1 |
მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და
ყოველგვარი ავსიტყვაობა. |
1 |
განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და
ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ. |
2 |
როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე,
რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის. |
2 |
ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის
უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ. |
3 |
ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, |
3 |
უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, |
4 |
რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან
უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს. |
4 |
რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი
კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან. |
5 |
როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად,
წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს
მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს. |
5 |
და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად
სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა
ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ. |
6 |
რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში
ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. |
6 |
რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს
შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა
მიმართ, არსადა ჰრცხუენეს. |
7 |
ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ
მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა,
მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“ |
7 |
თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს
- ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ
შებრკოლების და კლდე საცთურების, |
8 |
მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი
იყო გამიზნული. |
8 |
რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა
ზედა დაესხნეს. |
9 |
ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება,
წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან
გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. |
9 |
ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული,
რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა
მას ნათელსა მისსა. |
10 |
ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ
შეწყალებულნი. |
10 |
რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა
შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით. |
11 |
საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ
გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ. |
11 |
საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის
თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა. |
12 |
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად
გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი
მოხილვის დღეს. |
12 |
სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან
თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ
ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა. |
13 |
ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც
უზენაეს მბრძანებელს, |
13 |
დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა
უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; |
14 |
გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და
კეთილის მოქმედთა საქებად.
|
14 |
გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის
მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. |
15 |
ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა
უმეცრებას. |
15 |
რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა
უმეცრებასა. |
16 |
როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას,
არამედ არიან, როგორც ღვთის მონები. |
16 |
ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე,
არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი |
17 |
პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. |
17 |
ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით. |
18 |
მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ
არამედ მკაცრთაც. |
18 |
მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და
ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. |
19 |
რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს
სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. |
19 |
რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს
დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით. |
20 |
მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო
თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე. |
20 |
რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ
უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. |
21 |
ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი,
რათა მისდიოთ მის კვალს. |
21 |
და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა
ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა; |
22 |
არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, |
22 |
რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; |
23 |
ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ
თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს; |
23 |
რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა
მართალი იგი მსაჯულსა; |
24 |
ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ
სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. |
24 |
რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა
განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით. |
25 |
ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი
სულების ზედამხედველს. |
25 |
რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის
მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა. |