1 |
მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის
ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. |
1 |
და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი
ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. |
2 |
ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან
მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს. |
2 |
და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე
და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ
დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე |
3 |
მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე
იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. |
3 |
და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და
წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. |
4 |
ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან
დედამიწის უფლის წინაშე. |
4 |
ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი,
მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. |
5 |
თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი
პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ
უნდა იქნეს. |
5 |
და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან
მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ
ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. |
6 |
მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს
მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა
სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ. |
6 |
ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს
დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა,
რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა
ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. |
7 |
ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან
ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. |
7 |
და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი
აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. |
8 |
მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც
სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. |
8 |
და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა,
რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი
ჯუარს-ეცუა. |
9 |
სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი
სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის
ნებას. |
9 |
და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ,
და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. |
10 |
დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და
ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა
დედამიწის მკვიდრნი. |
10 |
და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ
ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. |
11 |
მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე
დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. |
11 |
და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ
თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი
ჰხედვიდეს მათ. |
12 |
და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ
ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. |
12 |
და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად
ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. |
13 |
იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი
დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ
და დიდება მიაგეს ცის ღმერთს. |
13 |
მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა
მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ
ღმერთსა ცათასა. |
14 |
მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება. |
14 |
ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე. |
15 |
მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში
გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს
სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. |
15 |
და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა,
რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ. |
16 |
ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის
წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. |
16 |
და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა
საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა, |
17 |
და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო,
რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი
და დაამკვიდრე შენი სუფევა. |
17 |
და თქუეს: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ, და
რომელი-ეგე იყავ, რამეთუ მიიღე ძალი ეგე შენი დიდი და ჰსუფევ. |
18 |
წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა
სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის
მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი. |
18 |
და წარმართნი განრისხნეს. და მოვიდა რისხვაჲ შენი და ჟამი მკუდართა შჯისაჲ, და
მიცემად სასყიდელი მონათა შენთა - წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა და მოშიშთა
სახელისა შენისათა, მცირეთა და დიდთა. |
19 |
მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი
აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და
სასტიკი სეტყვა. |
19 |
და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ
ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი. |