1 |
რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს
დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. |
1 |
ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა
გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით. |
2 |
კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც
შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება. |
2 |
ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა
დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე,
მაშინღა იქმნას შეკრებაჲ. |
3 |
ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს
წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ
იერუსალიმს. |
3 |
ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ
წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ. |
4 |
თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად
წამოვლენ. |
4 |
და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ. |
5 |
ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას,
რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე. |
5 |
ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ
მაკედონიას განვჰვლი. |
6 |
შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც
გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ. |
6 |
და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ
და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი. |
7 |
რადგან ამჯერად არ მინდა გავლით გინახულოთ, არამედ იმედი
მაქვს, რომ, თუკი უფალი ინებებს, რამდენიმე ხანს დავყოფ თქვენთან. |
7 |
რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი; ხოლო ვესავ
რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს. |
8 |
ეფესოში კი ორმოცდაათობამდე დავრჩები. |
8 |
ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე. |
9 |
ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან
მოწინააღმდეგენიც. |
9 |
რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან. |
10 |
ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს,
ისევე, როგორც მე. |
10 |
და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა
უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე. |
11 |
ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი. |
11 |
ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი, და წარმომიგზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს იგი
ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა. |
12 |
ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად
არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის. |
12 |
ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა;
და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს. |
13 |
იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. |
13 |
მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით; |
14 |
სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. |
14 |
ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ. |
15 |
ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა
თავი; |
15 |
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს
პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი. |
16 |
შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის
მიმართ. |
16 |
რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა. |
17 |
გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს
თქვენი სიშორე, |
17 |
ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ
თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, |
18 |
ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. |
18 |
რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი. |
19 |
მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და
პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. |
19 |
გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და
პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით. |
20 |
მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. |
20 |
გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. |
21 |
მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. |
21 |
კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. |
22 |
ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! |
22 |
რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა. |
23 |
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. |
23 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. |
24 |
ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ. |
24 |
სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტე იესუჲს მიერ. ამინ. |