ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით. |
1 |
ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა. |
2 | შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ. | 2 | შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ. |
3 | განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ. | 3 | არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად. |
4 | დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი. | 4 | მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა. |
5 | რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში. | 5 | და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი. |
6 | მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით; | 6 | არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა; |
7 | და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე. | 7 | არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე. |
8 | ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. | 8 | რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ. |
9 | ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. | 9 | აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან. |
10 | ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. | 10 | რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს. |
11 | რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. | 11 | რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას. |
12 | ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე. | 12 | და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა. |
13 | ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს. | 13 | ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან. |
14 | ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ. | 14 | რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა. |
15 | თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. | 15 | და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი. |
16 | ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ. | 16 | მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის. |