1 |
უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ
ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. |
1 |
რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე
პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს. |
2 |
რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ
მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი
მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე. |
2 |
რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ,
რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან
და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და
ნუგეშინის-სცემდ. |
3 |
ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო
ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, |
3 |
უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს
სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის
მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, |
4 |
მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და
ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური
ეჭვი, |
4 |
განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს
ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი,
გმობანი, იჭუნი ბოროტნი, |
5 |
გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა
ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. |
5 |
გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და
ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს
ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან. |
6 |
თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი
შენაძენია. |
6 |
ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ
უნაკლულოებით. |
7 |
რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა,
ვერც რას წავიღებთ. |
7 |
რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა
განღებად რას ჴელ-გუეწიფების. |
8 |
თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ. |
8 |
ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ
კმა-ვიყოფდეთ ჩუენ. |
9 |
ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და
ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი
ხდებიან. |
9 |
ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა
მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და
წარსაწყმედელად. |
10 |
რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ
ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. |
10 |
რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული
უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა
მრავალთა. |
11 |
შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას,
თვინიერებას; |
11 |
ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის
მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა; |
12 |
იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ
ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე. |
12 |
მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ,
რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა. |
13 |
გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს
წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, - |
13 |
გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა,
რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ |
14 |
წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე, |
14 |
დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტესა, |
15 |
რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და
უფლებათა უფალი, |
15 |
რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან
მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, |
16 |
ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს
არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო
ძალმოსილება. ამინ. |
16 |
რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ
იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი
საუკუნოჲ. ამინ. |
17 |
მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი
ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; |
17 |
მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა
მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად
საშუებელად, |
18 |
რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ,
ხელგაშლილნი, |
18 |
კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ,
ეზიარებოდედ, |
19 |
და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო
სიცოცხლეს. |
19 |
და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა
შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა. |
20 |
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და
ცრუმეცნიერების უკუღმართობას, |
20 |
ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და
სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა, |
21 |
რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ. |
21 |
რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ. |