1 |
შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი
ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით. |
1 |
შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა
ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. |
2 |
შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი,
დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და
ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა. |
2 |
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი,
და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და
საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა, |
3 |
რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა
ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ
მისი ფუფუნების სიუხვით. |
3 |
რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს
ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი
ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს. |
4 |
და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი,
მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი
წყლულებით. |
4 |
და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით
მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა
მისთაგან არა მიიღოთ. |
5 |
რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა
ღმერთმა უსამართლობა მისი. |
5 |
რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა
ღმერთმან უსჯულოებანი მისნი. |
6 |
მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ,
ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას. |
6 |
მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი
იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ
გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი. |
7 |
რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით,
იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ,
ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას. |
7 |
ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა
მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად
და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო. |
8 |
ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი,
გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი,
რომელიც განიკითხავს მას. |
8 |
ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი,
გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი,
რომელმან განიკითხა იგი. |
9 |
იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი,
რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი
ხანძრის კვამლს. |
9 |
და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი,
რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას
ჴურვებისა მისისასა. |
10 |
და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი,
ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა
შენი განკითხვა. |
10 |
შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან:
ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა
მოვიდა საშჯელი შენი. |
11 |
ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო,
რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, |
11 |
და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა,
რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს. |
12 |
ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და
მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და
სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ
მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, |
12 |
არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა
პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და
ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ,
და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და
მარმარილოჲსა |
13 |
დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს,
ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს. |
13 |
და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და
იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი. |
14 |
შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე
და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ. |
14 |
და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და
ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე
ყოველნი. |
15 |
ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან,
შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ. |
15 |
ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან,
შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ |
16 |
და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და
ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო. |
16 |
და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და
პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და
მარგალიტითა! |
17 |
რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და
ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა; |
17 |
რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და
ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა
ზედა, შორით დგეს. |
18 |
და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი
ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს? |
18 |
და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს:
ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! |
19 |
თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ:
ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც
ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა. |
19 |
და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით
და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს
ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა!
რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა. |
20 |
ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და
წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას. |
20 |
იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და
წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან. |
21 |
ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის
მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი
ქალაქი, და აღარ იქნება. |
21 |
და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა
წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ,
ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს. |
22 |
მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა
აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და
დოლაბის ხმა მიწყდება შენში. |
22 |
და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და
მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა
ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ
შორის. |
23 |
აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა
ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი
გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი. |
23 |
და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ
სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს
მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი
წარმართნი. |
24 |
და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ
ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი. |
24 |
და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი
იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა. |