1 |
და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი,
რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. |
1 |
და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას
ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ
დაწერილი შუბლთა ზედა მათთა. |
2 |
და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და
როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა,
რომელნიც უკრავენ ქნარზე. |
2 |
და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და
ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა
მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. |
3 |
და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი
ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას
ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით. |
3 |
და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე
ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა
მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან. |
4 |
ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან,
რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ
უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც
პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. |
4 |
ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს,
რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა
ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და
კრავისა. |
5 |
მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან. |
5 |
და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან
წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა. |
6 |
და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც
ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი
ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. |
6 |
და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა,
და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა
ზედა და ტომთა, და ენათა და წარმართთა. |
7 |
და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ
მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც
შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი. |
7 |
იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას
დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას,
რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი. |
8 |
მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო,
დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი
სიძვის რისხვისა. |
8 |
და სხუაჲ, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა,
დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა
მისისა ასუა ყოველთა წარმართთა. |
9 |
მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა:
ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს
მისი ნიშნით, |
9 |
და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა
თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა
მისსა, |
10 |
ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს
მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა
ანგელოზთა და კრავის წინაშე. |
10 |
მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად
სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე
წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა. |
11 |
კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ
ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით
აღბეჭდილთ. |
11 |
და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს
განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ
მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ. |
12 |
აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის
მცნებებს და იესოს რწმენას. |
12 |
აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ
იესუჲსი. |
13 |
და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ
არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული,
- რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი. |
13 |
და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი,
რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ
შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა. |
14 |
გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე,
კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი
ნამგალი. |
14 |
და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა
კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი
აღლესული. |
15 |
გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე
მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და
მოიწია სამკალი ქვეყნად. |
15 |
და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას
ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და
განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ. |
16 |
ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა
ქვეყანა. |
16 |
და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ. |
17 |
სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც
მჭრელი ნამგალი. |
17 |
და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი
მახჳლი. |
18 |
გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა
ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ
მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად. |
18 |
და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა
ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ
მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ
დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ. |
19 |
დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები
ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში. |
19 |
და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და
შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა. |
20 |
დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი
საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის
მანძილზე. |
20 |
და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან
ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს. |