1 |
ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ
გაეკარება ქალს. |
1 |
ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე
არა-ხებაჲ.
|
2 |
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი
ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. |
2 |
ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და
თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ. |
3 |
ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. |
3 |
ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა
ცოლი - ქმარსა. |
4 |
ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც
ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. |
4 |
ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი;
ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. |
5 |
ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და
დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს,
რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. |
5 |
ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ
რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე
იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. |
6 |
თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. |
6 |
ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით. |
7 |
რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა
ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე. |
7 |
რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი;
არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და
რომელსამე ეგრეთ. |
8 |
დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ
ჩემსავით დარჩნენ. |
8 |
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა,
უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. |
9 |
მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ,
რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. |
9 |
ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე
განჴურვებაჲ. |
10 |
ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. |
10 |
ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა
განშორებად. |
11 |
მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს
ცოლს. |
11 |
ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა
ნუ დაუტევებნ. |
12 |
დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და
ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. |
12 |
ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და
მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. |
13 |
ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ
მიატოვებს მას. |
13 |
და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ
დაუტევებნ ქმარსა მას. |
14 |
რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი -
მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი
არიან. |
14 |
რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების
ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი
არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან. |
15 |
ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა
ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
|
15 |
ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი
გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. |
16 |
რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს? |
16 |
რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო,
აცხოვნო თუ ცოლი შენი? |
17 |
არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე
ვუწესებ ყველა ეკლესიას. |
17 |
არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა
უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ. |
18 |
წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად
იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს. |
18 |
წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ
წინადაიცუეთნ. |
19 |
წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა
ყველაფერი. |
19 |
წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ
მცნებათა ღმრთისათაჲ. |
20 |
ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. |
20 |
კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ. |
21 |
მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე
ისარგებლე ამით. |
21 |
მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად,
უფროჲსღა იჴუმიე. |
22 |
რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად
ხმობილი - ქრისტეს მონაა. |
22 |
რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს;
ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი. |
23 |
სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად. |
23 |
სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა. |
24 |
ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. |
24 |
კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ. |
25 |
უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი,
როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. |
25 |
ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა
შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ. |
26 |
მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. |
26 |
მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ
უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს. |
27 |
ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. |
27 |
შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. |
28 |
მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს;
მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. |
28 |
იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ
თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები. |
29 |
აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც
უცოლონი, |
29 |
ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა
ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს; |
30 |
თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი -
როგორც არას მქონენი; |
30 |
და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა
უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა; |
31 |
ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს
ხატი. |
31 |
და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს
არს ხატი ამის სოფლისაჲ. |
32 |
მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. |
32 |
და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა,
ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა, |
33 |
ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. |
33 |
ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა. |
34 |
განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა
სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს
ქმარს. |
34 |
განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა
იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი
სათნო-ეყოს ქმარსა. |
35 |
ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ
იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. |
35 |
ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ
შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად. |
36 |
ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს,
როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. |
36 |
უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ
ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ. |
37 |
ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით
იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა,
კარგად იქცევა. |
37 |
ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და
ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად
თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. |
38 |
ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს,
კიდევ უფრო უკეთ იქცევა. |
38 |
და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა
იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს. |
39 |
ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა,
თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. |
39 |
დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ
მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ. |
40 |
მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც,
ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული. |
40 |
ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ,
ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე. |