1 |
თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც
დგახართ. |
1 |
ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი
მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ. |
2 |
მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც
გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. |
2 |
რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ,
უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა. |
3 |
რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე
მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, |
3 |
რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ
ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, |
4 |
დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს
აღდგა, |
4 |
და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა,
ვითარცა წერილ არს, |
5 |
და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს; |
5 |
და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, |
6 |
ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა
უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; |
6 |
და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის,
რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, |
7 |
მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს; |
7 |
მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, |
8 |
ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს. |
8 |
უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა. |
9 |
რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ
მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას. |
9 |
რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ
ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა. |
10 |
მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი,
რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა,
რომელიც არის ჩემთან. |
10 |
ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ
იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ
მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა. |
11 |
ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც. |
11 |
აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ. |
12 |
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი
თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? |
12 |
ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან
ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? |
13 |
თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. |
13 |
უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. |
14 |
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. |
14 |
უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს
სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. |
15 |
მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან
აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. |
15 |
ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ
აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან. |
16 |
ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. |
16 |
რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე
არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; |
17 |
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში
ხართ. |
17 |
ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. |
18 |
და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. |
18 |
და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ. |
19 |
თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი
ვყოფილვართ. |
19 |
უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა
ვართ. |
20 |
მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო. |
20 |
ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. |
21 |
ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით
აღდგომაც. |
21 |
რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ. |
22 |
და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. |
22 |
და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი
ცხოველ იქმნენ. |
23 |
მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი
მოსვლისას. |
23 |
ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას
მისსა. |
24 |
და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც
გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს. |
24 |
მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს
ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი. |
25 |
რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს. |
25 |
რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე
ფერჴთა მისთა. |
26 |
და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. |
26 |
უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი, |
27 |
რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა,
რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. |
27 |
რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ:
ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას
ყოველი. |
28 |
ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც
ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში. |
28 |
ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას,
რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა. |
29 |
თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა
ინათლებიან იმათთვის? |
29 |
უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად
მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? |
30 |
ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს? |
30 |
ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა? |
31 |
მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის
იესო ქრისტეს მიერ. |
31 |
მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ
უფლისა ჩუენისა. |
32 |
თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან?
ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით. |
32 |
უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ
მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით! |
33 |
ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს. |
33 |
ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი. |
34 |
ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს.
თქვენდა სარცხვენად ვამბობ. |
34 |
განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს,
საკდემელად თქუენდა ვიტყჳ. |
35 |
მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? |
35 |
არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა
მოვიდენ? |
36 |
უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. |
36 |
უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის. |
37 |
და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია,
იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. |
37 |
და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი
მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი. |
38 |
მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. |
38 |
ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი. |
39 |
ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა -
პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების. |
39 |
არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს
პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ, |
40 |
არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა
- მიწიერთა. |
40 |
და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა
მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ. |
41 |
სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით
ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით. |
41 |
სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს
ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, |
42 |
ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. |
42 |
ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; |
43 |
ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. |
43 |
დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების
ძლიერებით; |
44 |
ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და
არის სხეული სულიერი. |
44 |
დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს
ჴორცი სულიერი. |
45 |
ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი
- ცხოველმყოფელ სულად. |
45 |
ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო
უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად. |
46 |
მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. |
46 |
არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი. |
47 |
პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. |
47 |
პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. |
48 |
როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. |
48 |
ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა
ზეცისაგანნი იგი. |
49 |
და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. |
49 |
და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი
ზეცისაგანისაჲ. |
50 |
ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს,
და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. |
50 |
ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად
ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს. |
51 |
აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი
შევიცვლებით, - |
51 |
აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო
ყოველნივე განვახლდეთ |
52 |
ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც
ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. |
52 |
მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და
მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. |
53 |
რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს
უკვდავება. |
53 |
რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად
უკუდავებაჲ. |
54 |
ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს
უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; |
54 |
ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს
უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. |
55 |
სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ |
55 |
სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? |
56 |
ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული. |
56 |
რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული. |
57 |
მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. |
57 |
ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა
ჩუენისა. |
58 |
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად
მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე. |
58 |
ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით
საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს
უფლისა მიერ. |