ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. |
1 |
და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა. |
2 | რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? | 2 | რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ? |
3 | სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. | 3 | და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს. |
4 | ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. | 4 | რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ. |
5 | ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. | 5 | ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა. |
6 | მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. | 6 | კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ. |
7 | ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. | 7 | ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. |
8 | ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. | 8 | ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული. |
9 | მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. | 9 | რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა? |
10 | ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე. | 10 | ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა, |
11 | რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. | 11 | რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ. |
12 | ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, - | 12 | ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ, |
13 | ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. | 13 | არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად. |
14 | მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; | 14 | ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა. |
15 | რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. | 15 | რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: |
16 | ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი? | 16 | რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? |
17 | ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ. | 17 | რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ. |