სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი

22. რამდენადაც ესწრაფვი ღმერთის შეცნობას, იმდენად შეიცნობ და იესო ქრისტეს სახელის ხსენებისთანავე ღირს-იქმნები ხილვად და შეცნობად მისსა. მაგრამ არავის ძალუძს განიცადოს და იხილოს უფალი, თუკი წინდაწინ არ თანაზიარექმნა სულიწმიდას, დაუღალავი ჯაფითა და გარჯით წმინდა, დამდაბლებული და შემუსრვილი გული არ მოიხვეჭა(ფსალმ. 50.19).

23. ტირილისა და ცრემლების გარეშე - ნურც მავანთა ფუჭსიტყვაობა მოგვხიბლავს (ეფეს. 5,6) და ნურც თავს მოვიტყუებთ - ვერ დამკვიდრდება ჩვენი სინანული, არც ჭეშმარიტი ფერისცვალება, არც ღვთის შიში დაისადგრუებს ჩვენს გულებში, ვერც დამნაშავეებს აღმოვაჩენთ ჩვენივე თავში და გავასამართლებთ მათ, ვერც მომავალი სამსჯავრო და საუკუნო ტანჯვა შეძრავს ჩვენს სულებს. რამეთუ, თუკი საკუთარ თავს ჩავუღრმავდებოდით, გულისთქმებს მივაყურადებდით და მათ გავიცნობიერებდით, მყისვე ცრემლები მოგვერეოდა. ამის გარეშე კი, წუთითაც არ განქარდებოდა ჩვენი გულგოროზობა, ვერც ჩვენი სული ეზიარებოდა სულიერ სიმშვიდეს და უძლურნი ვიქნებოდით დავუფლებოდით მორჩილებას. ვინც ასეთი არ გახდება, ვერ შემძლებელ არს შეერწყას სულიწმიდას. ვინც სულიერად არ განწმენდილა და არც წილნაყარია ღმერთთან, ვერ ძალუძს მისი ვერც ჭვრეტა, ვერც შეცნობა და არც ღირსია მორჩილებაში დაფარულ სიქველეებს თანაზიარექმნას.

24. ის მასწავლებელი, რომელილც წერა-კითხვის ძლივსძლიობით მცოდნე მოწაფეებს გრამატიკის, რიტორიკის და ფილოსოფიის ურთულესი საკითხების სწავლებას დაუწყებს, ჯერ ერთი, ვერაფერს გააგებინებს, მეორეც, რაც მანამდე გაუგიათ და შეუსწავლიათ, იმაზეც გულს ააცრუებინებს და ინტერესს დააკარგვინებს. რადგან მათი გონება სათანადოდ მომზადებული არ არის ახალი მასალის ასათვისებლად. მით უმეტეს, სრულყოფილების პირველ საფეხურთან მდგომ ახლადდამწყებთ და მათ შორის განსაკუთრებით ზარმაცებს ამგვარი სწავლება ვერაფერს არგებს, პირიქით, ხელს შეუწყობს, უკუიქცნენ. რამეთუ, ოდეს სათნოების მწვერვალს ახედავენ, მზერას ვერ მიაწვდენენ და აშკარად მიხვდებიან, რომ მათთვის ზღაპარია ამ მწვერვალის დაპყრობა. მაშნ ყოველგვარ კეთილ საქმეს, რომელიც დაუწყიათ, მიატოვებენ, ვითარცა უსარგებლოს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან.

25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ რომ ღვთსნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი - ცხოველები თუ ადამიანები) ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი - აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი - ითმენენ (მათ. 5,11 -12)და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.

26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ. 7,15,16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), განმსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ.

27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12.36)

28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებასა და სინანულს, მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა და ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაცსაქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს.

