ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. |
1 | ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. |
2 | იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. | 2 | ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. |
3 | ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. | 3 | რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან. |
4 | რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. | 4 | რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი. |
5 | ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? | 5 | რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ? |
6 | ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება. | 6 | ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. |
7 | ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. | 7 | რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან. |
8 | და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. | 8 | რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან. |
9 | თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. | 9 | უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს. |
10 | ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. | 10 | რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს. |
11 | მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია. | 11 | და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. |
12 |
ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს. |
12 | რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს. |
13 | ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. | 13 | ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა. |
14 | და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს. | 14 | და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა. |
15 | და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. | 15 | რაჲცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან. |
16 | თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. | 16 | უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. |
17 | ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი. | 17 | ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე. |
18 | ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას. | 18 | ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს. |
19 | ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. | 19 | ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას. |
20 | ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. | 20 | ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
21 | შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ. | 21 | შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ. |