვინმეა ბერი, რომლად გახდომაც შენ არ შეგეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრულ ცხოვრებას ეწევი?“ მან უპასუხა: „ბერ არის ადამიანი, რომელიც მთელი გულით წუხს და ტირის ქვეყნის უბედურებაზე, და აქამდე მე ჯერ არ მივსულვარო“.
როგორც ხედავთ, ბერმონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც ყველაფრის საფუძველი სიყვარულია, ამასთან, პირადი, ცოცხალი, კონკრეტული სიყვარული საწუთროსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მისი ტრაგიზმის შეგნებაში, და ამასთან ერთად (და ეს აისახება უფრო ცხადად, უფრო თვალნათლივ ქორწინებაში) - იმის სიხარულში, რომ ამ ტრაგიკულ სამყაროში არის სიყვარული, არის ერთობა, არის მეგობრობა, არის ისეთი ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც მას ხდის არა ჯოჯოხეთად, არამედ - შესაძლო სამოთხედ.
და აქ როგორც ბერმონაზვნობაში, ასევე ქორწინებაში დიდი როლი ენიჭება იმედს, რომელიც უნდა გავიგოთ არა როგორც უბრალოდ ოცნება, არამედ როგორც მოზეიმე რწმენის, დაჯერების აქტი. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ იმედი - ეს უკვე მომავლის მოლოდინია, როგორც რწმენა - უკვე დარწმუნება უხილავში. იმედი არ არის ოცნება მასზე, რომ შესაძლოა მომავალში იყოს უკეთესობა. დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე (მიუხედავად მისი უსიხარულობისა და ზოგჯერ საშინელებისაც), ვხედავთ რა, რომ საშინელებებით სავსე აწმყოში მოჩანს ნათელი, იწვის სიყვარული; რომ სინათლე ბნელში ნამდვილად ანათებს და სიბნელე ვერანაირი ძალით ვერ სძლევს მას. იმედის წყალობით ვივსებით რწმენით, რომ ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს ნათელი. ეს - ჩვენი იმედია, და ეს - ჩვენი რწმენაა, და მათზე შესაძლოა აღმოცენდეს სიყვარულის გამარჯვება როგორც ბერმონაზვნობაში, ისე ქორწინებაში.