29. „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მათ. 5,8) - ამბობს უფალი. გულის განწმენდა კი ვერ ხერხდება ვერც ერთგზის, ვერც ორგზის, ვერც ათგზის ჩადენილი ქველმოქმედებით, არამედ, როგორც ამბობენ, ერთად აღებული ყველა სიქველის სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე აყვანით. და არც ამგვარი გულის შემუსრვილება მიიღწევა სულიწმიდის მოქმედების და გარდამოსვლის გარეშე. ასევე ადამიანი, რომელიც შეიძლება ბევრს მუშაკობდეს, სათნოებას იყენებდეს იარაღებად, მაგრამ სულიწმიდის ცეცხლის გარეშე უძლურია და ამაოდ დაშვრება: სულს ვერ განიწმენდს უკეთურებისა და ბილწებისაგან.

30. სადაც ღრმაა მორჩილება, იქ ცვარია ცრემლთა, იქვე ჰგიებს და თანამყოფობს სულიწმიდაც. ოდეს ყოველივე სულიწმიდის მადლით იმსჭვალება, ხდება უმანკო. უმწიკვლო, ღმერთს საცნაურ-ყოფს და ღმერთითვე მოიხილება. რამეთუ იტყვის უფალი: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა“ (ეს. 62,2).

31. ადამიანს ვნებების დამარცხება შეუძლია, თუმცა არ ხელეწიფება მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა. სიბილწეს თუ არ მოიმოქმედებს, ეს რასაკვირველია, თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აზრად არ გაივლოს, ეს შეუძლებელია. ღვთსმოსაობა მარტოოდენ სიკეთეთა ქმნა როდია, არამედ ბილწ გულისთქმათაგან განწმენდაც, ვინც შემწიკვლულია არაწმინდებით, არც უმანკო გული ექნება. განა ჩანს რამე დალიბრულ სარკეში?

32. გული წმიდაა,მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნირური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათაწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს.

33. ვფიქრობ, ის ადამიანია ვნებათუქმნელი, რომელიც არა მარტო გაურბის ვნებათაღელვას, არამედ ავხორცულ სულთქმათაგან განძარცვულია. უფრო მეტიც, ბილწ გულისთქმათაგან აღმსუბუქებული გონება ზეციურს მიელტვის, ლამობს ხილულისა და გრძნობადის საზღვრებს გასცდეს, გულისკარი დახშული აქვს გრძნობებისათვის და ზეგრძნობადს მიჯაჭვული გონება გრძნობას ისე იმორჩილებს, როგორც არწივი ნისკარტს.

34. გონება, გრძნობათაგან დაცლილი, ჩლუნგია, ვერ ამჟღავნებს ბოლომდე თავის შესაძლებლობებს, და პირიქთ, უმწეოა გონების გარეშე გრძნობები.

35. იმ გულზე ითქმის შემუსრვილილაო, რომელიც ამსოფლიური საზრუნავით და საფიქრალით არ დამძიმებულა, ღმრთისა თანა განისვენებს და ჰგიებს, არაფერი ამქვეყნიური, არც სიხარული, არც მწუხარბა არ ანაღვლებს, მესამე ცაზე აღმოყვანებული ჭვრეტით მოივლის სამოთხეს (შდრ. 2 კორ. 12.3-4), მადლცხებულებით განსპეტაკებულ წმინდანებს უმზერს და მარადიული ღვთაებრივი სიკეთეებით აღივსება, რამდენადაც მის ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება. აი, უტყუარი საბუთი გულის უმანკოების ამოსაცნობად. ამ საზომით ძალგვიძს შევამოწმოთ საკუთარი უმწიკვლოება, როგორც სარკეში ორეული.

36. ადამიანმა საიდან იცის ვინ არის დახშულ კარს მიღმა თუ თავადაც იქ არ იმყოფება? ასევე, ვინც დაუტევა ეს სოფელი (შდრ. გალ. 6,13) და მოაკვდინა ხორცი თვისი, უგრძნობელქმნილია ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ.

37. უსულო გვამი ხომ ვერ შეიგრძნობს გვერდით მწოლარე ვეღარც ცოცხალ და ვეღარც მკვდარ სხეულებს, ასევე სულიწმიდით ამა სოფლისგან აღმოყვანებული და ღმერთთან თანაზიარქმნილი ადამიანი არავითარ მიდრეკილებას არ ამჟღავნებს გარესამყაროსა და ყოფა-ცხოვრების წვრილმანებისადმი, თუმცაღა სასიცოცხლო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.

