ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით; |
1 |
და მე მო-რაჲ-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ. |
2 | რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა. | 2 | რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული. |
3 | და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში. | 3 | და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ. |
4 | ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა, | 4 | და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა, |
5 | რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა. | 5 | რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა. |
6 | სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, | 6 | ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, |
7 | არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; | 7 | არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა. |
8 | სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. | 8 | რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა. |
9 | არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. | 9 | არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. |
10 | ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. | 10 | ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა. |
11 | და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა. | 11 | რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან. |
12 | ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. | 12 | ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა; |
13 | ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს. | 13 | რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ. |
14 | მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო. | 14 | ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ. |
15 | ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება. | 15 | ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის. |
16 | რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს. | 16 | რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს. |