1 |
და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი
წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა. |
1 |
და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი,
რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა
აღესრულა გულისწყრომაჲ ღმრთისაჲ. |
2 |
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის,
მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ
და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები. |
2 |
და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და
რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა,
მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ. |
3 |
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და
საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო,
ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო! |
3 |
და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და
გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი,
უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი,
მეუფეო წმიდათაო. |
4 |
ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს?
ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და
თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი. |
4 |
ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა?
რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და
თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს. |
5 |
შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი
მოწმობის კარვისა ცაში. |
5 |
და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი
კარვისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა. |
6 |
გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ
წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე
ოქროს სარტყლით შემოგარსულნი. |
6 |
და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი
იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და
მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ. |
7 |
ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს
შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი. |
7 |
და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ
ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა,
რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე. |
8 |
და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების
კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა
შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი. |
8 |
და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და
ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის
აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი. |