1 |
მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც
წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. |
1 |
შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა
სწანაწარმეტყუელებდეთ. |
2 |
რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა,
ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს
საიდუმლოს. |
2 |
რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ
ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა. |
3 |
ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად,
ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. |
3 |
ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა,
ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა. |
4 |
ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც
წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. |
4 |
რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი
წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს. |
5 |
მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი -
წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე
უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს
ეკლესიის ასაშენებლად. |
5 |
მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა
სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს,
ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა
კრებული აღეშენოს. |
6 |
ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე
დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით,
წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით? |
6 |
ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი,
რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა
ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? |
7 |
თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ,
ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ,
როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი? |
7 |
ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან
ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე
საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? |
8 |
თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება
საომრად? |
8 |
და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე
განემზადოს ბრძოლად? |
9 |
ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით,
როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს. |
9 |
ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ
საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. |
10 |
ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ
არის უმნიშვნელო. |
10 |
ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს
უჴმო. |
11 |
მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და
მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის. |
11 |
უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა
სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე - ვითარცა სხუაჲ ენაჲ. |
12 |
ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად
გამდიდრდეთ მათი წყალობით. |
12 |
ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით,
რაჲთა აღემატებოდით. |
13 |
ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. |
13 |
ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს. |
14 |
ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. |
14 |
რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. |
15 |
რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც
ვიგალობებ. |
15 |
აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა,
ვგალობდე გონებითაცა. |
16 |
რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას
„ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ? |
16 |
ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა,
ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა
იცის. |
17 |
კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ. |
17 |
რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების. |
18 |
ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. |
18 |
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყჳ. |
19 |
მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც
გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით. |
19 |
არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა
უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა. |
20 |
ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ -
სრულწლოვანნი გონებით. |
20 |
ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა
სრულ იყვენით. |
21 |
რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ
მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. |
21 |
რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა
ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი. |
22 |
ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის,
წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. |
22 |
ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო
წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს. |
23 |
მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ
დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? |
23 |
აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ
ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ? |
24 |
მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა
უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. |
24 |
ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები,
ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. |
25 |
ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და
იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი. |
25 |
და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა
თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის
არს. |
26 |
მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი,
აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს
ასაშენებლად იყოს. |
26 |
რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი
აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ
აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ. |
27 |
თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით,
ერთმა კი განმარტოს. |
27 |
უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი
გამოსთარგმანებდინ. |
28 |
ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან
ღმერთს ელაპარაკოს. |
28 |
ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და
ღმერთსა. |
29 |
წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. |
29 |
ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ. |
30 |
ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. |
30 |
უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ. |
31 |
რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ
ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. |
31 |
რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი
ნუგეშინის-ცემულ იყვნენ. |
32 |
წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. |
32 |
და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ, |
33 |
რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა
ყველა ეკლესიაში. |
33 |
რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა
წმიდათასა. |
34 |
ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება
მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. |
34 |
დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად,
არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. |
35 |
ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია
ეკლესიაში ლაპარაკი. |
35 |
ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ
საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად. |
36 |
განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? |
36 |
ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია? |
37 |
ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ,
უფლის მცნებაა. |
37 |
უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წანაწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე
მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი. |
38 |
ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. |
38 |
ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ. |
39 |
მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს
აიკრძალავთ. |
39 |
ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წანაწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. |
40 |
მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია. |
40 |
ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ. |