38. არსებობს სიკვდილი ფიზიკურ სიკვდილზე ადრე და ვიდრე სხეული აღსდგებოდეს სული აღსდგება საქმის, ძალისხმევის, მცდელობისა და სიმართლის შეწევნით, რამეთუ, ოდეს კაცობრივ სიბრძნეს ამარცხებს უკვდავი გონი, სიკვდილს განდევნის სიცოცხლე, მაშინ სული თითქოსდა აღსდგება მკვდრეთით, ეზრახვის და უმზერს საკუთარ თავს, უფალს შეიცნობს, როგორც ძილისგან გამოფხიზლებული ადამიანი და მკვდრეთით აღმსდგარი, ღმრთივგანბრძნობილი, მადლმოსილი, გამოუთქმელ სიტკბოებათა მგემებელი, ცდილობს წარმავალი მისწრაფებანი ჩაკლას.

39. ზოგი რამ სულის გადასარჩენად ჩვენშივე არსებობს, ზოგიც ღვთისაგან გვეძლევა. ტანჯვის მეოხებითა და წმინდა ოფლით განვიწმინდებით, ღვთაებრივი ნათელი განგვაბრწყინვებს და ცრემლები განგვწმენდს, ცრემლთა გაღებას მოაქვს საღმრთო ნათელი განმსპეტაკებელი.

40. ბევრს გაუღა თავისი წილი შესაწირავი, მაგრამ სანაცვლოდ ღვთის წყალობა როდი ებოძა. რადგან ვითარცა კაენი და ესავი ისე მოიქცნენ და დაისაჯნენ. ვისაც არ აქვს წრფელი ზრახვა, კრძალულება,ცხოველი რწმენა და მორჩილება, ნუ მოელის, რომ ღმერთი შეიწყალებს. მის შესაწირავს შეიწირავს და წესისამებრ სანაცვლო მისაგებელსაც მიაგებს.

41. წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური. მათ კეთილ საქმეებს ადამიანები ხედავენ „და არა ხედვენ“, სულიწმიდით განცხადებული ღვთაებრივი სიტყვები ესმით და არ ისმენენ (მათ. 13.13). არც სულიერნი ამა სოფლისანი ხედავენ ცუდ ადმიანთა ბოროტ საქმეებს, ყურად არ იღებენ მათ ძვირისმეტყველებას. მაშასადამე, ისინიც ხედავენ, მაგრამ ვერ ამჩნევენ, რაც ამა სოფელში ხდება. უსმენენ ამა სოფლის მკვიდრთ და არ ესმით მათი, რამეთუ იმგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, როდესაც სხვაგვარი აღქმის წერტილი არსებობს და სულიერი ცხოვრებით მცხოვრებს ამა სოფლილს მკვიდრთან არავითარი საერთო არ გააჩნია, და პირიქით, ამა სოფლილს მკვიდრს - სულიერების გარკვეულ საფეხურზე მდგომ ადამიანთან.

42. რამდენადაც შეუძლებელ არს სინათლისა და სიბნელის განცალკევება, და პირიქით, მათი აღრევა, ვითარცა თქმულ არს:“რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა?.. ანუ რა ნაწილი უძს მორწმუნესა ურწმუნოსთანა?“(2 კორ. 6,14,15), ეგზომ განირჩევიან სულიწმიდით დაწინდულნი სულიწმიდისგან განძარცვულთაგან. ის ადამიანები, რომლებიც სულიწმიდის მადლს ფლობენ, ზეციური ცხოვრებით მცხოვრებნი, ანგელოსთა მსგავსნი არიან, ხოლო სულიწმიდისგან განძარცვულნი - მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა (ფსალმ. 106,10), მიწიერი საზრუნავით დამაშვრალნი, მიწაზე დაღოღავენ. პირველნი გონებრივი და მიუაჩრდილებელი ნათელით ბრწყინავენ, მეორენი - მარტოოდენ გრძნობადით. ისინი ხედავენ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, ესენი კი, დაცემულნი, უმზერენ თუ როგორ მოსწყდებიან გარშემომყოფნი (ფსალმ. 81,7) და უგუნურთ არ სურთ ირწმუნონ, რომ არსებობს მკვდრეთით აღდგომა, საშინელი სამსჯავრო და რომ, უფალი თითოეულს მიაგებს საქმეთაებრ მათთა (შდრ.ფსალმ. 61,11).

