1 |
რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ. |
1 |
ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი. |
2 |
იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ
იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით. |
2 |
უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ
მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით. |
3 |
ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული
ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს
იესოს, თუ არა სულით წმიდით. |
3 |
ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა
იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი
იესუ, გარნა სულითა წმიდითა. |
4 |
ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. |
4 |
ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. |
5 |
და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. |
5 |
და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი
არს. |
6 |
სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის
მოქმედი ყველაში. |
6 |
და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი
არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის. |
7 |
ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. |
7 |
ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი
სულისაჲ უმჯობესისათჳს. |
8 |
ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის
სიტყვა იმავე სულით; |
8 |
რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ,
ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, |
9 |
ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა
იმავე სულით; |
9 |
და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე
სულისა, |
10 |
ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის -
სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის. |
10 |
რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ
სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ. |
11 |
ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს,
რაც თვითონ ნებავს. |
11 |
ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა,
ვითარცა ჰნებავს. |
12 |
ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი
სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. |
12 |
ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა
მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე. |
13 |
რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც,
მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. |
13 |
რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ
ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე
ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს. |
14 |
ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი. |
14 |
და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. |
15 |
და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ
ეკუთვნის სხეულს? |
15 |
უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი,
ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? |
16 |
ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ
ეკუთვნის სხეულს? |
16 |
ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს
არა არსა მის გუამისაგანი? |
17 |
მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს,
სადღა იქნება ყნოსვა? |
17 |
უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს,
სადა არიან საყნოსელნი? |
18 |
ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება. |
18 |
აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება. |
19 |
მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? |
19 |
ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? |
20 |
ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი. |
20 |
ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი. |
21 |
ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას
მარგიხართო. |
21 |
ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად
თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ. |
22 |
არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. |
22 |
არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად,
იგი უსაჴმარეს არს. |
23 |
ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და
ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ. |
23 |
და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ. |
24 |
ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული,
რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო, |
24 |
და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ
უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი, |
25 |
რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს. |
25 |
რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ
ასონი იგი. |
26 |
ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი
ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. |
26 |
და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი
ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი. |
27 |
ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი, |
27 |
თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი. |
28 |
რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად,
შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი
მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. |
28 |
და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ -
წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი
კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ. |
29 |
განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? |
29 |
ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ
ყოველნი ძალ? |
30 |
ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის
განმმარტებელი? |
30 |
ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი
გამოსთარგმანებდენ? |
31 |
მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. |
31 |
ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ. |