ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. |
1 |
ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ. |
2 | რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. | 2 | რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ. |
3 | ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. | 3 | ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი, |
4 | არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, | 4 | არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა |
5 | გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, | 5 | და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა |
6 | სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, | 6 | და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, |
7 | ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, | 7 | სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა, |
8 | სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. | 8 | დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი; |
9 | თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; | 9 | ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი; |
10 | თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. | 10 | ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს. |
11 | ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული. | 11 | პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ არს. |
12 | ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში. | 12 | არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა. |
13 | თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით. | 13 | მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა. |
14 | ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? | 14 | ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? |
15 | რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? | 15 | ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? |
16 | რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. | 16 | ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. |
17 | ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ. | 17 | ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ. |
18 | მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი. | 18 | და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი. |