43. არის თუ არა შენში სულიწმინდა დამკვიდრებული, ამას სულიწმიდის ზემოქმედების შესაბამისად გაიგებ. ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: „სადა სული უფლისა, მუნ აზნაურება არს“ (2 კორ. 3,17), და რომ „ხორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათვის, ხოლო სული ცხოველ სიმართლისათვის (რომ. 8,10), „ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს აცუნეს, ვნებითურთ და გულის-თქუმით(გალ. 5,24). რამეთუ ვინც ნათელიღეს სულიწმიდით (შდრ.იოანე 1,33) ქრისტე შეიმოსეს (გალ. 3,27) ძეთა ნათლისათა (ლუკ. 16,8), ისინი დაუღამებელ ნათელში ვლენან (შდრ. 1იოანე 1,7), რამეთუ ჰხედუენ და არა ჰხედავენ, ესმით და არა ისმენენ (შდრ. მათ.13.13). საღმრთო წერილი ბიწიერ ადამიანებზე ამბობს, რომ ჰხედვენ და ვერ იხილონ“(ლუკ. 8,10), ესმოდეთ და ვერ შემძლებელ- არიან ცნობად“ (1კორ. 2,14) ღვთიურისა, „რამეთუ სიცოფე უჩნნ მას“ (1კორ. 2,14). შენც ამისდამიხედვით იმსჯელე, ფლობ თუ არა სულიწმიდას, ოდეს სხეული გაგაჩნია, მაგრამ ხორცნი არ გამძიმებს, ვითარცა იტყვის მოციქული:“თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ -არს თქუენ შორის (რომ. 8.9). ისინი მკვდარნი არიან ამა სოფლისათვის და პირიქით, ეს სოფელი - მათთვის, ვითარცა იტყვის უფალი: „სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ-არს და მე სოფლისა (გალ. 6,14).

44. ვინც იცის ამ ნიშ-სასწაულთა ზემოქმედების ძალა, თანაზიარქმნილია ღმერთთან და მისი სხეული ყოვლადწმიდა სულის სამკვიდრებლად გადაქცეულა. პავლე მოციქული ამ ზემოქმედების შესახებ დაწვრილებით მსჯელობს: ვინც პირადად არ იწვნია ამგვარი ზემოქმედება, ნურც იოცნებებს, რამეთუ ხორცია და სისხლი, და ცხადია, ხორციელ გულისთქმათ წყვდიადში გზააბნეულიო. „ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისა“, რომელიც სულიწმიდაა, „დამკვიდრებად ვერ ძალ-უძს“(1კორ. 15,50).

45. ღვთაებრივი ნათლისღებისას ცოდვები მოგვეტევება, წინაპართა შეფიცულისგან ვთავისუფლდებით (შდრ. გალ. 3,13) და სულიწმიდის გარდამოსვლით ვართ ნაკურთხნი. მაგრამ სულუყოფილ მადლს, ამგვარად გამოთქმულა:“დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (2 კორ. 6,16; ან ლევ. 26,12) მაშინვე როდი ვეუფლებით. რამეთუ იგი ენიჭებათ რწმენაში მყარად განმტკიცებულ და საქმეებშიც განმცხადებელ ადამიანებს. ნათლისღების შემდგომ, თუკი სიბილწე და ბოროტება მოგეძალება, სრულებით ვკარგავთ ჩვენზე გადმოსულ კურთხევას. მონანიება, აღსარება და ცრემლები, შესაბამისად საქმენიც, ჯერ ისევ თავიდან ცოდვების მიტევებას შეგვაძლებინებს და მერმე, კვლავ, ზეგარდმო მადლით ცხებულნი ვხდებით.

46. მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარვექმნებით სულიწმიდას. მაგრამ ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით. მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. არამედ სულიერმა მამამ და ნათლიამ ჩადენილ ცოდვათა აღკვეთა უნდა დაუშვას. აი, ამიტომ არის კარგი ყოველდღიური სინანული და აღთქმაც ხომ ბრძანებს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 3.2). ამდენად, ჩვენ შემოსაზღვრული ვართ დროის გარკვეული მონაკვეთით კი არა , საუკუნო აღსასრულით.

47. სულიწმიდის მადლი ქრისტესთან დაწინდულ სულებს ნაწყალობევი აქვთ მსგავსად ნიშნობისა (2 კორ. 1,22; ეფეს. 1.44). როგორც ნიშნობის გარეშე ცოლი არ დაიჯერებს, რომ ოდესმე შეეუღლება ქმარს, ასევე სულიც არასოდეს ირწმუნებს უყოყმანოდ, რომ თანაეყოფა მეუფესა თვისსა და ღმერთს, ან ფარულად და უსიტყვოდ შეერწყმის და მის მიუწვდომელ სილამაზეს დაეუფლება, ვიდრე არ იგემებს ნიშნობის მადლს და გონებით არ გაითავისებს.

48. როგორც ნიშნობა არ ჩაითვლება საიმედოდ, ვიდრე თანხმობის ქაღალდს, რომელშიც ქორწინების პირობებია აღნიშნული, ხელს არ მოაწერენ რწმენით აღჭურვილი მოწმეები, ასევე, აღთქმათა აღსრულებითა და ქველმოქმედების გარეშე მადლი თვალისმომჭრელად ვერ იციაგებს. რამეთუ ქორწინების პირობები მოწმეების თანხლებით თუკი აღესრულება, მით უფრო სულიერი დაწინდვისას უნდა არსებობდეს აღთქმათა აღსრულებაცა და ქველმოქმედებაც, მათი მეოხებით ხომ გადარჩენის მსურველებს დაწინდვისას სრულყოფილების მადლი ენიჭებათ სულიწმიდისგან.

49. თავდაპირველად აღთქმათა აღსრულებით თითქოსდა საქორწინო პირობებია ჩამოწერილი, ხოლო შემდეგ, ქველმოქმედების მიერ არის აღმბეჭდილი და ხელმოწერილი. აი, მაშინ სიძე - ქრისტე ბეჭედს უძღვნის სასძლოს - სულს, რაც სულიწმიდისაგან დაწინდვას გულისხმობს.

50. როგორც სასძლო შეუღლებამდე სიძისგან მხოლოდ დაწინდულია, ხოლო მზითევსაც და მისთვის შეპირებული საჩუქრების მიღებას შეუღლების შემდეგ მოელის, ასევე სასძლო - მორწმუნეთა ეკლესიაც და თითოეული ჩვენგანის სული თავდაპირველად სასიძოსგან - ქრისტესგან მარტოოდენ სულიწმიდით დაიწინდვის. შემდეგ ეძლევა საუკუნო დიდება და სასუფეველი ცათა, იქიდან გამომავალი დასტურად დაწინდვისა, როგორც სარკეში ანარეკლს, ისე ხედავს, რომ მიეზღო ის, რაც დააფუძნა თავის მეუფესთან, ღმერთთან მიღწეულ შეთანხმებას.

