ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. |
1 | იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა. |
2 | ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. | 2 | და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის. |
3 | ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას. | 3 | და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის. |
4 | რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; | 4 | უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად. |
5 | თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; | 5 | და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია. |
6 | თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, | 6 | და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა. |
7 | ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, | 7 | და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა. |
8 | (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), - | 8 | რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა. |
9 | მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად; | 9 | იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს. |
10 | უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი. | 10 | უფროჲს-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ. |
11 | მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე. | 11 | სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ. |
12 |
ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან. |
12 | ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ. |
13 | ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. | 13 | და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან. |
14 | მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა. | 14 | თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი. |
15 | წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. | 15 | დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა. |
16 | მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე. | 16 | მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ |
17 | ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი. | 17 | ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს. |
18 | ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ. | 18 | რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან. |
19 | თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა. | 19 | თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ. |
20 | რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია. | 20 | რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. |
21 | უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. | 21 | უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა. |
22 | სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა. | 22 | შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა. |