ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

8

ჯვრისწერის მსახურების დასაწყისში ლოცულობენ იმისთვის, რომ უფალმა საქმროს და საცოლეს მისცეს მშვიდობიანი ცხოვრება, ხანგრძლივი ცხოვრება, უბიწოება, მირონით შეკრული ურთიერთსიყვარული და მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინი; ლოცულობენ იმისთვის, რომ მათზე გადმოვიდეს ზეციური მადლი და გარდაქმნას ადამიანური ურთიერთობები - ამა ქვეყნადვე - ზეციურ ურთიერთობებად. ერთი დასავლელი მწერალი ამბობს, რომ განსხვავება მორწმუნესა და იმ ადამიანს შორის, რომელიც არ იცნობს ღმერთს, ისეთია, რომ შეიძლებოდა გვეთქვა: ერთნი ჰგვანან ცოცხალ ადამიანებს, ხოლო მეორენი - ქანდაკებებს, რომლებიც შესაძლოა, მშვენიერნი იყვნენ, მაგრამ აკლიათ სიცოცხლე. მორწმუნე ადამიანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც ჩასახლდა მარადიული ღვთაებრივი სიცოცხლე. უფალს სწორედ ამ სიცოცხლის მინიჭებას შევთხოვთ მექორწინეთათვის ლოცვაში: „და აწ შენ, მეუფეო, ამათ ზედა მოჰყავ ჴელი შენი წმიდით სამკჳდრებელით შენით, და შეაერთენ მონანი ესე შენნი. შეაუღლენ ესენი ერთითა გონიერებითა, გჳრგჳნოსან ჰყუჱნ ესენი შეერთებითა, ერთხორც-ჰყავ და მოჰმადლე ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილშჳლიერებისა აღსრულება“.

ახლა ვუახლოვდებით თვით ჯვრისწერას. ჯვირსწერა, ისევე როგორც ბეჭდების გაცვლა, არაა უბრალოდ წესი. ძველ დროში ყოველთვის, როცა დღესასწაული იყო, ყველაზე ჩვეულებრივი - საოჯახო, ან საქალაქო, ან სახელმწიფოებრივი - ადამიანები თავზე ყვავილებისაგან გაკეთებულ გვირგვინებს იდგამდნენ. ამჟამად ეს მიღებულია საეკლესიო ჯვრისწერის დროსაც, მაგალითად, ბერძნებთან, რომლებიც ჩვენსავით არ იდგამენ თავზე ჯვრისწერის დროს მოოქროვილ გვირგვინებს, მაგრამ იდგამენ ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებულ გვირგვინებს. გარდა ამისა, გვირგვინებს ორი სხვა მნიშვნელობაც აქვს.

ძველ რუსეთში ჯვრისწერის დღეს საქმროს და საცოლეს თავადს და თავადის ცოლს უწოდებდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ ძველ საზოგადოებაში, სანამ ადამიანი უცოლო ან გაუთხოვარი იყო, იგი თავისი ოჯახის წევრი იყო და ყველაფერში ოჯახის უფროსის, მამის ან პაპის ხელქვეითი იყო. მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა ადამიანი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, როცა ცოლს მოიყვანდა. ძველი სახელმწიფო თითქოსდა შედგებოდა სუვერენული, ე.ი. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ოჯახების კავშირისაგან. საკუთარი ბედის არჩევაში ისინი თავისუფალი იყვნენ. ყველა საკითხი წყდებოდა შეთანხმებით, ურთიერთგაგებით, მაგრამ ყოველ ოჯახს ჰქონდა საკუთარი ხმა და საკუთარი უფლებები. და იმ დღეს, როდესაც სრულდება ჯვრისწერა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ძველებური გაგებით, ყალიბდება სუვერენული, თავისუფალი, სრულფასოვანი ახალი ერთეული - ხდება სამეფო გვირგვინის დადგმა სრული მნიშვნელობით.

მაგრამ ამ გვირგვინებს აქვს სხვა მნიშვნელობაც: როგორც უნდა უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს, ისინი ცხოვრობენ ოჯახში, რომელიც სავსეა პრობლემებით, ამოცანებით, სიძნელეებით, ზოგჯერ ხიფათებით, ზოგჯერ დარდით. და წმინდა წერილი გვეუბნება: „ბოლომდის მომთმენი გადარჩება“ (მთ. 24, 13). ცხოვრება მოითხოვს მოთმინებას, სიმტკიცეს; სიყვარულის ხორცშესხმა, ერთობის ხორცშესხმა, საზოგადოებაში თავისი თავისუფალი მეფური მოდგმის ხორცშესხმა - ყოველივე ეს მოითხოვს ვაჟკაცობას, ზოგჯერ კი გმირობასაც. ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ მოვიდეს დრო, როცა, გაუძლებენ რა ცხოვრების ყველა სიძნელის გამოცდას - სრულყოფილი სიყვარულის ხორცშესხმაზე ძნელი კი არაფერია - საქმრო და საცოლე დაიწერენ ჯვარს მარადისობაში მოწამეობრივი გვირგვინებით. მოწამეობა ჩვენ გვესმის, როგორც ტანჯვა, მაგრამ სიტყვა მოწამეობა (ბერძნული სიტყვიდან „მარტირიონ“) პირველ რიგში ნიშნავს არა ტანჯვას, არამედ მოწმობას. მოწამე არის ის, ვინც მოწმობს მთელი მსოფლიოს წინაშე რაღაც ფასეულობას, მოცემულ შემთხვევაში - სიყვარულს, სიმართლეს, ჭეშმარიტებას, მშვენიერებას, და ვინც არაფრის წინაშე არ შედრკება იმისათვის, რომ ეს მოწმობა მიიტანოს მათთან, ვისაც იგი სჭირდება. რასაკვირველია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტი მოწმე მზად არის, საკუთარი სიცოცხლეც კი დასდოს იმისათვის, რომ მისმა მოწმობამ მოაღწიოს, რომ იგი გაბრწყინდეს, დაიქუხოს და მშვიდად მოჰფინოს სითბო, ალერსი, სიხარული და იმედი ყველა გარშემომყოფს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახლადშეუღლებულს, ყველა საქმროს და ყველა საცოლეს, სჯეროდეთ სიყვარულისა, სწამდეთ ერთმანეთისა ისეთი ძალით, ისეთი სიღრმით, რომ მოწმობდნენ, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს, სიყვარულს, ერთობას, იმას, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს ყველაფრის დაძლევა შეუძლია.

(გაგრძელება)