51. სასძლოს ხომ გაანაწყენებს (შდრ.მათ.25,5), თუკი სიძე დაახანებს მოსვლას, ან სხვადასხვა საქმეებით გართული, გარკვეული ხნით გადასდებს ქორწინებას. იგი დაეჭვებული სიძის სიყვარულში, დახევს და დაანაკუწებს ქორწინების მოწმობას, ქარს გაატანს ყველა ნაოცნებარს სიძისაგან დანაპირებმა რომ აღუძრა. მსგავსი რამ ემართება, ჩვეულებრივ სულსაც. რამეთუ, მოღვაწეთაგან ვინმემ თუნდაც თავისთვის დაიწუწუნოს - როდემდე უნდა ვეწამო ასეო, ანუ ასკეტური რუდუნებისა და ღვაწლის მიმართ დაუდევრობა გამოიჩინოს, მცნებების აღსრულებას ბეჯითად არ მოიკიდოს, გამუდმებული სინანულიც უგულვებელყოს, რომ უნებლიედ ნაცარტუტად ექცეს ღმერთთან დადებული შეთანხმება, რასაც მყისვე, თავისთავად მოსდევს ქორწინების ჩაშლაც და სამუდამოდ აუხდენელი ნატვრაც.

52. თუკი სასძლო სხვას უწილადებს სასიძოსათვის განკუთვნილ სიყვარულს და აშკარად თუ მალულად მასთან სარეცელს გაიზიარებს, არათუ ვერ ეღირსება ვერაფერს იქიდან, რაც სასიძომ აღუთქვა, არამედ უნდა მოელოდეს დამსახურებულ სასჯელს და კანონიერ დამცირებას. ასევე გვემართებაჩვენც. როდესაც სხვა საგნებისადმი სწრაფვა დაგვეუფლება და გულისთქმანიც მათ მიმართი აღგვეძვრის, ეს ხომ სიძის - ქრისტეს სიყვარულში გვეცილება აშკარად თუ მალულად. სიძისთვის კი გულისამრევი და ამაზრზენია ასეთებთან დაკავშირება. რამეთუ მან თქვა: „მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან“ (იგავთა 8,17).

53. სულიწმიდით დაწინდვა მათთვისაც ძნელად ასახსნელია, ვინც იგი მოიხვეჭა, რამეთუ მისაწვდომიცაა და მიუწვდომელიც, ხელშესახებიც და ხელუხლებელიც, ხილულიც და უხილავიც, აცხოვრებს, ამეტყველებს და ამოძრავებს იმას, ვის სხეულშიაც ჩასახლდება, თითქოსდა საიდუმლო სამალავიდან ამოფრინდაო, ისე სტოვებს მათ და კვლავ უბრუნდება მოულოდნელად, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასვნათ, რომ მუდმივად როდი ჩასახლდება სულიწმიდა ამა თუ იმ პიროვნებაში, არამედ დროებით და მისი ამგვარი მოგზაურობა იმაზე მიანიშნებს, რომ ადვილი შესაძლებელია უკან აღარასოდეს დაბრუნდეს. მაშასადამე, ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სულიწმიდისგან განძარცვული სულიწმიდის მქონებელივით გამოიყურება (შდრ. 1კორ. 7,29), და პირიქით, ვინც სულიწმიდას ფლობს, ისე, - თითქოსდა არ ფლობდეს.

54. თუ ღამით დარაბებდახურულ სახლს გვიანი მგზავრი მიადგა და ფანჯარა გარედან შეაღო, მყისვე შეანათებს თვალებში ოთახიდან წამოსული დამაბრმავებელი სინათლე, რამეთუ სახლი შიგნიდან განათებული ყოფილა. იგი ვერ გაუძლებს ამ მეყვსეულ ნათებას, თვალებს აახამხამებს, ხელს მოიჩრდილავს და ეცდება სადმე სხვაგან გაიქცეს და გადაიმალოს. სული ყოველი მხრიდან ვნებებით ჩარაზული, ამ სახლს შეიძლება შევადაროთ, გონება - გამოღებულ ფანჯარას, სინათლე - იმ ნათელს, რომელიც სულიწმიდის დაწინდვისას ანათებს ადამიანში თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით. ადამიანი, რომელიც ამ ნათელს იხილავს, ვერ უძლებს ღვთებრივი ნათელის დაუფარავ კაშკაშს, გონება უბნელდება, აკანკალებული გარბის მიწიერი და ადამიანური სახლისკენ და თითქოსდა იქ ეძიებს თავშესაფარს.

