ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: |
1 |
მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ. |
2 | ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. | 2 | ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი. |
3 | ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. | 3 | რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ. |
4 | რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. | 4 | რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ |
5 | მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. | 5 | და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, |
6 | ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. | 6 | და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ. |
7 | დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. | 7 | კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი. |
8 | რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი? | 8 | რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს, |
9 | მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. | 9 | ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით. |
10 | შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო. | 10 | რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. |
11 | ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით. | 11 | და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა. |
12 | რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან. | 12 | რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ. |
13 | ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. | 13 | ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე. |
14 | ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით. | 14 | რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. |
15 | არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. | 15 | არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, |
16 | ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. | 16 | მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. |
17 | ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. | 17 | ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ. |
18 | რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი. | 18 | რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს. |