ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე, |
1 | ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ, |
2 | როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას. | 2 | ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა, |
3 | დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, | 3 | რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ, |
4 | არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. | 4 | არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან. |
5 | ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. | 5 | რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, |
6 | ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. | 6 | ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა. |
7 | და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. | 7 | ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა. |
8 | და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით. | 8 | ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ. |
9 | ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ. | 9 | ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ. |
10 | რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; | 10 | რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ ზაკუვასა, |
11 | ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას. | 11 | მოიქეცინ ბოროტისაგან, ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას, |
12 |
რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ. |
12 | რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა. |
13 | ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? | 13 | და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნენით? |
14 | მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. | 14 | და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხარ, ხოლო შიშისა მის მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. |
15 | არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. | 15 | არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით. |
16 | წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. | 16 | გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა. |
17 | ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის. | 17 | რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა ბოროტსა თუ იქმოდით. |
18 | რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, | 18 | რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, |
19 | რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, | 19 | რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. |
20 | გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. | 20 | რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან. |
21 | ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით, | 21 | რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა, |
22 | რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი. | 22 | რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი. |