55. ამ ნიშნებისდა მიხედვით თითოეულ ჩვენგანს მართებს გაისიგრძეგანოს დაიწინდა თუ არა სულიწმიდით სიძისა და მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესგან. თუკი დაიწინდა, ეცადოს გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს, ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გამხდარა ამისი ღირსი, მაშინ სამადლო საქმეებით, მოწყალებათა გაღებით, და მხურვალე სინანულით თანდათან დაიბრუნოს და მერმე მცნებათა აღსრულებითა და ქველმოქმედებათა განმრავლებით სულში საბოლოოდ დაიმკვიდროს.

56. როგორც შენობას სახურავი აქვს გადახურული, შენობა კი, თავის მხრივ, ეყრდნობა საძირკველს და საძირკველიც იმისთვისაა ჩაყრილი, რომ გადაიხუროს, ესეიგი ერთიც და მეორეც აუცილებელიცაა და საჭიროც, რადგან სახურავი უმაქნისია უსაძირკვლოდ, ხოლო საძირკველი ყოვლად გამოუსადეგარია საცხოვრებლად სახურავის გარეშე, ასევე, სულიწმიდის მადლი სულში მკვიდრდება მცნებათა აღსრულების გზით. მცნებათა აღსრულება კი, ღვთაებრივი მადლით დასაჩუქრების საწინდარია, და ბუნებრივია, სულიწმიდის მადლიც არ გვებოძება მცნებათა აღუსრულებლად და არც ღვთის მცნებათა აღსრულებას ექნება რაიმე ფასი და სარგებელი ღვთაებრივი მადლის გარეშე.

57. შენობა, რომლის გადახურვაც არ მოხერხდება მშენებლის უხეირობით, არა მარტო გამოუსადეგარია, არამედ ქვეყანა მასხრად აიგდებს მის ამშენებელს. ასევე, საძირკველი რომც ჩაყარო მცნებების აღსრულებით და ქველმოქმედების მაღალი კედლებიც რომ ამოიყვანო, თუ სულიწმიდის მადლი არ გადმოვიდა, რასაც სული იხილავს და შეიგრძნობს, იგი დასრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო სრულყოფილთ სიბრალულის გრძნობას აღუძრავს. მადლის გარეშე დარჩენა ორი მიზეზით ხდება: ან სინანულის უგულვებელყოფით, ანდა სულმოკლეობის გამო, რაც ანგარებით ჩადენილ ქველმოქმედებას მოჰყვება, როდესაც ასეთ საკმაოდ დიდ საქმიანობაში ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო, სინამდვილეში კი, აუცილებელ რაიმეს მიაფუჩეჩებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია აშენდეს და დასრულდეს ქველმოქმედების შენობა და სულიწმიდის მადლით გადაიხუროს.

58. ძე ღვთისა და უფალი მიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ მამა ღმერთთან შუამდგომლობით შევერიგებინეთ, ჩვენ მისი ნამდვილი მტრები(შდრ. რომ. 5,10), თავისთან შეგვაერთა წმინდა და ერთარსი სულის მეოხებით დავინც ამგვარი მადლი ვერ იგემა, სხვას უკეთესს რას უნდა მოელოდეს? ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანი ვერც მამა ღმერთთან მორიგდება და არც ძე ღვთისას შეერწყმის სულიწმიდის მადლით.

59. „გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღითა და სამოსელი მისი არა დაიწვის?“ (იგავთა. 6,27). მე კი გეტყვით; ვის გულსაც მოხვდა სულიწმიდის დაუშრეტელი და ზეციური ცეცხლის ნაპერწკალი, ნუთუ არ გაღვივდება, შემდეგ აგიზგიზებული ღვთაებრივი ნათებითა და ბრწყინვალებით გულსაც არ გააცისკროვნებს, შესაბამისად გულის შემუსრვილებისა დამასში ღვთიური ცეცხლის დაუნჯებისა? რამეთუ ზეციური ცეცხლის გაღვივებას კვალდაკვალ სდევს გულის შემუსრვილება, გულის შემუსრვილებას - ღვთაებრივი ცეცხლით ნათება. მაშასადამე, ადამიანი რამდენადაც აღინთება ღვთაებრივი ცეცხლით, იმდენადვე განიწმენდს გულს და გულგანწმედილი ისევ ღვთაებრივი ცეცხლით ინთება. ოდეს ყოველივე ზემოთქმული აღსრულდება, მაშინ ადამიანი მადლით ხდება ღმერთთან თანაზიარი.

60. ღვთაებრივ სულთან შერწყმით თავს ვაღწევთ ავხორცეულ ვნებებსა და ტკბობას, მაგრამ სხეულის ბუნებრივ მიდრეკილებათაგან როდი ვთავისუფლდებით. როგორც კი ავხორცულ ვნებათა ბორკილებს დავიხსნით, საუკუნო დიდებასა და სიტკბოებას ვიგემებთ და შევერწყმით მას, მყისვე გვეუფლება სევდა ღმერთთან თანამყოფობისა, აღარც მისი ჭვრეტა გვეთმობა და აღარც მონიჭებული ნეტარება. ამის საპირისპიროდ, ხრწნადი სხეულით შერწყმულნი მას წყდებიან, ეშვებიან დაბლა და მიწას ენარცხებიან. აი, მაშინ, მათი ისეთი სევდა მოეძალებათ, როგორსაც, ვფიქრობ, გაიცდის სული ცოდვილისა სხეულთან გაყრისას.

61. სხეულისა და ცხოვრების, განცხრომისა და ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარულისა და მიმდევარისთვის სიკვდილს უდრის მათი დათმობა. მაშინ, როდესაც სპეტაკი და ღვთისსათნო, ჰაეროვანი და სიკეთის მთესველი ადამიანი სიკვდილს აღიქვამს როგორც ამათგან დროებით განზე განდგომას. რამეთუ გარემომცველი ნათელის შემყურე, თუკი თვალებს დახუჭავს, ანდა სხვა ვინმე დაუხუჭავს თვალებს, წუხს, შეღონებულია და ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ სძლებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მომხიბლავი და საუცხოო საგნები უნახავს. მით უმეტეს, ვინც სულიწმიდის ნათელი ცხადად იხილა, აშკარად თუ გონებისმიერ ხილვებში, სიფხიზლეში თუ ძილბურანში მყოფმა, ის მადლი, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (1კორ. 11,9) და „რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (1პეტრე 1.12), ნუთუ დარდი და ნაღველი არ მოეძალება, თუკი რაიმე დააბრკოლებს მის ჭვრეტაში? იგი ამას ხომ სიკვდილის ტოლფასად და საუკუნო ცხოვრებისაგან განშორებად შერაცხავს.

62. როგორც ადამიანი არის ორბუნებოვანი არსება, რომელიც სულისა და სხეულისაგან შედგება, ასევე სამყაროც ორსახოვანია: ხილული და უხილავი. თითოეულში ცალ-ცალკე აღსრულდება ესა თუ ის საქმიანობა, იმისდამიხედვით, თუ ვის რა სურს, რა აწუხებს და რისთვის ირჯება. ასეთივე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმარეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში უტრიალებს, იგივე ეზმანება და იმაზე ფიქრობს ძილშიც. მაშასადამე, ვინც მთელი დღის განმავლობაში გართულია ცხოვრებისეული საფიქრალ-საზრუნავით, სიზმარეულ ჩვენებებშიც ამაოდ ირჯება და უშედეგოდ ფუსფუსებს, ხოლო ვინც განიბრძნობა დღენიადაგ ღვთიურზე და ზეციურზე ფიქრით ხილვებსა თუ ზმანებებში ღვთიურსა და ზეციურს დასტრიალებს ფიქრებით. წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: „ჭაბუკნი თქვენნი ხილვასა იხილვიდენ“(იოველ. 3.1) და როდი იხიბლებიან ცრუ სიზმარეული ჩვენებებით, არამედ აქვთ ჭეშმარიტი და სარწმუნო გამოცხადებები.

გაგრძელება...